10 საზარელი ტრაგედია ფეხბურთის ისტორიაში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

10 საზარელი ტრაგედია ფეხბურთის ისტორიაში


10 საზარელი ტრაგედია ფეხბურთის ისტორიაში

ფეხბურთი არის მოვლენა, რომელსაც უდიდესი ბედნიერება მოაქვს თითოეული მოთამაშისთვისა და გულშემატკივრისთვის. სამწუხაროდ, გამონაკლისები აქაც გვხვდება. ისტორიის მანძილზე სხვადასხვა დროს არაერთი შემზარავი მომენტი მოხდა, რომელიც ავიაკასტროფებისა და სტადიონზე მომხდარი არეულობით იყო გამოწვეული. იყო შემთხვევები, როდესაც ტრაგედიის შედეგად მთლიანი გუნდებიც კი განადგურებულა. გავიხსენოთ ყველაზე სამწუხარო ფაქტები ფეხბურთის ისტორიიდან.

10. მედელინის ტრაგედია (2016 წლის, 28 ნოემბერი)

10 საზარელი ტრაგედია ფეხბურთის ისტორიაში

ავიალაინერი " Avro RJ85"-ი ასრულებდა რეისს სანტა კრუზი-მედელინი. ბორტზე იყო ეკიპაჟის 9 წევრი და 68 მგზავრი, მათ შორის იყვნენ საფეხბურთო კლუბ "შაპეკოენსეს" მოთამაშეები. 30 ნოემბერს ბრაზილიურ გუნდი სამხრეთ ამერიკის თასის ფინალში უნდა წარსდგენილიყო "ატლეტიკო ნასიონალის" წინააღმდეგ. მედელინთან მოახლოების დროს თვითმფრინავი კლდეს შეეჯახა და აფეთქდა. გარდაიცვალა 71 ადამიანი, მათ შორის "შაპოკოენსეს" 20 ფეხბურთელი.

9. ორი თვითმფრინავის შეჯახება დნეპროპეტროვსკის თავზე (1979 წლის, 11 აგვისტო)

10 საზარელი ტრაგედია ფეხბურთის ისტორიაში

ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კატასტროფა. 8400 მეტრ სიმაღლეზე ერთმანეთს შეეჯახა ორი ავიალაინერი, რის შედეგად ჯამში 178 ადამიანი გარდაიცვალა. ბორტზე იმყოფებოდა ტაშკენტის "ფახთაქორის" 17 ფეხბურთელი, რომელიც მინსკში მიფრინავდა მატჩის გასამართად. აღნიშნულმა ავიაკატასტროფამ ფართო რეზონანსი გამოიწვია საბჭოთა სივრცეში, "ფახთაქორი" კი სოლიდარობის ნიშნად 3 წლით დატოვეს უმაღლეს ლიგაში.

8. ხანძარი ბრედფორდში (1985 წლის, 11 მაისი)

10 საზარელი ტრაგედია ფეხბურთის ისტორიაში

ინგლისის მე-3 დივიზიონის ერთ-ერთი ლიდერი "ბრედფორდი" საკუთარ მოედანზე "ლინკოლნს" ეთამაშებოდა, როდესაც პირველი ტაიმის მე-40 წუთზე "ველეი პერეიდის" სტადიონზე ხანძარი გაჩნდა. იმ დროს ინგლისის ტელე-ეთერში უკვე არსებობდა პირდაპირი ტრანსლაციები, ასე რომ ტრაგედიას მთელი ქვეყანა ადევნებდა თვალს. ხანძრის გაჩენის მიზეზი სკამებს შორის ჩაგდებული ანთებული სიგარეტი აღმოჩნდა, რის შედეგად გარდაიცვალა 56 ადამიანი, 265-მა კი დაზიანება მიიღო.



7. მასობრივი არეულობა "აიბროქსის" სტადიონზე (1971 წლის, 2 იანვარი)

10 საზარელი ტრაგედია ფეხბურთის ისტორიაში

ყველაზე ტრაგიკული და სისხლიანი დერბი ფეხბურთის ისტორიაში. "რეინჯერსი" თავის უპრინციპულეს მეტოქეს "სელტიკს" მასპინძლობდა და პირველი ტაიმის მსვლელობისას 0:1-ს აგებდა. იმედგაცრუებული ფანები სტადიონის დასატოვებლად ემზადებოდნენ და მე-13 გასასვლელისკენ აიღეს კურსი, თუმცა მოულოდნელად "რეინჯერებმა" გაათანაბრეს, გახარებულმა ქომაგებმა დაბრუნება გადაწყვიტეს მაგრამ გზად სხვა გულშემატკივრების ნაკადს შეეჯახნენ, რის შედეგადაც მასობრივი წყლეტვა დაიწყო. გარდაიცვალა 66 ადამიანი, 150-მა კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.

6. პარამარიბოს კატასტროფა (1989 წლის, 7 ივნისი)

10 საზარელი ტრაგედია ფეხბურთის ისტორიაში

თვითმფრინავი ამსტერდამიდან-პარამარიბოში მიფრინავდა იმისთვის, რომ სურინამული წარმოშობის ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელებს პარამარიბოში საქველმოქმედო მატჩი გაემართათ. აეროპორტის მახლობლად პილოტმა შეცდომა დაუშვა, რის შედეგადაც თვითმფრინავი ხეს შეეჯახა და წარუმატებლად დაეშვა. გარდაიცვალა 176 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ბორტზე უნდა ყოფილიყვნენ რუუდ გულიტი, ფრანკ რაიკაარდი, აარონ ვინტერი და ბრაიან როი, თუმცა აღნიშნულმა მოთამაშეებმა ცოტა ხნით ადრე უარი თქვეს საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის მიღებაზე.

5. ჰილსბროს ტრაგედია (1989 წლის, 15 აპრილი)

10 საზარელი ტრაგედია ფეხბურთის ისტორიაში

იწყებოდა ინგლისის თასის 1/2 ფინალური მატჩი "ლივერპულსა" და "ნოტინგემ ფორესტს" შორის, თუმცა მერსისაიდელი გულშემატკივრები ვერ ახერხებდნენ საცობის გამო სტადიონამდე მიღწევას. ამის მიუხედავად, შეხვედრა მაინც დაიწყო, ფანებმა კი ტრიბუნებზე შეღწევა ერთდროულად გადაწყვიტეს, რის შედეგადაც წარმოიქმნა ჭყლეტვა, რომელმაც 76 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 966-მა გულშემატკივარმა კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. ამ ტრაგედიის შემდეგ, "ლივერპულის" გერბზე ორი ჩირაღდანი გაჩნდა, რომელიც გარდაცვლილი ქომაგების ხსოვნას მიუძღვნეს.

4. მასობრივი არეულობა ლიმაში (1964 წლის, 24 მაისი)

10 საზარელი ტრაგედია ფეხბურთის ისტორიაში

პერუ საკუთარ კედლებში არგენტინას იღებდა, სასწორზე კი ოლიმპიური თამაშების საგზური იდგა. შეხვედრის ბოლო წუთებზე პერუელებმა ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა მსაჯმა გოლი არ ჩათვალა, რის გამოც ტრიბუნებზე ვნებათაღელვა დაიწყო. გულშემატკივრებმა ცეცხლი წაუკიდეს სკამებს და დაიწყეს ბოთლების სროლა. პოლიციამ აჯანწყებულთა დასამორჩილებლად ცრემლსადენი აირი გამოიყენა, რის შედეგადაც სტადიონზე არეულობამ და ჭყლეტვამ იფეთქა. გარდაიცვალა 328 გულშემატკივარი, 4000-მდე ადამიანმა კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.

3. სუპერგას კატასტროფა (1949 წლის, 4 მაისი)

10 საზარელი ტრაგედია ფეხბურთის ისტორიაში

პირველი ავიაკასტროფა ფეხბურთის ისტორიაში, რომელშიც დაიღუპნენ "ტორინოს" მოთამაშეები. "ხარები" იმ დროს მთელ იტალიას აზანზარებდნენ, გუნდმა 5 სკუდეტო ზედიზედ მოიგო. სწორედ "ტორინოს" ფეხბურთელებისგან იყო შემდგარი "სკუადრა აძურას" ძირითადი ბირთვი, თუმცა 1949 წელს იტალია საუკეთესო ფეხბურთელების გარეშე დარჩა. ტურინული კლუბი ლისაბონიდან ბრუნდებოდა, როდესაც თვითმფრინავის პილოტმა ცუდი ხილვადობის გამო შეცდომა დაუშვა, რომელიც მას საშინელ ფასად დაუჯდა. გარდაიცვალა 31 ადამიანი, მათ შორის "ტორინოს" მთლიანი გუნდიც.

2. ეიზელის ტრაგედია (1985 წლის, 29 მაისი)

10 საზარელი ტრაგედია ფეხბურთის ისტორიაში

ჩემპიონთა თასის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს ევროპის იმ დროინდელი საუკეთესო კლუბები ეთამაშებოდნენ - "ლივერპული" და "იუვენტუსი". მატჩის მსვლელობის დროს ინგლისელმა გულშემატკივრებმა იტალიელებს შეუტიეს მათ ტრიბუნაზე გადაძვრნენ, რის შედეგადაც ტრიბუნამ ვერ გაძლო და ჩამოინგრა. საზარელ ტრაგედიას 39 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 600-მა კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. ამის მიუხედავად, მატჩი ცოტა ხანში მაინც გაგრძელდა, რომელშიც გამარჯვებული "იუვენტუსი" გამოვიდა. უეფამ 5 წლით მოკვეთა ინგლისური კლუბები ევროტურნირებს, "ლივერპული" კი 6-ით.



1. მიუნხენის ტრაგედია (1958 წლის, 6 თებერვალი)

10 საზარელი ტრაგედია ფეხბურთის ისტორიაში

კატასტროფა, რომელმაც ინგლისური ფეხბურთის ყველაზე ნიჭიერი თაობა შეიწირა. "მანჩესტერ იუნაიტედს" საუკეთესო ახალგაზრდები ჰყავდა, რომელთა მწვრთნელი ლეგენდარული მეტ ბასბი იყო. გუნდის საშუალო ასაკი მხოლოდ 21 წელს შეადგენდა. "წითელი ეშმაკები" ბელგრადიდან ბრუნდებოდნენ, საწვავის ჩასხმის მიზნით კი მიუნხენში გაჩერდნენ, თუმცა იქიდან თვითმფრინავმა აფრენა ვეღარ შესძლო. ლაინერი დიდთოვლობაში მოექცა, დაკარგა სიჩქარე და შენობას შეეჯახა. შედეგად, 23 გარდაცვლილი და 19 დაზარალებული. ბასბი გადარჩა, მასთან ერთად კი 19 წლის ბობი ჩარლტონიც. მოგვიანებით მათ მაინც შეძლეს "მანჩესტერისთვისა" და მთლიანი ინგლისისთვისაც სიხარულის მოტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები