ჩემპიონთა ლიგა: რეალი სეზონის გადარჩენისთვის იბრძოლებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩემპიონთა ლიგა: რეალი სეზონის გადარჩენისთვის იბრძოლებს


ჩემპიონთა ლიგა: რეალი სეზონის გადარჩენისთვის იბრძოლებს

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართება, მათ შორის მთავარი დაპირისპირება - "პარი სენ ჟერმენი" მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ.

"სამეფო კლუბისა" და პარიზელების შეხვედრას მთელი მსოფლიო სულმოუთმენლად ელოდება. ტურნირის ორი ფავორიტი ერთმანეთს ნაადრევ სტადიაზე შეხვდა, თანაც ამ ბრძოლის მოგება ორივე გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რეალი - პსჟ

დაწყების დრო: 23:45 საათი
სტადიონი: "სანტიაგო ბერნაბეუ", მადრიდი
მთავარი მსაჯი: ჯანლუკა როკი

მადრიდის "რეალისთვის" ჩემპიონთა ლიგა მიმდინარე სეზონის გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობაა, ამიტომ "სამეფო კლუბისთვის" პარიზელებთან ორი მატჩი უმნიშვნელოვანესი იქნება. ზინედინ ზიდანმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ზედიზედ ორჯერ მოიგო და ხსნა კვლავ ფინალისკენ მიმავალი გზაა, რომელიც ამჯერად კიევში მიდის.

ჩემპიონთა ლიგა: რეალი სეზონის გადარჩენისთვის იბრძოლებს

"ბლანკოსმა" "პსჟ-სთან" პირველი მატჩის წინ კარგი ფორმა აკრიფა და მიუხედავად თასიდან გამოვარდნისა და "ლევანტესთან" ფრისა, მოიგო სამი თამაში, რომლებშიც სულ 16 გოლის გატანა მოახერხა. გასულ უქმეებზე მადრიდელებმა შინ "რეალ სოსიედადი" 5:2 გაანადგურეს და კრიშტიანუ რონალდუმ ჰეთ-თრიქი გაიფორმა.

ჯგუფურ ეტაპზე "რეალმა" არადამაჯერებელი ფეხბურთი აჩვენა და "ტოტენჰემთან" ლონდონში მარცხის გამო მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა. თუმცა ესპანურ გრანდს ამ სეზონში ტიტულის მოგების ერთადერთი შანსი აქვს და ეს ამ კლუბის საყვარელი ტურნირი ჩემპიონთა ლიგაა.

მადრიდის "რეალი" სეზონის გადარჩენას ეცდება, ხოლო "პარი სენ ჟერმენი" - უსერიოზულესი განაცხადის გაკეთებას. პარიზელები მიმდინარე სეზონში ყველაფრის მოგებას აპირებენ და იმ გუნდის დამარცხება, რომელმაც ბოლო 4 წელიწადში ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო, გადამწყვეტი გასროლა იქნება, რომელიც ფრანგებს უდიდეს რწმენასა და ენერგიას მისცემს.

ჩემპიონთა ლიგა: რეალი სეზონის გადარჩენისთვის იბრძოლებს

უნაი ემერის გუნდი დიდებულ ფორმაშია და 6 მატჩიანი გამარჯვებების სერია აქვს. გასულ უქმეებზე "პსჟ-მ" გაჭირვებით, მაგრამ ნეიმარის გოლით "ტულუზა" 1:0 დაამარცხა და ეროვნულ ჩემპიონატში უპირატესობა 15 ქულამდე გაზარდა.

"პსჟ-ს" უბრალოდ ფენომენალური შეტევითი ხაზი ჰყავს: მბაპე-კავანი-ნეიმარის სამეულის გარდა ემერის განკარგულებაში ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ანხელ დი მარია და იულიან დრაქსლერიც არიან. პარიზული კლუბისთვის ეს უნიკალური შანსია იმისათვის, რომ საკუთარი ძალები საბოლოოდ განიმტკიცოს.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩემპიონთა ლიგა: რეალი სეზონის გადარჩენისთვის იბრძოლებს

მადრიდულ გრანდს დღეს დისკვალიფიკაციის გამო ესპანელი მარჯვენა მცველი, დანი კარვახალი, დააკლდება. ეს კი სერიოზული დანაკლისია - მის ადგილს ნაჩო ფერნანდესი დაიკავებს. კარვახალის გარდა, "რეალს" ხესუს ვალიეხოც (ბარძაყი) ვერ დაეხმარება, მაგრამ ეს პრობლემა არ არის.

"პარი სენ ჟერმენს" კი მხოლოდ ვეტერანი საყრდენი ნახევარმცველი, ტიაგო მოტა, არ ეყოლება. მოსალოდნელია, რომ მოედნის ცენტრში რაბიოსა და ვერატისთან ერთად ზამთრის ახალწვეული, ლასანა დიარა, ითამაშებს და ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება.

რეალი: ნავასი; ნაჩო, რამოსი, ვარანი, მარსელო; კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი; ბეილი, რონალდუ, ბენზემა.

პსჟ: არეოლა; ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, ბერჩიჩე; ვერატი, დიარა, რაბიო; მბაპე, კავანი, ნეიმარი.

საინტერესო ფაქტები

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგა 2015/16 წლების სეზონში გაიმართა. ჯგუფურ ეტაპზე პარიზში უგოლო ფრე დაფიქსირდა, მადრიდში კი ესპანელებმა ნაჩოს გოლით 1:0 იმარჯვეს. საბოლოოდ, "რეალმა" ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და პარიზელებს 3 ქულით გაასწრო.

"პსჟ-ს" მადრიდული გრანდი ევროთასებიდან ზედიზედ ორ სეზონში ჰყავს გამოგდებული: 1992/93 წლების უეფას თასის მეოთხედფინალში (1:3 გასვლა, 4:1 სახლი) და 1993/94 წლების უეფას თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალში (1:0 გასვლა, 1:1 სახლი).

"სამეფო კლუბი" ეცდება, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მერვედ გავიდეს. მერვეფინალში "რეალის" სტატისტიკა არც ისე სახარბიელოა: 8 მოგება, 6 მარცხი. ეს 6 მარცხი "სამეფო კლუბმა" 2005-2010 წლებში ერთმანეთის მიყოლებით განიცადა.

ჩემპიონთა ლიგის ბოლო 39 საშინაო თამაშიდან "სამეფო კლუბმა" მხოლოდ 1 წააგო და 33 გამარჯვება მოიპოვა.

მადრიდის "რეალს" ფრანგულ კლუბებთან 9 მატჩიანი წაუგებელი სერია (6 მოგება, 3 ფრე) აქვს. ამ პერიოდში მათ 15 გოლი გაიტანეს და არცერთი არ გაუშვიათ.

ჩემპიონთა ლიგა: რეალი სეზონის გადარჩენისთვის იბრძოლებს

ბოლო ფრანგული გუნდი, რომელმაც "რეალი" დაამარცხა, ლიონის "ოლიმპიკი" იყო და ეს 2009/10 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, მოხდა. ლიონელებმა შინ 1:0 იმარჯვეს, სტუმრად ფრეს (1:1) მიაღწიეს და "რეალი" ტურნირიდან გამოაგდეს.

მადრიდულმა გრანდმა საკუთარ მოედანე ფრანგული კლუბების წინააღმდეგ მხოლოდ 1 მატჩი წააგო (10 მოგება, 3 ფრე) და ეგეც 1994 წელს "პსჟ-სთან".

"პარი სენ ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში ზედიზედ მეექვსედ გავიდა. პირველ ოთხ შემთხვევაში ფრანგებმა ეს სტადია წარმატებით გადალახეს, მაგრამ გასულ სეზონში "ბარსელონასთან" დრამატულად დამარცხდნენ (4:0 შინ და 1:6 გასვლაზე).

ჩემპიონთა ლიგა: რეალი სეზონის გადარჩენისთვის იბრძოლებს

პარიზულ კლუბს ესპანეთში ბოლო 4 თამაში აქვს წაგებო, საერთო ჯამში კი 4 მოგება, 2 ფრე და 7 მარცხი აქვს.

"პსჟ-ს" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე პირველი მატჩი არასოდეს წაუგია: 4 მოგება და 1 ფრე.

ანხელ დი მარია და ლასანა დიარა თავის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდებიან. არგენტინელი "რეალის" ღირსებას 2010-2015 წლებში იცავდა, ხოლო ფრანგი - 2008-2013 წლებში.


მეორე თამაში "დრაგაოზე" გაიმართება - პორტუგალიას იურგენ კლოპის ენერგიული და შემტევი "ლივერპული" ეწვევა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში 9 წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს.

პორტუ - ლივერპული

დაწყების დრო: 23:45 საათი
სტადიონი: "დრაგაო", პორტუ
მთავარი მსაჯი: დანიელე ორსატო

"პორტუ" პორტუგალიის ეროვნულ ჩემპიონატში დაუმარცხებელია და 55 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. სერჟიო კონსეისაოს გუნდი მშვენიერ ფორმაშია და "ლივერპულთან" პირველ მატჩს ზედიზედ სამი გამარჯვებით ხვდება.

"დრაკონების" შემადგენლობაში გამორჩეული ვარსკვლავები ან ტალანტები არ არიან, მაგრამ "პორტუს" აფრიკელი შემტევები: ბრაიმი, მარეგა და აბუბაქარი ჩინებულ ფორმაში არიან. "პორტუ" საკმაოდ მებრძოლი და საინტერესო გუნდია, რომელიც საკუთარ მოედანზე ყოველთვის ანგარიშგასაწევი ძალა იყო.

ჩემპიონთა ლიგა: რეალი სეზონის გადარჩენისთვის იბრძოლებს

"ლივერპულმა" ჯგუფურ ეტაპზე ძალიან მხიარული თამაში აჩვენა და ახლა ეცდება, რომ ჩემპიონთა ლიგის გიჟური საღამოები უკვე ფლეი-ოფის ეტაპზე მოაწყოს.

იურგენ კლოპის გუნდმა გასულ უქმეებზე "საუთჰემპტონი" ულამაზეს სტილში 2:0 დაამარცხა, ოთხეულში ადგილი გაიმყარა და ახლა ჩემპიონთა ლიგაზე გადმოერთვება. მოჰამედ სალაჰი კვლავ ფენომენალურ ფორმაშია, რომელსაც ბოლო პერიოდში რობერტო ფირმინო შესანიშნავად უგებს და მერსესაიდელების მთავარი ძალა კვლავ შეტევითი ხაზია.

სავარაუდო შემადგენლობები

"პორტუს" პირველ თამაშში ორი უკანა ხაზელი დააკლდება: დისკვალიფიკაცირებული ცენტრალური მცველი ფელიპე და საყრდენი დანილო, რომელსაც ბარძაყის პრობლემები აქვს.

"ლივერპულს" დისკვალიფიკაციის გამო ემრე ჩანი ვერ დაეხმარება, ნათანიელ კლაინმა კი ძალები აღიდგინა და შესაძლოა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდეს.

პორტუ: ჟოზე სა; მაქსი ფერეირა, მარკანო, რეიესი, ალექს ტელესი; რიკარდო, ოლივეირა, ერერა; ბრაიმი, მარეგა, სოარეში.

ლივერპული: კარიუსი; ალექსანდრ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი; ჩემბერლენი, ჰენდერსონი, ვიინალდუმი; სალაჰი, ფირმინო, მანე.

საინტერესო ფაქტები

"პორტუ" და "ლივერპული" აქამდე ერთმანეთს ოთხჯერ დაუპირისპირდნენ და პორტუგალიელებს არცერთი გამარჯვება არ მოუპოვებიათ: 2 ფრე და 2 წაგება.

2000/01 წლების სეზონში "პორტუ" ჟერარ ულიეს ლეგენდარულმა "ლივერპულმა" უეფას თასის 1/4 ფინალში დაამარცხა: სტუმრად 0:0, შინ 2:0 და საბოლოოდ მერსესაილებმა ტურნირიც მოიგეს.

ბოლოს კი ამ გუნდების გზები 2007/08 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადაიკვეთა. პორტუში მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ლივერპულში კი მასპინძლებმა 4:1 იმარჯვეს.

"პორტუს" სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში უარყოფითია: 3 მოგება და 6 წაგება.

პორტუგალიური კლუბი შინ ინგლისური გუნდების წინააღმდეგ კარგად ასპარეზობს: 8 მოგება, 6 ფრე და 3 წაგება.

"პორტუმ" ევროთასებზე ბოლო 10 საშინაო თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო და 4 მარცხი განიცადა.

ჩემპიონთა ლიგა: რეალი სეზონის გადარჩენისთვის იბრძოლებს

მერსესაიდული გრანდი ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში 2009 წლის შემდეგ პირველად გავიდა. მაშინ, 2008/09 წლების სეზონში, "წითლებმა" მადრიდის "რეალი" 5:0 (1:0 გასვლა, 4:0 სახლი) გაანადგურეს.

საერთო ჯამში "ლივერპულს" 1/8 ფინალურ ეტაპზე ხუთჯერ აქვს ნათამაშები და მხოლოდ ერთხელ ვერ მოახერხა მომდევნო სტადიაზე გასვლა.

"ლივერპულს" პორტუგალიაში უარყოფითი ბალანსი აქვს: 2 მოგება, 3 ფრე და 4 წაგება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები