ექტორმა, რომლითაც ბაიერნი ინტერესდებოდა, ბოლოადგილოსან კიოლნთან გაახანგრძლივა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ექტორმა, რომლითაც ბაიერნი ინტერესდებოდა, ბოლოადგილოსან კიოლნთან გაახანგრძლივა


ექტორმა, რომლითაც ბაიერნი ინტერესდებოდა, ბოლოადგილოსან კიოლნთან გაახანგრძლივა

გერმანიის ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი, იონას ექტორი, კარიერას დიდი ალბათობით გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გააგრძელებს.

იონას ექტორმა, რომლის შეძენა მიუნხენის "ბაიერნსა" და დორტმუნდის "ბორუსიას" სურდათ, ბუნდესლიგის ბოლოადგილოსან "კიოლნთან" გაახანგრძლივა კონტრაქტი.

გერმანული კლუბის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ ექტორი გუნდში 2023 წლამდე დარჩება. "კიოლნი" ახლა, ბუნდესლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, 22 ქულით ბოლო ადგილზეა და გადამრჩენ ზონას 8 ქულით ჩამორჩება.

"სწორედ "კიოლნის" წყალობით გავიარე გზა რეგიონალ-ლიგიდან გერმანიის ეროვნულ ნაკრებამდე.

ამ კლუბთან ძალიან მჭიდრო კავშირი მაქვს და "კიოლნი" უზომოდ მიყვარს. გარდა ამისა, კიოლნში საკმაოდ კომფორტულად ვცხოვრობ.

ამ სეზონის შემდეგ რომელიმე სხვა კლუბში გადასვლა ჩემთვის პრობლემა არ იყო, მაგრამ უბრალოდ არასწორი იქნებოდა.

მე ამ კლუბს და ამ კლუბის ფანებს ვეკუთვნი", - განაცხადა 27 წლის გერმანელმა.

იონას ექტორი "კიოლნის" აღზრდილია და პირველ გუნდში 2012 წლიდან ირიცხება - მას შემდეგ "თხების" მაისურით 170 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

ექტორი გერმანიის ნაკრების ძირითადი მარცხენა მცველი 2014 წლიდან არის და "ბუნდესთიმის" რიგებში 36 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები