კიევისთვის ბრძოლა იწყება: ლივერპული რომას მასპინძლობს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კიევისთვის ბრძოლა იწყება: ლივერპული რომას მასპინძლობს


კიევისთვის ბრძოლა იწყება: ლივერპული რომას მასპინძლობს

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტი ბრძოლები იწყება და კიევისკენ გზა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება.

ამ საღამოს ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/2 ფინალური მატჩი გაიმართება და "ლივერპული" საკუთარ მოედანზე მთავარი სენსაციის შემოქმედ "რომას" დაუპირისპირდება.

დაწყების დრო: 22:45 საათი
სტადიონი: "ენფილდი", ლივერპული
მთავარი მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

"ლივერპულმა" მეოთხედფინალურ ეტაპზე "მანჩესტერ სიტისთან" ფანტასტიკური ფეხბურთი აჩვენა და პეპ გვარდიოლას გუნდი ორი მატჩის ჯამში 5:1 გაანადგურა. ახლა "წითლები" ეცდებიან, რომ "ენფილდზე" კარგი შედეგი მოიპოვონ.

"რომამ" კი ისტორია გადაწერა და სასწაული ჩაიდინა - რომაელებმა "კამპ ნოუზე" 1:4 წაგების შემდეგ "ბარსელონა" შინ 3:0 გაანადგურეს და 1/2 ფინალში 34 წლიანი პაუზის შემდეგ გავიდნენ.

მერსესაიდულ გრანდს შიდა ჩემპიონატში ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე განაღდებული აქვს, "რომას" კი წინ კიდევ სერიოზული ბრძოლა აქვს, მაგრამ ამ საღამოს ორივე გუნდი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე იფიქრებს.

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული: კარიუსი; არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი; ჩემბერლენი, ჰენდერსონი, მილნერი; სალაჰი, ფირმინო, მანე.

მატჩს გამოტოვებენ: ლალანა (ბარძაყი), მატიპი (ბარძაყი), ჩანი (ზურგი).

რომა: ალისონი; ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი; დე როსი, სტროტმანი, ნაინგოლანი; პეროტი, ჯეკო, უნდერი.

მატჩს გამოტოვებენ: კარსდორპი (მუხლი), დეფრელი (მუხლი).

საინტერესო ფაქტები

"ლივერპულს" ჩემპიონთა თასის/ლიგის ნახევარფინალში აქამდე 10-ჯერ აქვს ნათამაშები და ფინალში გასვლა 7-ჯერ მოახერხა.

"რომასთვის" კი ეს ისტორიაში მხოლოდ მეორე ნახევარფინალია 1983/84 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც "მგლებმა" ჩემპიონთა თასზე საშინაო ფინალი ითამაშეს.

მერსესაიდულ გრანდს ფლეი-ოფში იტალიურ კლუბებთან 4 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს, ხოლო "რომას" ინგლისურ კლუბებთან - 3 მოგება და 6 წაგება, თანაც ზედიზედ.

"ლივერპულს" საკუთარ მოედანზე სერია ა-ს გუნდებთან დადებითი ბალანსი აქვს: 6 მოგება, 0 ფრე და 4 წაგება.

ნახევარფინალს მონატრებულები

კიევისთვის ბრძოლა იწყება: ლივერპული რომას მასპინძლობს

"ლივერპულისა" და "რომას" ნახევარფინალური პაექრობა დიდ ინტერესს იმის გამოც იწვევს, რომ ამ გუნდებს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ამ სტადიაზე დიდი ხანია არ უთამაშიათ.

მერსესაიდული გრანდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 10 წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა - ბოლოს "წითლები" 4 უძლიერეს გუნდს შორის 2007/08 წლების სეზონში მოხვდნენ და ლონდონის "ჩელსისთან" დრამატულ ბრძოლაში 3:4 დამარცხდნენ.

"ლივერპულის" ბოლო 1/2 ფინალი ჩემპიონთა ლიგაზე


რაც შეეხება "რომას", იტალიურმა კლუბმა 1/2 ფინალში აქამდე მხოლოდ ერთხელ - 1983/84 წლების სეზონში იასპარეზა, როდესაც ტურნირს ჩემპიონთა თასი ერქვა და მაშინაც მცირე სასწაული მოახდინა. "მგლებმა" შოტლანდიურ "დანდი იუნაიტედთან" პირველი მატჩი სტუმრად 0:2 წააგეს, შინ კი 3:0 იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ.

1984 წლის ფინალის გამეორება

კიევისთვის ბრძოლა იწყება: ლივერპული რომას მასპინძლობს

ამ გუნდების გზები ევროთასებზე აქამდე სამჯერ გადაიკვეთა და ჩემპიონთა ლიგის ეპოქაში მხოლოდ ერთხელ - 2001/02 წლების სეზონის მეორე ჯგუფურ ეტაპზე. მაშინ მერსესაიდელებმა იტალიური კლუბი შინ 2:0 დაამარცხეს, რომში კი მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

მანამდე, 2001/02 წლების უეფას თასის მეოთხე წრეში ამ გუნდებს შორის ძალიან საინტერესო ორთაბრძოლა გაიმართა. რომში "ლივერპულმა" 2:0 იმარჯვა და საპასუხო მატჩი შინ 0:1 წააგო, მაგრამ შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა და საბოლოოდ, ტურნირის ჩემპიონიც გახდა.

"რომასა" და "ლივერპულის" მთავარი დაპირისპირება კი რა თქმა უნდა 1984 წლის ჩემპიონთა თასის ფინალია - რომში მასპინძლებმა ისტორიული მატჩი წააგეს. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, პენალტებში კი ჯო ფაგანის გუნდმა 4:2 იმარჯვა და ჩემპიონთა თასი ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა.

1984 წლის ჩემპიონთა თასის ფინალი - რომა 1:1 (2:4 პენ.) ლივერპული


მო სალაჰი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ

კიევისთვის ბრძოლა იწყება: ლივერპული რომას მასპინძლობს

ამ დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა "ლივერპულის" ეგვიპტელი შემტევი - მოჰამედ სალაჰია, რომელიც მერსესაიდულ გრანდს სწორედ "რომადან" შეუერთდა და საოცარი პროგრესი განიცადა.

რომში მო სალაჰმა ორ სეზონში 34 ბურთი გაიტანა, ხოლო "ლივერპულის" მაისურით არასრულ სადებიუტო სეზონში უკვე 41 ბურთის გატანა მოახერხა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

ახლა კი სალაჰი თავის ყოფილ გუნდსა და თანაგუნდელებს დაუპირისპირდება, რომლებიც ახლახანს დატოვა.

კლოპი Vs დი ფრანჩესკო

კიევისთვის ბრძოლა იწყება: ლივერპული რომას მასპინძლობს

ამ შეხვედრის დამატებითი ინტრიგა ორი საოცრად ემოციური და ქარიზმატული სპეციალისტის დაპირისპირება იქნება - იურგენ კლოპისა და ეუსებიო დი ფრანჩესკოსი.

იურგენისა და ეუსებიოს სათამაშო სტილები ერთანეთს რაღაცით ჰგავს - ორივე გუნდს უყვარს მაღალი პრესინგი, სისწრაფეზე თამაში და აგრეთვე ხასიათის გამოვლენა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები