ფეხბურთი სკოლებში - საფეხბურთო ეკიპირება რეგიონის საჯარო სკოლებს გადაეცემა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფეხბურთი სკოლებში - საფეხბურთო ეკიპირება რეგიონის საჯარო სკოლებს გადაეცემა


ფეხბურთი სკოლებში - საფეხბურთო ეკიპირება რეგიონის საჯარო სკოლებს გადაეცემა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უპრეცედენტო პროექტი “ფეხბურთი სკოლებში“ გრძელდება. საქართველოის ფეხბურთის ფედერაცია პროექტის ამ ეტაპზე რეგიონის საჯარო სკოლებს საფეხბურთო ვარჯიშების ჩასატარებლად შესაბამის ეკიპირებასა და ატრიბუტიკას გადასცემს.

პროცესი თვის დასაწყისში კახეთიდან დაიწყო - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მასობრივი ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შესაბამისი საფეხბურთო აღჭურვილობა კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონალურ რესურს-ცენტრებს უკვე გადასცეს.

18 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გორის რესურს-ცენტრს პირადად ესტუმრა. ლევან კობიაშვილი რამდენიმე საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებლებს შეხვდა და პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრა. სფფ-ის პრეზიდენტმა სასწავლო პროცესში მასწავლებელთა როლზე გაამახვილა ყურადღება და ასევე სახელმწიფოს ერთერთი უპირველესი პრიორიტეტი - ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სპორტულ აქტივობებში ახალგაზრდების ჩართვის აუცილებლობაც აღნიშნა.

„თქვენ იცით, თუ რამხელა მნიშვნელობას ვანიჭებთ თითოეული ჩვენგანი ფეხბურთის მასობრიობას და რამდენად მნიშვნელოვანია ეს არამხოლოდ სპორტის ამ სახეობის განვითარებისათვის, არამედ ზოგადად, ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებისა და მათი ჯანმრთელობისთვის. მიხარია, რომ ეს სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენის მხრივ, პირობას გაძლევთ, რომ მუდმივად იგრძნობთ ჩვენს მხარდაჭერას, ხოლო თქვენგან პრობლემებზე ხშირ საუბარსა და ვითარების გასაუმჯობესებელი გზების ერთად ძიებას ვითხოვთ. წარმატებას გისურვებთ სასწავლო პროცესში, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის მთავარი ძალაც თქვენ ხართ,“- აღნიშნა ლევან კობიაშვილმა

პროექტის მნიშვნელობაზე სპორტის მასწავლებლებმაც ისაუბრეს. გორის 1 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლების დავით ტეტუნაშვილის თქმით, ასეთი ინიციატივები ძალიან დიდი მოტივაციაა მათთვის და იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ეს პროექტი საშუალებას აძლევს სრულიად უფასოდ ისწავლონ ურთიერთობა ბურთთან და შეიყვარონ ფეხბურთი.

ეკიპირების დარიგების პროცესი მომავალი კვირიდან იმერეთის რეგიონით განახლდება. ივნისის ბოლომდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყველა რეგიონის ათვისებას გეგმავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები