გიჟი ისლანდიელი კომენტატორის ისტორია – სანდრო ცნობილაძის ბლოგი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გიჟი ისლანდიელი კომენტატორის ისტორია – სანდრო ცნობილაძის ბლოგი


გიჟი ისლანდიელი კომენტატორის ისტორია – სანდრო ცნობილაძის ბლოგი

ევრო 2016-ზე თამაშების გარდა, რომლებსაც ბებერ და სხვა კონტინენტებზეც უყურებენ, დიდი ინტერესი ახლავს ისეთ ვიდეოებსაც, რომლებიც მაყურებლების რეაქციებს, სტადიონის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, ჟურნალისტების მუშაობას ასახავს. ძირითადად მსგავსი ვიდეოები ინტერნეტის მეშვეობით ვრცელდება. ამ კვირის მანძილზე ინტერნეტ სივრცე ისლანდიელი სატელევიზიო კომენტატორის რეაქციამ „ააფეთქა“. მსგავს მოვლენას ფეხბურთის მოყვარულნი უფრო სამხრეთ ამერიკელებისგან ვართ მიჩვეულნი მაგალითად უგო მორალესისგან, რომლის კომენტარიც და ემოციაც მარადონას მიერ ინგლისის ნაკრების კარში გატანილ მეორე გოლზე აგერ უკვე 30 წელია ჰიტია.



41 წლის გუდმუნდურ ბენედიკტსონი ისლანდიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, მან სამწვრთნელო საქმეს მოკიდა ხელი და ამჟამად ისლანდიური კლუბის „რეიკიავიკის“ მთავარი მწვრთნელია. საინტერესოა, რომ ავსტრიის ნაკრებთან ჩატარებული ისტორიული მატჩის მერე იგი მომენტალურად სამშობლოში გაემგზავრა, სადაც მის გუნდს „აკრანესთან“ მორიგი ტურის შეხვედრა ჰქონდა ჩასატარებელი. სხვათა შორის თამაში „რეიკიავიკმა“ 1:2 წააგო.

„ტელეფონი არ ჩერდება. ესაა ერთადერთი რაც ჩემს ახლანდელ ცხოვრებას წინასგან განასხვავებს. რამდენიმე ინტერვიუ უკვე მივეცი. ველაპარაკე BBC-ის ჟურნალისტსაც, მაგრამ ყველას ვერ დაველაპარაკები. მომენტზე რომელიც ავსტრიის ნაკრებთან შეხვედრისას დადგა, მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, მაგრამ აქამდე ისლანდია მსგავს წარმატებასთან ახლოსაც კი არასდროს ყოფილა“

ისლანდიური ენა ყველას არ ესმის. ამიტომ ვიდეოს მაყურებლების დიდმა ნაწილმა ვერ გაიგო ის თუ რა იყვირა იმ მომენტში ბენედიკტსონმა. „ძალიან დიდი თავისუფალი სივრცეა!!! ტეოდორ ელმარი (ბიარნასონი) მოედნის ამ ნაწილში მარტოა!!! ისინი სამნი ორის წინააღმდეგ გადიან!!! ემი!!! გაიქეცი საჯარიმოში!!! ემი!!! აააააა!!! YES YES YES YES ჩვენ ვიგებთ!!! გავდივართ 1/8 ფინალში!!! ვამარცხებთ ავსტრიას!!! ხმა ჩამივარდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს!!! ჩვენ გავედით!!! არნორ ტრაუსტარსონმა გაიტანა!!! ისლადია ორი, ავსტრია ერთი!!!“

გუდმუნდურს 19 წლის შვილი ალბერტი ჰყავს. ეს უკანასკნელი „პსვ“-ს ახალგაზრდულ გუნდშია. ალბერტს ძალიან კარგი საფეხბურთო გენიოლოგია აქვს. დედამისი ისლანდიის ქალთა ნაკრების ყოფილი მოთამაშეა, ბაბუა ანუ დედის მამა ასევე საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი იყო, ხოლო დიდი ბაბუა კი საერთოდ პირველი პროფესიონალი ისლანდიელი ფეხბურთელია, რომელსაც „მილანში“ და „არსენალში“ აქვს ნათამაშები, ხოლო კარიერის დასრულების შემდეგ კი ფინანსთა მინისტრი იყო.

ხვალ ისლანდიის ეროვნული ნაკრები 1/8 ფინალში ინგლისელებს დაუპირისპირდება. დიდი ალბათობით ამ მატჩის კომენტატორიც გუდმუნდურ ბენედიკტსონი იქნება. მთელი საფეხბურთო ევროპა მისი მონაწილეობით მორიგი ვირუსული ვიდეოს მოლოდინშია.

სანდრო ცნობილაძე, სპეციალურად GOAL.GE–სთვის



ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები