უკრაინელების მეგრული ნანა არ შედგა ანუ გაქცეული პატარძალი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

უკრაინელების მეგრული ნანა არ შედგა ანუ გაქცეული პატარძალი


უკრაინელების მეგრული ნანა არ შედგა ანუ გაქცეული პატარძალი

ზუგდიდის "ზუგდიდიდან" ლეგიონერების გაშვებაც დაიწყეს. გუნდი ორ აფრიკელსა და ერთ ესპანელს დაატოვებინეს. გავიხსენოთ, როგორ დაიწყო ყველაფერი.

მას შემდეგ, რაც მეგრული კლუბი ე.წ. ინვესტორებს გადააბარეს, ქართული ბირთვი კლუბდან დაითხოვეს, ახალმა ხელმძღვანელობამ აქცენტი ლეგიონერებზე გააკეთა, მათ შორის ისეთებზე, რომლებსაც პროფესიული ფეხბურთი არც კი ჰქონდათ ნათამაშები.

ადეკვატურია ის შედეგიც, რაც ეროვნულ ჩემპიონატში "ზუგდიდს" აქვს. არცერთი მოგებული შეხვედრა და არცერთი ქულა. ადგილობრივ ქომაგს თვალები კარგად აუხვიეს. გიორგი დემეტრაძე, რომელსაც კლუბში ერთ-ერთი წამყვანი პოსტი უნდა დაეკავებინა, goal.ge-სთან საუბარში აცხადებდა, რომ მომავალ წელს გუნდს ევროპაზე გაიყვანდნენ, ამას დაპირდნენ გულშემატკივარსაც, რომელთა გულები მოიგეს დაპირებით, ევროტურნირებზე გასვლით თამაშებზე ატარებდნენ, თუმცა, სავარაუდოდ, ზუგდიდელებს, პირველი ლიგის მატჩებზე მოუხდებათ სიარული.

მეგრელებმა, ზამთრის შეკრებაზე ასი ათას ლარზე მეტი დახარჯეს, შეკრებაგავლილი ფეხბურთელებიდან დღეს "ზუგდიდში" მხოლოდ ხუთი ადამიანი ირიცხება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფული უბრალოდ გადაიყარა. გაშვებულ ფეხბურთელებთან ფინანსური ვალდებულებები დარჩა, რაც გადასახდელია. ჩამოყვანილ დაბალი დონის ლეგიონერებს კი ხუთნიშნა ხელფასები დაუნიშნეს და ფონდიდან ჩარიცხული მცირე თანხა მხოლოდ მათ მისცეს, ქართველები კი ისე დატოვეს, ამის გამო ზუგდიდში არეულობა იყო. ხელმძღვანელობამ ვადა პარასკევამდე ითხოვა და ფეხბურთელებს დავალიანების გასტუმრებას დაპირდა, თუმცა ეს დაპირება არ შესრულებულა, გუნდი კი სავარჯიშოდ გასვლას აღარ აპირებს. თუ ეს პრობლემები არ მოგვარდება, "ზუგდიდისთვის" "საბურთალოსთან" თამაში ბოლო იქნება ეროვნულ ჩემპიონატში.

დიდი ხანია გუნდში აღარ გამოჩენილა ბატონი სიროტა, რომელმაც საქართველო ქუთაისის აეროპორტიდან დატოვა და მოგვიანებით შემოუთვალა ქართველებს, ფინანსური კრიზისი მაქვსო და ვეღარ ჩამოვალო.

როგორც გაირკვა, კლუბი ისე გადასცეს უკრაინელებს, რომ დოკუმენტაცია ბოლომდე გამართული არ არის. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან "ზუგდიდი" მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა და მისი კერძო ინვესტორისთვის გადაცემა გრძელვადიანი პროცესი უნდა ყოფილიყო.

სავარაუდოა, რომ ზუგდიდის მერს უკრაინელებისგან შემოსავლის იმედი ჰქონდა და ასე სწრაფად დათმო კლუბი და დარჩა იმედგაცრუებული, თავად უკრაინელ ინვესტორს კი, დიდი ალბათობით ფონდის მიერ დარიცხული ფულის ჯიბეში ჩადება დაბალი დონის მოთამაშეებით უნდოდა, რომელთაც მსხვილი ხელფასები დაუნიშნეს. მერის მოტივი ისიც უნდა ყოფილიყო, რომ თურქული შეკრებისთვის დახარჯულ ძალიან დიდ თანხაზე პასუხისგებას აცდებოდა, მაგრამ ძალიან იჩქარეს.

ფაქტია, რომ უკრაინელი ინვესტორი, ზუგდიდურ კლუბში არაფრის დახარჯვას არ აპირებს და მას აქცენტი მხოლოდ ფულის აქედან წაღებაზე ჰქონდა. გასაკვირი რა არის? ეს ადამიანები არაერთხელ მოექცნენ მედიის ყურადღების ცენტრში უკრაინაში, სადაც მათ ბრალი თანხების გაფლანგვასა და მითვისებაში ედებოდათ. სამწუხაროდ, ქალაქ ზუგდიდის მესვეურებს ეს საკითხი საერთოდ არ აინტერესებდათ. "ზუგდიდი" არარენტაბელური იყო. დეკემბრის ბოლომდე დასახარჯი თანხები, დიდი ხნის წინ დაიხარჯა და ახლა რეალობა გვაქვს შემდეგი - ორივე მხარე (მერი, ინვესტორი) "იმედგაცრუებულები" არიან, განზრახვების ფინანსური ნაწილი ჩაიშალა. გუნდი უმაღლესი ლიგიდან ვარდება და ე.წ. ინვესტორებს ახლა თავიანთი მოთამაშეები მიჰყავთ გუნდიდან.

სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ამ ქვეყანაში, არც ფედერაციას, არც ფონდს და არც ადგილობრივ თვითმმართველობებს არ აინტერესებთ, ვის ხელში შეიძლება ჩავარდეს გუნდი, არანაირი კრიტერიუმი და პირობა არ არსებობს, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კლუბი გადაეცემა ინვესტორს. სწორედ ნიჰილიზმმა მიგვიყვანა აქამდე და სწორედ არასწორმა პოლიტიკამ და მენეჯმენტმა დაღუპა ქართული ფეხბურთი. სანამ კლუბების დირექტორები, ინვესტორების მოსვლამდე, საკუთარ თავებს ხელშეკრულებებს გაუგრძელებენ, ხელფასებს მოიმატებენ და მათ განზრახ დასაძირად ავტობუსებს დააგვიანებენ გუნდებისთვის, ნამდვილად არაფერი გვეშველება, განსაკუთრებით "ზუგდიდს". ვინ იცის, თავს ვინ ამოიცნობს ამ ბოლო წინადადებაში!

უკრაინელების მეგრული "ნანა" აშკარად არ შედგა, "გაქცეული პატარძალიც" ნანახი გექნებათ...

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები