დრამატული მეცხრე ტური » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დრამატული მეცხრე ტური


დრამატული მეცხრე ტური

ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრები, როგორც თეთრ, ისე წითელ ქვეჯგუფში საკმაოდ დრამატული გამოდგა.

ყველაზე საინტერესო და კურიოზული ფაქტი "გურიასა" და "დინამო თბილისს" შორის გამართულ შეხვედრაში დაფიქსირდა. მატჩის 43-ე წუთზე, მთავარმა არბიტრმა, გოგა კიკაჩეიშვილმა მოედნიდან "დინამოელთა" ორი ფეხბურთელი - გიორგი პაპუნაშვილი და რენე ფერეირა ერთმანეთში ფიზიკური დაპირისპირების გამო გააძევა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დედაქალაქურ კლუბში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ამის სურვილი შეიძლება არსებობდეს.

"ცნობილი" ცხვრის ამბის შემდეგ, როგორც ჩანს, ღმერთმა შეისმინა თბილისელთა ვედრება და მიუხედავად იმისა, რომ მთელი მეორე ტაიმი 9 კაცის შემადგენლობით დარჩნენ, მაინც შეძლეს გურულთა კარში გოლის გატანა. ვლადიმერ დვალიშვილმა, "დინამოს" მაისურით, ეროვნულ ჩემპიონატში მეორედ გაიტანა, ერთი ბურთი კი ჭელიძის ანგარიშზეა. გურულებმა, რომლებიც კაცნაკლულები შესვენებაზე დარჩნენ, (გიორგი ჭედია კიკაჩეიშვილმა შესვენებაზე გააძევა), დარჩენილ დროში ღირებული ვერაფერი შექმნეს.

თეთრი ჯგუფის ლიდერმა, საჩხერის "ჩიხურამ" თავის მოედანზე "შუქურასთან" ქულები მოულოდნელად დაკარგა. ქობულეთელები, კობა შალამბერიძის გოლით 39-ე წუთზე დაწინაურდნენ. ანგარიშის გათანაბრება დობროვოლსკიმ მოლოდ 69-ე წუთზე მოახერხა. იმერლები, ჯგუფის ლიდერობას 17 ქულით ინარჩუნებენ.

თეთრი ჯგუფის მესამე თამაში, "ტორპედოსა" და "ლოკომოტივს" შორის, "რამაზ შენგელიაზე" სტარტს 19:00 საათზე აიღებს.

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა წითელ ჯგუფშიც. ბათუმის "დინამომ" საკუთარ მოედანზე ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით წააგო. ფოთელთა რიგებიდან თავი კორობკამ, 53-ე წუთზე გამოიჩინა და როგორც შემდეგ გაირკვა, მატჩის ერთდერთი გოლით, გუნდს მორიგი სამი ქულა და ცხრილში მეორე ადგილი მოუტანა. გელა სანაიას შეგირდები, გარდამავალ ჩემპიონატში საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებიან და ლიდერ "სამტრედიას" მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩებიან.

ისევ ვერ შეძლო ბოლნისის "სიონმა" "სამტრედიასთან" შინ მოგება. არმაზ ჯელაძის გუნდის კარში, რაჟამაშვილმა, ზივზივაძემ და არაბულმა გაიტანეს და 0:3 იმარჯვეს. 18 ქულით, სამტრედიელები წითელ ჯგუფს ლიდერობენ, "სიონს" კი მხოლოდ 5 ქულა აქვს და თუკი, წითელი ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, რომელიც ხვალ,"ზუგდიდსა" და "დილას" შორის გაიმართება და მასპინძლები მოიგებენ, ბოლნისელები ფსკერზე აღმოჩნდებიან და უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები