რამდენიმე თვის წინ, ჩვენ შემოგთავაზეთ ვრცელი სტატია "მილანის" ექს-სელექციონერსა და კიევის "დინამოს" ამჟამინდელ გენერალურ დირექტორზე - რევაზ ჭოხონელიძეზე. სწორედ ქართველმა სკაუტმა განახორციელა ანდრეი შევჩენკოსა და კახა კალაძის ტრანსფერები "როსონერიში".
ამის გარდა, ჭოხონელიძე 90-იანებში იდგა ფაქტიურად ყველა პოსტ-საბჭოთა ფეხბურთელების იტალიაში გადმოყვანის უკან. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდობაში რევაზი თავადაც აგორებდა ბურთს.

1966 წელს ჭოხონელიძემ სსრკ-ს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში მოიგო უეფას სანაკრებო იუნიორთა ტურნირი. მის გვერდით ასპარეზობდნენ: ნოდია, შერგელაშვილი, მეკაშავიძე და ჩოლაძე.
ორი წლის შემდეგ, რევაზი უკვე თბილისის "დინამოს" მთავარ გუნდშიც მოხვდა, თუმცა მაღალი კონკურენციის გამო, ადგილის დამკვიდრება ახალგაზრდა მცველმა ვერ მოახერხა. ჭოხონელიძე წავიდა ქუთაისის "ტორპედოში", სადაც 6 სეზონი ითამაშა.

კარიერის უკანასკნელი პერიოდი ქართველმა გაატარა ლენინგრადის "დინამოში". რევაზი არასდროს ყოფილა ისეთი სახელგანთქმული ფეხბურთელი, როგორც მისი ვარსკვლავური თანამემამულეები თბილისიდან, მას სულ სხვა ოცნება ჰქონდა - მწვრთნელობა.
უნდა ითქვას, რომ 1986 წელს ჭოხონელიძე თავის ნატვრას მიუახლოვდა. რუსეთში მან გაიცნო იტალიელი ტურისტები, რომლებიც აღმოჩნდნენ სერია ბ-ს კლუბების სელექციონერები. აპენინელმა სტუმრებმა ქართველს ურჩიეს კალჩოს რამდენიმე სამწვრთნელო სკოლა. ამის გარდა, სელექციონერები დახმარებასაც შეპირდნენ რევაზს.

იტალიელებმა სიტყვა შეასრულეს - მათი უშუალო შუამდგომლობის წყალობით, ჭოხონელიძე ჩაირიცხა მილანის "ინტერის" მოსამზადებელ აკადემიაში. რევაზი წარმატებით ეუფლებოდა სამწვრთნელო საქმიანობასა და კლუბურ მენეჯმენტს.
"ნერიაძურიმ" ჭოხონელიძე შვეიცარიაში გაუშვა სტაჟირებაზე. ქართველმა ერთი წელი იმუშავა მესაათეების ქვეყანაში და გამოიცვალა 3 გუნდი - "სერვეტი", "გრასჰოპერი" და "ლოზანა". რევაზმა მოახდინა ჯოვანი ელბერის კარიერის რეანიმირება და სონი ანდერსონის ტრანსფერი მარსელის "ოლიმპიკში".

მოგვიანებით, ნიჭიერი სელექციონერით სერიოზულად დაინტერესდა სილვიო ბერლუსკონი, რომელიც ეძებდა საჭირო ადამიანს აღმოსავლეთ ევროპის სატრანსფერო ბაზრის ასათვისებლად. ასე მოხვდა "მილანში" ჭოხონელიძე, რომელმაც "სან სიროზე" გადმოიყვანა შევჩენკო და კალაძე. გთავაზობთ რევაზის კომენტარებს აღნიშნულ ტრანსფერებთან დაკავშირებით:
შევჩენკო -
"ანდრეის 2 წელი ვაკვირდებოდი. დიახ, დიდი დროა. იმაზეც ვფიქრობდი, რომ შეიძლება რომელიმე სხვა კლუბს დაესწრო ჩვენთვის, მაგრამ მე უბრალოდ არ მქონდა შეცდომის დაშვების უფლება, ამიტომც ვფრთხილობდი. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და კონტრაქტის გაფორმების დროსაც სირთულეებს ადგილი არ ჰქონია".
კალაძე -
"კახას ტრანსფერის შესახებ არავის უნდა სცოდნოდა, შევჩენკოსაც კი. ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ მისი ხელში ჩაგდება "ბაიერნსაც" სურდა, ამიტომ გადავწყვიტე მემუშავა მაქსიმალურად ჩუმად"."ჩავფრინდი კიევში და ყველაფერი მოვაგვარე, ნახევარი საათის შემდეგ კი რუმენიგეც ჩამოვიდა, მაგრამ კალაძე იმ მომენტში უკვე "მილანის" ფეხბურთელი იყო. გერმანელი 30 წუთით ადრე რომ დაშვებულიყო, კახას გამო სერიოზული ბრძოლა მომიწევდა".
ჭოხონელიძემ 1996-დან 2007 წლამდე იმუშავა "მილანში", რის შემდეგაც, ის გახდა კიევის "დინამოს" გენერალური დირექტორი. ერთი სიტყვით, რევაზს საკმაოდ წარმატებული და ნაყოფიერი კარიერა გამოუვიდა.
ცხოვრებისეული კანონზომიერება მოითხოვს, რომ ყოველ შემდგარ სპეციალისტს ჰყავდეს მინიმუმ ერთი ე.წ. ჰეიტერი, რომელიც დააკნინებს მის მიღწევებს. ასეთი პერსონაჟი ქართველის გარშემოც არის, მისი სახელია იგორ შალიმოვი.

შალიმოვი იყო ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი პოსტ-საბჭოთა სივრციდან, რომელმაც ევროპული კარიერის გემო შეიგრძნო. რუსი ნახევარმცველი თამაშობდა "ინტერში", "ნაპოლიში", "უდინეზეში", "ბოლონიასა" და კიდევ რამდენიმე გუნდში.
მისი პირველი იტალიური კლუბი იყო "ფოჯა", რომლის შემადგენლობაში შალიმოვი გახდა სერია ა-ს წლის საუკეთესო ლეგიონერი, რამაც მოგვიანებით იგორს "ნერიაძურისკენ" გაუხსნა გზა. რუსის კარიერა დასრულდა 1999 წელს, დოპინგ-სკანდალით.

საბჭოელი ფეხბურთელის კვალობაზე შალიმოვს საკმაოდ ნაყოფიერი რეზიუმე გამოუვიდა, თუმცა ყოფილი ნახევარმცველი მაინც უკმაყოფილოა თავისი განვლილი გზით. რუსი აპენინებზე მომხდარ წარუმატებლობებში ადანაშაულებს სწორედ ჭოხონელიძეს. იგორის თქმით, რევაზმა მას კარიერია დაუნგრია:
"ადაპტაციასთან დაკავშირებული სირთულეების თავიდან ასარიდებლად, საქმე დავიჭირე ჭოხონელიძესთან, რომელიც 1990 წელს გავიცანი, "ატალანტა"-"სპარტაკის" მატჩის შემდეგ. მე არ ვიცოდი ენა და წარმოდგენაც არ მქონდა, თუ რა ცხოვრება სუფევდა იტალიაში, ასე რომ დამხარება მართლაც მჭირდებოდა"."ჭოხონელიძე იმ დროს გვერდში ედგა საბჭოთა მოთამაშეებს თარჯიმნობისა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარების საკითხში. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, თუმცა შემდეგ, როდესაც რევაზმა ითავა ჩემი აგენტობაც, მივხვდი, რომ მწარედ შევცდი"."ერთია აეროპორტში გაცილება და მეორეა მოლაპარაკებების გამართვა. ადმინისტრატორი და აგენტი სულაც არ არის ერთი და იგივე. პროკურატორები ჩახედულები არიან საფეხბურთო ბიზნესში, ისინი ერკვევიან სატრანსფერო ბაზარში და ყველაფერს აკეთებენ კლიენტის სარფიანად მოწყობისთვის"."ჭოხონელიძე ამ ყველაფრის სრული ანტონიმი იყო. "ფოჯაში" თამაშის დროს რევაზმა ბინაც კი ვერ მიშოვა. 4 თვე სასტუმროში ვცხოვრობდი, რის შემდეგაც თავად შევედი კლუბის პრეზიდენტთან და დახმარება ვთხოვე. ჩვენი საუბარი მხოლოდ 5 წუთი გაგრძელდა, მეორე დღეს მე უკვე მქონდა სახლიც და მანქანაც"."რევაზი თან მახლდა "ინტერის" პრეზიდენტთან შეხვედრის დროსაც. მან მაქსიმუმ 10 სიტყვა წარმოთქვა იმ საღამოს, ყველა დეტალი მე და სინიორ პელეგრინიმ თავად მოვაგვარეთ.""როდესაც შვებულებაში ვიმყოფებოდი, "ნერიაძურიმ" გაიფორმა ბერგკამპი და იონკი. მათ კონტრაქტში იყო პუნქტი - ჰოლანდიელებს ყოველთვის ერთად უნდა ეთამაშათ. დენისს გარანტირებული ჰქონდა ძირითადში ადგილი, ესე იგი ვიმსაც, არადა ის ჩემს პოზიციაზე ირჯებოდა.""ჩემი ადგილი გუნდში აღარ იყო. "ინტერმა" იჯარით "უდინეზეში" გამიშვა ისე, რომ ამის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამთ, მათ შორის ჭოხონელიძესაც. კვლავ თავად მომიწია სიტუაციაში ჩარევა და მილანში დარჩენის საკითხის მოგვარება".
საინტერესოა რევაზის პასუხი შალიმოვს:
"იტალიაში ფეხბურთელის ბედს წყვეტენ კლუბის ხელმძღვანელები და არა აგენტები. სწორედ ამიტომ, შევჩენკოსა და კალაძის ტრანსფერების განსახორციელებლად კიევში ჩავედი პირადად მე და არა ვინმე აგენტი"."რაც შეეხება "ინტერში" გადასვლას, პელეგრინისთან შეხვედრაზე უნდა ეზრუნათ "ფოჯას" წარმომადგენლებს. მე რითაც შევძელი, იმით დავეხმარე იგორს. არ ვარ მასზე გაბრაზებული, მესმის, რომ შალიმოვს გაუჭირდა უცხო ქვეყანაში ადაპტირება".
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, იგორმა სამწვრთნელო კარიერას მოჰკიდა ხელი. 2016 წელს მან ჩაიბარა "კრასნოდარი" და გუნდში მოიყვანა თორნიკე ოქრიაშვილი. ქართველმა შემტევმა სწორედ შალიმოვის თავკაცობის პერიოდში გაიტანა თავისი ცნობილი მაკრატელა სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" კარში.
ოქრიაშვილის ულამაზესი მაკრატელა ზენიტის კარშიიგორს ძალიან მოეწონა ოქრის შედევრი:
"თორნიკეს მოედანზე შემოსვლის წინ, ვუთხარი, რომ აუცილებლად უნდა გაეტანა. შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ვარჯიშებზე ის ხშირად ასრულებს ასეთ ილეთებს. ოქრიაშვილი მომზადებული იყო, სხვა მის ადგილას ააცილებდა ან კისერს მოიტეხავდა".შალიმოვი აგრეთვე იმით არის ცნობილი, რომ 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, მან მოაწყო ერთგვარი აჯანყება რუსეთის ნაკრებში, რომელიც მოგვიანებით ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის ჩარევით დასრულდა.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ, რუსეთის ახალშექმნილი ეროვნული გუნდი ჩაიბარა ვიაჩესლავ სადირინმა. ფეხბურთელები უკმაყოფილოები იყვნენ აღნიშნული გადაწყვეტილებით, ისინი ანატოლი ბიშოვეცის დაბრუნებას ითხოვდნენ, რომელმაც სსრკ-ს 1988-ში მოაგებინა ოლიმპიადა.
ცნობისთვის, აღნიშნულ ტურნირზე "წითლების" ერთ-ერთი ლიდერი და ძირითადის უცვლელი წევრი იყო გელა კეტაშვილი. დავუბრუნდეთ შალიმოვს, იგორმა მოიფიქრა რუსეთის საფეხბურთო კავშირისთვის წერილის მიწერა, რომლის არსი იქნებოდა მოთხოვნა - სადირინის გაშვება, ბიშოვეცის დაბრუნება (არსებობს თეორია, რომლის თანახმადაც, წერილი დაიწერა თავად ბიშოვეცის ინიციატივითა და კარნახით).

პეტიციას ხელი მოაწერა ნაკრების 14-მა წევრმა. საფეხბურთო კავშირის უფროსობა გაოგნდა, ისინი თვლიდნენ, რომ მოთამაშეების მოვალეობაში არ შედიოდა მწვრთნელის გაშვება-დარჩენის საკითხის გადაწყვეტა.
შედგა კრება, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ ფეხბურთელები და სხვადასხვა ფუნქციონერები. სხდომას აგრეთვე ესწრებოდა ქართველი კანონიერი ქურდი ოთარ კვანტრიშვილი.

დიდ ხნიანი დებატების შემდეგ, კვანტრიშვილმა და დანარჩენებმა შეაცვლევინეს აზრი რამდენიმე მოთამაშეს. მათ შორის იყვნენ კარპინი, მოსტოვოი და სალენკო, რომელიც მუნდიალზე მოგვიანებით, ერთ მატჩში გაიტანს 5 გოლს და სამუდამოდ შევა ისტორიაში უნიკალური მიღწევით.
რუსეთი-კამერუნი 6:1 (სალენკოს რეკორდული 5 გოლი მუნდიალის ერთ მატჩში)რაც შეეხებათ მოურჯულებლებს, ისინი ნაკრებიდან მოკვეთეს. შალიმოვის გარდა, დასჯილთა სიაში აღმოჩნდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი ანდრეი კანჩელსკისი. იმდროინდელ ნაკრებში აგრეთვე თამაშობდა რუსეთის ამჟამინდელი მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი, თუმცა მან თავიდანვე უარი თქვა შალიმოვის ავანტიურაზე.