ბრაზილიური რაგბის აშკარა პროგრესი: რა უქნეს ახალზელანდიურ შერკინებას და რამდენი მაყურებელი დაესწრო მატჩს? [VIDEO]
თარიღი: ნოემბერი 15, 2018, 02:22
რაგბი ალბათ სპორტის ყველაზე კონსერვატიული და ჩაკეტილი სახეობაა, სადაც არსებობს ელიტური ერები, რომლებიც თითოეულ მნიშვნელოვან სიახლეს რთულად ხვდებიან.
აქედან გამომდინარე, რაგბს მაღალ დონეზე ბევრი ქვეყანა ნამდვილად ვერ თამაშობს. არსებობს პირველი დონის 10 და მეორე დონის 8 გუნდი, ხოლო შემდეგ მესამე ეშელოგის ნაკრებები მოდიან.
მესამე დონის ქვეყნებიდან რამდენიმეს შორის აშკარა პროგრესი შეინიშნება და მათ შორის ერთ-ერთი პირველი ბრაზილიის ნაკრებია. "მსოფლიო რაგბის" ვიცე-პრეზიდენტი აგუსტინ პიშო არგენტინელია. ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ ამერიკის კონტინენტზე რაგბი უფრო პოპულარული გახადოს და მაღალ დონეზე უფრო მეტმა გუნდმა ითამაშოს.
2016 წელს რეფორმა მოხდა ამერიკის კონტინენტის სანაკრებო ტურნირის და ტარდება ამერიკის რაგბი ჩემპიონშიპი, რომელშიც 6 ერი თამაშობს: აშშ, არგენტინა XV (ანუ უახლოესი რეზერვი ძირითადი ნაკრების), ბრაზილია, კანადა, ურუგვაი და ჩილე. გარდა ამისა, არგენტინელი ჩინოვკინები ყველანაირად ცდილობენ, რომ მშობლიური კონტინენტის ქვეყნებს მაღალი დონის ტესტები მისცენ და ამის ნათელი დასტურია "მაორი ოლ ბლექსის" ამერიკული ტურნე.
მკითხველს, რომელიც შედარებით ნაკლებად ერკვევა რაგბიში, ჯერ ავუხსნით, თუ რა არის "მაორი ოლ ბლექსი". ეს არის ახალი ზელანდიის ნაკრები, უძლიერესი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია ძირითადი ნაკრების უახლოესი რეზერვისტებით, რომლებიც ყველაზე ძლიერ საკლუბო ჩემპიონატში, სუპერ რაგბიში თამაშობენ.
ამ ნაკრებმა თავისი პირველი შეხვედრა შორეულ 1888 წელს ჩაატარა, ხოლო მე-20 საუკუნის 40-იანი წლების ბოლოდან თითქმის ყოველ წელს კალენდარულ ტესტ-მატჩებს მართავს. მათ არსებობის განმავლობაში 119 შეხვედრა აქვთ ჩატარებული, საიდანაც 74 მოიგეს, 40 წააგეს და 5 მატჩი ფრედ ითამაშეს. მოუგიათ ისეთი გუნდებისთვის, როგორებიც არიან: ირლანდია, საფრანგეთი, შოტლანდია, ინგლისი, არგენტინა, ავსტრალია და ა.შ. უკანასკნელ წლებში კი იაპონიას (ორჯერ), ფიჯის, აშშ-ის (ორჯერ), ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს (დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული ნაკრები) და კანადას შეხვდნენ და ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან მატჩის გარდა, ყველა მატჩი მოიგეს.
ჰოდა, ეს "მაორი ოლ ბლექსი" შაბათს სან-პაულოში ბრაზილიას ეწვია. სანამ უშუალოდ ამ შეხვედრაზე გადავიდოდეთ, ორიოდე სიტყვით ბრაზილიური რაგბის შესახებ გეტყვით, რომლის შესახებაც, ფეხბურთისგან განსხვავებით ძალიან ცოტას გაუგია, ხოლო კიდევ უფრო ცოტას ესმის.
ბრაზილიაში რაგბი მე-19 საუკუნის მიწურულს ემიგრანტებმა შეიტანეს, თუმცა პირველი საერთაშორისო მატჩი 1950 წელს ურუგვაის წინააღმდეგ გამართეს და 6:8 წააგეს. მათ არასდროს მიუღიათ მონაწილეობა მსოფლიო თასზე.
ეს სპორტი 2005 წლიდან სულ უფრო პოპულარული ხდება ბრაზილიაში და ამ დროისთვის, რეგისტრირებულ მორაგბეთა რაოდენობამ 60000-ს, ხოლო კლუბების რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა. ბრაზილიისთვის წარმატებული გამოდგა 2017 წელი. მათ მარტში მეორე დონის კანადა 24:23 დაამარცხეს, ნოემბერში კი ბელგიაში ადგილობრივ ნაკრებს 23:19 სძლიეს და ევროპულ მიწაზე ისტორიაში პირველი გამარჯვება იზეიმეს. გარდა ამისა, ჰქონდათ მაღალი დონის ტესტი: ბუქარესტში რუმინეთის წინააღმდეგ, რომელიც მართლია 5:56 წააგეს, თუმცა ამ შეხვედრამ დამწყებ ბრაზილიელებს დიდი გამოცდილება მისცათ, პირველ რიგში კი შერკინებაში თამაშში. მათ ახლანდელ შერკინებას კი ქვემოთ კარგად ვნახავთ. აღსანიშნავია, რომ რუმინეთთან დაპირისპირებაში ქართველმა, შოთა თევზაძემ იმსაჯა.
2018 წელს ბრაზილიურმა რაგბმა ახალ წარმატებებს მიაღწია: მათ ხუთიდან ოთხი თამაში წააგეს ამერიკის რაგბი ჩემპიონშიპში და მხოლოდ ჩილეს მოუგეს, სამაგიეროდ, მიაღწიეს ისტორიულ წარმატებას და პირველად მოიგეს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი, სადაც მათ კოლუმბია, ჩილე და არგენტინა XV დაამარცხეს. ბრაზილიელთათვის განსაკუთრებით ძვირფასი ამ უკანასკნელთან გამარჯვება იყო, რომელსაც ბუენოს აირესში 36:33 მოუგო. არადა, არგენტინელთა სარეზერვო გუნდი საწყისი ნახევარი საათის შემდეგ, მეტოქეს 30-ქულიანი სხვაობით, 33:3-ს უგებდა და თითქოს ბრაზილია უნდა განადგურებულიყო, მაგრამ მათ მეორე ნახევარში საოცარი ქამბექი შემოგვთავაზეს, მეორე ტაიმში ხუთი ლელო დადეს, საიდანაც ოთხი ახალზელანდიური ფესვების მქონე მგეზავმა ჯოშ რივზმა გარდასახა, საპასუხოდ ქულა აღარ გაუშვეს და 36:33 იმარჯვეს.
ივლის-აგვისტოში რაგბის ქართველ გულშემატკივარს ბრაზილიის ნაკრების ხილვა თბილისში შეეძლო. 28 ივლისს და 3 აგვისტოს 2018 წლის ზაფხულის თასის მატჩები გაიმართა. პირველ თამაშში ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალისტს "რასინგ 92"-ს დაუპირისპირდნენ და 45:7 წააგეს. ბრაზილიელებმა უდიდესი გამოცდილება მიიღეს უმაღლესი დონის მეტოქისგან, რომლის მსგავსთან ადრე არასდროს უთამაშიათ. გარდა ამისა, ერთი ძალიან ლამაზი ლელო დადეს, რომლის ნახვა აქვე შეგიძლიათ (0:49-დან).
მომდევნო მატჩში ბრაზილია მასპინძელ საქართველო XV დაუპირისპირდა და ბევრისთვის მოულოდენლად, საქართველოს ნაკრების სარეზერვო გუნდი 20:18 დაამარცხა.
და ბოლოს, მივადექით "მაორი ოლ ბლექსთან" მატჩს. "ესტადიო დე მორუმბიზე" გამართულ მატჩში ბრაზილიური რაგბისთვის დასწრების მხრივ რეკორდი დაფიქსირდა, შეხვედრას 35000 გულშემატკივარზე მეტი დაესწრო. შეხვედრა ახალზელანდიელებმა 35:3 მოიგეს, მაგრამ ბრაზილიელთათვის ეს ცუდი შედეგი ნამდვილად არაა, რადგან 3 ნოემბერს მაორებმა აშშ-ს 37-ქულიანი სხვაობით მოუგეს, გასულ წელს კი კანადა 42-ქულიანი სხვაობით დაამარცხეს.
ერთ-ერთ შერკინებაში კი, რა დღეც დამართეს ბრაზილიელებმა ახალზელანდიელებს, იმის ნათელი დასტურია, თუ როგორ ვითარდება რაგბი ბრაზილიაში. ჯობს თავად იხილოთ ეს შერკინება.
აშკარაა, რომ ბრაზილიელებმა ქართული, რუმინული, არგენტინული (თუნდაც მეორე გუნდის) და "რასინგ 92"-ის გაკვეთილები შესანიშნავად აითვისეს და მაორებთან მატჩმაც ძალიან ბევრი რამ უნდა ასწავლოს ამ ახალ გუნდს. ბრაზილიელთა მიზანი 2023 წლის მსოფლიო თასზე გასვლაა და თუ ასე განაგრძეს, ეს მიზანი სავსებით რეალური იქნება, ხოლო თუ მონაწილე გუნდების რაოდენობა 24-მდე გაიზრდება, რაზეც ლაპარაკი სულ უფრო ხშირად მიდის, მაშინ ამ ამოცანის შესრულება კიდევ უფრო რეალური გახდება.
ვებგვერდ GOAL.GE-ზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები წარმოადგენს შპს "გოლ.ჯი"-ს ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია კანონმდებლობით.
ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საფეხბურთო საიტი GOAL.GE) დასახელება.
"გოლ.ჯი"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის და ხელშეკრულების გარეშე იკრძალება.