ავტორიზაცია

"ვითამაშე იმ ნაკრებში, რომელშიც გამომიძახეს" - ინტერვიუ ვახო აბდალაძესთან

"ვითამაშე იმ ნაკრებში, რომელშიც გამომიძახეს" - ინტერვიუ ვახო აბდალაძესთან
თარიღი 31 Jan 2019, 23:51
2017/2018 წლების სეზონის „ლენსტერის“ სრული ტრიუმფით დასრულდა. ირლანდიურმა გრანდმა დუბლი შეასრულა და იმარჯვა როგორც პრო 14-ში, ასევე ჩემპიონთა თასზე, რომლის ფინალშიც ფრანგული „რასინგ 92“ დაძაბულ ბრძოლაში 15:12 დაამარცხა.

სწორედ გასულ სეზონში გამოჩნდა ვახო აბდალაძე ევროპის საუკეთესო გუნდის რიგებში. 22 წლის მარჯვენა ბურჯმა ბრიტანეთი და ირლანდიის თასზე 6 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო 2017 წლის 2 დეკემბერს პრო 14-ში ჰქონდა დებიუტი და „ბენეტონის“ წინააღმდეგ შეცვლაზე ითამაშა. ვახო გასულ სეზონში პრო 14-ში კიდევ ერთხელ გამოჩნდა და „ძებრეს“ წინააღმდეგ ლელოს გატანაც მოახერხა.

აბდალაძემ პროგრესი განაგრძო და მიმდინარე პრო 14-ში უკვე სამჯერ გამოჩნდა. ბოლოს მან ზუსტად ერთი კვირის წინ ითამაშა და თავი შესანიშნავი გარღვევითაც გამოიჩინა. ყველაფერი ეს კი ხდება იმ პირობებში, როდესაც „ლენსტერში“ ირლანდიის ნაკრების ორი მარჯვენა ბურჯი თამაშობს: ენდრიუ პორტერი და ტად ფარლონგი, რომელიც ალბათ დღეს თავის ამპლუაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ასევე გუნდშია მაიკლ ბენტი. მოკლედ, ვახოს უძლიერესი კონკურენტები ჰყავს.

ახალგაზრდა პირველხაზელი ნიკოლოზ აბდალაძის ვაჟია, რომელიც საქართველოს ნაკრებში რვა ნომერზე თამაშობდა. ვახო ქუთაისშია დაბადებულია და 6 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად ირლანდიაში გადავიდა. შესაბამისად, ვახოს სარაგბო კარიერაც ირლანდიაში დაიწყო და მანდვე განვითარდა.

„ლენსტერის“ გარდა, ვახომ მოასწრო და ირლანდიის 20-წლამდელთა ნაკრების რიგებში მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. მან ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა: ახალი ზელანდიის და საქართველოს წინააღმდეგ.

GOAL.GE ვახო აბდალაძეს ირლანდიაში დაუკავშირდა და მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო მისი კარიერა და როგორ მოხვდა ევროპის საუკეთესო გუნდში, რატომ ითამაშა ირლანდიის 20-წლამდელთა ნაკრებში, რა მიზნები აქვს სამომავლოდ კარიერაში და ა.შ.

- ვახო რომ გვითხრა რაგბის თამაში სად დაიწყე? საქართველოში მოხდა ეს თუ ირლანდიაში? შენი პირველი სარაგბო ნაბიჯების შესახებ რომ გვიამბო, რომელი იყო შენი პირველი გუნდი?

- რაგბის თამაში დავიწყე ირლანდიაში coolmine rugby club (ქულმაინ რაგბი კლუბში). 6 წლის ასაკში ჩემს მშობლებთან ერთად წავედით საცხოვრებლად ირლანდიაში, ამიტომ ვერ მოვახერხე ქართულ კლუბში თამაში.

- როგორ მოხვდი „ლენსტერის“ აკადემიაში?

- გავიარე “ლენსტერის” ახალგაზრდულის ყველა პროცესი და 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ამიყვანეს სამწლიანი კონტრაქტით „ლენსტერის“ აკადემიაში. ერთი წლის შემდეგ „ლენსტერმა“ შემომთავაზა ორწლიანი პროფესიონალური კონტრაქტი, რაზეც დიდი სიხარულით მოვაწერე ხელი.

"ვითამაშე იმ ნაკრებში, რომელშიც გამომიძახეს" - ინტერვიუ ვახო აბდალაძესთან

- როგორია „ლენსტერის“ სარაგბო სკოლა? რომ შეაფასო არსებული პირობები, სამწვთნელო შტაბის დონე და ზოგადად შექმნილი ვითარება.

- აქ საუკეთესოდ ამზადებენ, ისე, როგორც შეეფერება ევროპის ჩემპიონს.

- ნელ-ნელა „ლენსტერის“ პირველ გუნდს უშინაურდები, თუმცა უდიდესი კონკურენციიდან გამომდინარე, ძირითადში ადგილის დამკვიდრება ურთულესი იქნება და როგორ აპირებ ამის გაკეთებას, რის ხარჯზე?

- ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებით, დიდი შრომით და მონდომებით.

- პოზიციით მარჯვენა ბურჯი ხარ და რას ნიშნავს შენთვის, როდესაც ვარჯიშობ ისეთი მორაგბეები გვერდით, როგორებიც არიან ფარლონგი, რომელიც ალბათ საუკეთესო 3 ნომერია დღეს და ასევე პორტერი, ირლანდიის ნაკრების კიდევ ერთი ბურჯი?

- დიდი პატივია ჩემთვის მაგათთან ერთად ვარჯიში და საუკეთესო შანსი, ჩემი სპორტული კარიერის პროგრესისთვის.

"ვითამაშე იმ ნაკრებში, რომელშიც გამომიძახეს" - ინტერვიუ ვახო აბდალაძესთან

- გარდა იმისა, რომ პრო 14-ში თამაშები მოასწარი, „ძებრეს“ წინააღმდეგ შარშან ლელოც გაიტანე, რა იგრძენი, როგორი ემოცია გქონდა, როდესაც „ლენსტერის“ ძირითადი გუნდის რიგებში ასეთი დონის ტურნირზე პირველი ლელო დადე?

- ენით აუწერელი სიხარულია რაგბიში ლელოს გატანა და მითუმეტეს ასეთი დონის გუნდში.



- გასულ სეზონში „ლენსტერმა“ ყველაფერი მოიგო. წელსაც პრო 14-ში თქვენს ჯგუფში დიდი სხვაობით ლიდერობთ, ხოლო ჩემპიონთა თასზე მეოთხედფინალში ხართ. როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ წელსაც ორივე ტიტულის მოგებას და რის ხარჯზე?

- უფრო ძნელია ტიტულის შენარჩუნება, ვიდრე მისი მოგება. „ლენსტერის“ ამბიცია კი ყოველთვის ჩემპიონობაა.

- შენს გვერდით უამრავი ვარსკვლავია, მათ შორის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ჯონათან სექსტონი. თუ მეგობრობ მასთან?

- გუნდში არის ძალიან მეგობრული ატმოსფერო, რომლის გარეშეც ჩემი აზრით ძნელია მაღალი მიზნების მიღწევა.

- „ლენსტერიდან“ სანაკრებო რაგბიზე რომ გადავინაცვლოთ. შენს შესახებ ქართველ ქომაგებში დიდი ინტერესი არსებობს და ძალიან ბევრს აინტერესებს, თუ როგორ მოხვდი ირლანდიის 20-წლამდელთა ნაკრებში და რატომ არა საქართველოში? და რომ გვითხრა, როგორ მოხდა ეს ყველაფერი.

- მე მინდოდა რაგბის თამაში მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე და შესაბამისად, ვითამაშე იმ ნაკრებში, რომელმაც გამომიძახა.

- 20-წლამდელებში თამაშის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებში თამაში კვლავ შეგიძლია „მსოფლიო რაგბის“ რეგულაციების მიხედვით და როგორ ფიქრობ, არის იმის შესაძლებლობა, რომ ეს მოხდეს?

- ჩემი მიზანი არის „ლენსტერის“ ძირითად გუნდში ადგილის დაკვიდრება და დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

- ირლანდიის 20-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე გითამაშია, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ. ხომ არ გაგიჭირდა საქართველოსთან თამაში?

- კარგი გაკვეთილი იყო, რადგან საქართელოს ჰყავდა უძლიერესი შერკინება როგორც ყოველთვის.

"ვითამაშე იმ ნაკრებში, რომელშიც გამომიძახეს" - ინტერვიუ ვახო აბდალაძესთან

- როგორ ფიქრობ, რამდენად გაქვს სამომავლოდ ირლანდიის ნაკრებში თამაშის შანსი, სადაც უდიდესი კონკურენციია და როგორ გგონია, რა უნდა გაიღო ამის სანაცვლოდ?

- ამ ეტაპზე ვაგრძელებ შრომას და ვარჯიშს, ხოლო მაგაზე ჯერჯერობით არ ვფიქრობ.

- ირლანდიის ნაკრები სასწაულ ფორმაშია, ჯერ 6 ერი მოიგეს დიდი სლემით და შემდეგ ნოემბრის ტესტებზე ახალზელანდიასაც კი მოუგო. შენი აზრით, რაში მდგომარეობს ირლანდიის ნაკრების წარმატება, როგორ მიაღწია ამ გუნდმა ასეთ დონეს?

- გაწერილი დიდხნიანი პროგრამის და მაღალი დისციპლინის ფასად, რომელიც დაიწყეს დიდი ხნის წინ, ბავშვთა რაგბიდან.

- წინ მსოფლიო თასია. ობიექტურად, რომელი ნაკრები იწვევს შენს სიმპატიას ყველაზე მეტად და ასევე როგორ ფიქრობ, ვინ არის მთავარი ფავორიტი ტურნირზე?

- სიმპატიას რა თქმა უნდა იწვევს საქართველოს ნაკრები და ვფიქრობ, მსოფლიო თასის ფავორიტი ირლანდიის ნაკრებია.

- საქართველოს ნაკრებს რა შანსები აქვს შენი აზრით მსოფლიოზე?

- საქართველო ძალიან რთულ ჯგუფში მოხვდა და დიდი იმედი მაქვს, რომ მინიმუმ 2 თამაშს მოიგებს და „ბორჯღალოსნებს“ 2023 წლის მსოფლიო თასზე პირდაპირი საგზურით ვიხილავთ.

- ვინ არის შენი კუმირი რაგბიში? ისეთი მოთამაშე, რომლის თამაშიც ყოველთვის მოგწონდა და მისაბაძი იყო შენთვის?

- როდესაც რაგბის თამაში დავიწყე, დიდი ხნის განმავლობაში შუამარბად ვთამაშობდი და ჩემი კუმირი იყო ლეგენდარული ბრაიან ო’დრისკოლი.

- თუ გიფიქრია ოდესმე ბურჯის გარდა, სხვა პოზიციაზე გეთამაშა?

- მინდოდა თამაში 8 ნომერზე. პოზიციაზე, რომელზეც მამაჩემი ყოფილი ბორჯღალოსანი ნიკა აბდალაძე ასპარეზობდა.

- რა არის შენი უმთავრესი მიზანი პირად კარიერაში?

- ვითამაშო მაღალ დონეზე და ვისიამოვნო ერთ-ერთი საუკეთესო სპორტით, რასაც ოვალური ბურთის სიყვარული ჰქვია.



- თუ გიფიქრია იმაზე, რომ არა რაგბი, რას გააკეთებდი და რა პროფესიას აირჩევდი?

- უმაღლესი განათლება მაქვს მიღებული. დავამთავრე დუბლინის უნივერსიტეტი, ფინანსების სპეციალობით.

- და ბოლოს, მიმართე ვისაც გინდა და თქვი ის, რაც გსურს.

- განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს ხელის შეწყობისთვის. დედაჩემს, რომელიც ჩემი მეგობარია და შეუფასებელია მისი ზრუნვა ჩემი მომავლისთვის და ჩემს პატარა ძმას ლუკას, რომელიც ყველაზე დიდი გულშემატკივარია, ჩემს მწვრთნელებს, რომლებმაც თავის გამოჩენის შანსი მომცეს და ასევე მადლობა იმ გულშემატკივრებს, რომელთაც ჩემი სჯერათ.

ავტორი: ირაკლი ალიმბარაშვილი