ავტორიზაცია

ესპანური რაგბის თვალსაჩინო პროგრესი: ლომები 2023 წლის მსოფლიო თასზე გასვლას უმიზნებენ

ესპანური რაგბის თვალსაჩინო პროგრესი: ლომები 2023 წლის მსოფლიო თასზე გასვლას უმიზნებენ
თარიღი 05 Apr 2019, 03:07
ესპანეთში რაგბი ისეთივე პოპულარული ნამდვილად ვერ გახლავთ, როგორც დიდ ბრიტანეთში ან მეზობელ საფრანგეთში და სპორტის ათ ყველაზე პოპულარულ სახეობას შორისაც არ შედის.

თუმცა, აშკარაა, რომ რაგბით ესპანეთში ნელ-ნელა ინტერესდებიან და ეს ინტერესი ბევრ რამეში აისახება.

ეროვნული ნაკრები

დავიწყოთ ეროვნული ნაკრებით. "ლომებს" ბოლო ორი წლის განმავლობაში თვალშისაცემი პროგრესი აქვთ და შეიძლება ითქვას, ძალიან არ გაუმართლათ, რომ მსოფლიო თასზე ვერ მოხვდნენ. გასული რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მათ ორივე უშუალო კონკურენტი, რუსეთი და რუმინეთი დაამარცხეს. შესაბამისად, იაპონიაში გასამგზავრებელ საგზურამდე ერთ ნაბიჯში იყვნენ, მაგრამ რუმინელმა მსაჯმა ვლად ლორდაჩესკუმ თანამემამულეების დაჯაბვნა არ დაანება და თამამად შეიძლება ითქვას, რომ არაობიექტური მსაჯობით "ლომებს" წააგებინა, რასაც საფინალო სასტვენისთანავე დიდი ამბები მოჰყვა: ესპანელი მორაგბეები მსაჯს მიცვივდნენ და როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც რამდენიმე ესპანელი მორაგბე მკაცრად დაისაჯა, ხოლო მსაჯის მოქმედებების შესწავლა "მსოფლიო რაგბიმ" დაიწყო და თითქოს გადათამაშებაც უნდა დანიშნულიყო, როდესაც გაირკვა, რომ ესპანეთს, რუმინეთს და ბელგიას მოთამაშეები არასწორად ჰყავდა ნატურალიზებული, რაზეც სამივე ნაკრებმა დისკვალიფიკაცია მიიღო, ხოლო ამღვრეულ წყალში თევზი რუსეთმა დაიჭირა და მსოფლიო თასის საგზური არსაიდან მოიპოვა.

ესპანელებს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქონდათ. როგორია, როდესაც მსოფლიო თასის საგზურამდე ერთი ნაბიჯი გაშორებს და უცბად ყველაფერს კარგავ, მაგრამ მათმა მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სანტოსმა სიტუაცია უმალ გაანალიზა და განაცხადა, რომ მისი გუნდი აქედანვე 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის იწყებს ზრუნვას და მართლაც, "ლომებმა" ეს პროცესი ენერგიულად დაიწყეს. მათ 2019 წელს ყველაზე წარმატებული რაგბი ევროპის ჩემპიონატი ჩაატარეს, მოიგეს ხუთიდან ოთხი თამაში, ზედიზედ მესამედ სძლიეს რუსეთს, ხოლო მეორედ - რუმინეთს. "ლომებმა" ერთადერთი მატჩი თბილისში საქართველოსთან წააგეს (10:24) და ისიც ბრძოლაში. შესაბამისად, სანტიაგო სანტოსის შეგირდებმა მეორე ადგილი დაიკავეს და ეს პირველად მოხდა.

ესპანური რაგბის თვალსაჩინო პროგრესი: ლომები 2023 წლის მსოფლიო თასზე გასვლას უმიზნებენ

20-წლამდელთა ნაკრები

პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას ესპანეთი, რუმინეთი, რუსეთი, პორტუგალია, ჰოლანდია და საფრანგეთის რეგიონი, ახალი აკვიტანია იღებენ. ჩემპიონატის დაწყებიდან ორი ტური მიილია და ნორჩი ესპანელები შესანიშნავად გამოიყურებიან.

მათ პირველ ტურში რუსეთის ნაკრები 53:12 გაანადგურეს, ხოლო მეორე რაუნდში რუმინეთს ასევე დიდი ანგარიშით 48:18 სძლიეს და როგორც ჩანს, ესპანელებს საკმაოდ კარგი თაობა მოსდით და გამორიცხული არ გახლავთ, რომ უახლოეს მომავალში ალაფადან მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრისთვის დაიწყონ ბრძოლა.

ესპანური რაგბის თვალსაჩინო პროგრესი: ლომები 2023 წლის მსოფლიო თასზე გასვლას უმიზნებენ

ქალთა ნაკრები


კაცთა რაგბის წარმატების პარალელურად, წინ მიდის ქალთა რაგბიც. 23 თებერვალს რუსეთის ნაკრებს მადრიდში 41:0 სძლიეს, ხოლო 30 მარტს დედაქალაქში ჰოლანდია 54:0 გაანადგურეს და ევროპის ჩემპიონებიც გახდნენ. რასაკვირველია, 6 ერის გუნდებმა ამ ტურნირში გამოსვლაც არ იკადრეს, თუმცა ესპანელთა პროგრესს ეს არ აკნინებს. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ მატჩს 8900 მაყურებელი დაესწრო და ამით ესპანეთში ქალთა რაგბიში დასწრების რეკორდი დამყარდა.

ესპანური რაგბის თვალსაჩინო პროგრესი: ლომები 2023 წლის მსოფლიო თასზე გასვლას უმიზნებენ

7-კაცა


ესპანეთის 7-კაცა ნაკრები საკმაოდ ძლიერია და ამის ნათელი დასტურია, მათი მსოფლიო სერიებში მონაწილეობა. ისინი 2016/2017 წლებში აღზევდნენ ელიტაში და პირველი სეზონი საბოლოო ჯამში მე-11 ადგილზე დაასრულეს. მიმდინარე სეზონში კი ვანკუვერის სერიებში დიდი სენსაცია შემოგვთავაზეს და ახალი ზელანდია ისტორიაში პირველად დაამარცხეს, 26:24. ესპანელები რეიტინგში კვლავ მე-11 ადგილზე არიან, თუმცა წინსვლის შანსი აქვთ.

ესპანური რაგბის თვალსაჩინო პროგრესი: ლომები 2023 წლის მსოფლიო თასზე გასვლას უმიზნებენ

ევროთასების ფინალის მასპინძლობა

გასულ წელს ესპანეთმა ევროთასების ფინალს პირველად უმასპინძლა. "სან მამესი", რომელიც 53289 მაყურებელს იტევს, ჩემპიონთა თასის და ჩელენჯ ქაფის გადამწყვეტი მატჩის მასპინძელი იყო. ჩემპიონთა თასის ფინალმა ბილბაოში სრული ანშლაგი გამოიწვია და სტადიონზეე 52282 მაყურებელი მივიდა, ხოლო მეორე დონის ჩელენჯ ქაფზე 32543 ქომაგი შეიკრიბა, რაც ასევე ძალიან კარგი შედეგია.

ამ ღონისძიებების მასპინძლობამ და მაყურებელში გამოწვეულმა ინტერესმაც კარგად აჩვენა, რომ ესპანეთში რაგბი რაც დრო გადის, მით უფრო აინტერესებთ.

ესპანური რაგბის თვალსაჩინო პროგრესი: ლომები 2023 წლის მსოფლიო თასზე გასვლას უმიზნებენ

რესურსი

ესპანეთის ნაკრებს მწირი რესურსი ნამდვილად არ აქვს. როგორც უკვე ვახსენეთ, მათ საკმაოდ ძლიერი 7-კაცა ნაკრები ჰყავთ, რაც უკანახაზის გაძლიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვან იარაღს წარმოადგენს. გარდა ამისა, საკმაოდ დიდია ნატურალიზებული მოთამაშეების რაოდენობა და ესპანელებს მომავალშიც შეუძლია ამის იმედი ჰქონდეთ, რადგან საფრანგეთში მრავლად არიან ისეთი მორაგბეები, რომელთაც წინაპარი (ბებია ან ბაბუა) ესპანელი გახლდათ და "მსოფლიო რაგბის" წესებით, ასეთ შემთხვევაში მათ "ლომებში" თამაში შეეძლებათ. ოღონდ, ნატურალიზების პროცესისას ესპანელები საკმაოდ ფრთხილად უნდა იყვნენ, ძველებური შეცდომა რომ არ გაეპაროთ.

ესპანელები რომ ნიჭიერი ხალხი არიან და სპორტი კარგად გამოსდით, ორი აზრი არ არსებობს და აშკარად ჩანს, რომ მათ რაგბიშიც საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნიათ, თუმცა ამ ქვეყანაში რაგბი ჯერ კიდევ არაა ბოლომდე პროფესიონალური სახეობა და ამ საქმის ბოლომდე მიყვანას ფინანსები სჭირდება, რომელიც ნელ-ნელა ამ სპორტში უნდა გაჩნდეს, რადგან როგორც აღვნიშნეთ, ბოლო პერიოდში ესპანური რაგბის წარმატება აშკარაა და სავარაუდოდ, ყველაფერს გააკეთებენ, რომ 2023 წელს პლანეტის პირველობაზე გასვლა მოახერხონ, რომელიც მათ მეზობლად საფრანგეთში გაიმართება.

რაც შეეხება დღევანდელ შემადგენლობას, იმ მოთამაშეთაგან, რომლებიც წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე იყვნენ გამოძახებულნი, უმრავლესობა ესპანეთის ჩემპიონატში თამაშობს, თუმცა არიან საინტერესო ლეგიონერებიც, რომლებიც ტოპ 14-ში და პრო დ2-ში თამაშობენ, ანუ საფრანგეთის რანგით პირველ და მეორე დივიზიონებში: ხერომ სივილი, ლუკას რუბიო (ორივე "აჟენი"), ხორდი ხორბა ("პერპინიანი") ტოპ 14-ში გამოდიან, ხოლო ხონ ზაბალა "ბაიონის" ღირსებას იცავს, რომელიც ტოპ 14-ში აღზევებისთვის იბრძვის.

ესპანელებს პრო დ2-ში არაერთი მოთამაშე ჰყავთ, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ნაკრებს დაეხმარებიან: მარკ პინტო ("ბეზიე", 19 კეპი), ჟან ბატისტ კუტოხა ("პროვანს რაგბი", 6), ხესუს მორენო ("პროვანს რაგბი", 53), გოტიე გიბუი ("ნევერი", 41), ასიერ უსარაგა ("ბიარიცი", 5), ტომას მუნილა ("ბეზიე", 3), გუილამე რუე ("ბაიონი", 5). ასევე ჰყავთ სხვა ტოპ 14-ის მოთამაშეებიც: მიშელ დე მარკო ("აჟენი", 6), დავიდ მელე ("პერპინიანი", 1), შარლი მალიე ("პო", 11). ამ მოთამაშეთაგან ნაწილი საფრანგეთშია დაბადებული და იქაური მოქალაქეცაა, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, წინაპრები ესპანელები ჰყავდათ და მათი უმრავლესობა, ესპანეთიდან საფრანგეთში ფრანკოს მმართველობის პერიოდში გაიხიზნა.

ისიც უნდა ითქვას, რომ "ლომების" შემადგენლობაში ფრანგი მოთამაშეების გარდა, არგენტინელ, კამერუნელ, ინგლისელ, სამხრეთ აფრიკელ, შოტლანდიელ და ახალზელანდიელ მორაგბეებსაც ვხედავთ. გარდა ამისა, ესპანელებს კარგი თაობაც მოსდით, რაზეც ზემოთაც ვისაუბრეთ, როდესაც 20-წლამდელების შედეგებს შევეხეთ. ასე რომ, "ლომებს" რესურსი საკმაო აქვთ და ვფიქრობ, რომ ეს რესურსი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება, რაც საქართველოსთვისაც კარგი უნდა იყოს, რადგან რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ძლიერი კონკურენტების დეფიციტს ნამდვილად განვიცდით.