ავტორიზაცია

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა არგენტინასთან 19-ქულიანი ჰანდიკაპი ვერ შეინარჩუნეს [VIDEO]

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა არგენტინასთან 19-ქულიანი ჰანდიკაპი ვერ შეინარჩუნეს [VIDEO]
თარიღი 13 Apr 2019, 19:21
სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ძალიან დასანანი მარცხი განიცადა.

უმცროსი ბორჯღალოსნები არგენტინელ თანატოლებს შეერკინენ, შეხვედრა ბრწყინვალედ დაიწყეს და საწყის ოც წუთში სამი ლელო გაიტანეს, რომელთაგან ორის გარდასახვა თედო აბჟანდაძემ მოახერხა და ანგარიში 19:0 იყო.

ამის შემდგომ მასპინძლებმა თამაში გამოასწორეს და ტაიმის ბოლომდე სხვაობა შეამცირეს, მათ ორი ლელო დადეს, ერთი გარდასახეს და ჯარიმაც გაიტანეს, ტაიმი ჩვენს სასარგებლოდ 19:15 დასრულდა.

მეორე ნახევარში ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთი ლელო გაიტანა, თუმცა ორი გარდასახული ლელო და ჯარიმა გაუშვა. ილია მაისურაძის, ლადო კილასონიას და ზურაბ ამონაშვილის გუნდი მთელი თამაში წინ იყო, მაგრამ გადამწყვეტი ლელო 74-ე წუთზე გაუშვა და ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი იწვნია.

ჩვენს გუნდს ლელოების დადება კიდევ შეეძლო, თუმცა ბოლო ფაზაში დაშვებულმა შეცდომებმა ამის საშუალება არ მოგვცა. პირველ ტაიმში მეტოქე შერკინებაში ძალიან დავჩაგრეთ, თუმცა მეორე ნახევარში ამ კომპონენტში თამაში გამოასწორეს. პრობლემები კვლავ გვქონდა დერეფანში, სადაც რამდენიმე ჩვენი აუტი წავაგეთ და ეს გაშვებულ ქულებშიც აისახა. სისწრაფეში რომ არგენტინა გვჯობდა ეს გასაკვირი არაა და კვლავ პრობლემები იყო რაქში თამაშში, სადაც გადაყრაზე თამაშს ძალიან ვაგვიანებდით და ხშირად ვჯარიმდებოდით. საბოლოოდ, სწორედ ამ ხარვეზების გამო სოლიდური ჰანდიკაპი გავანიავეთ და არგენტინელ თანატოლებს ზედიზედ მეორედ ვერ მოვუგეთ - 26:32.

თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ აფრიკასთან დიდი ანგარიშით წაგებული (10:58) შეხვედრის შემდგომ, ჩვენმა გუნდმა თამაში საგრძნობლად გამოასწორა და ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის უმცროსი ბორჯღალოსნები იდეალურ ფორმაში იქნებიან.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 17 აპრილს ნამიბიის კაცთა მეორე ნაკრებს, ნამიბია XV-ს დაუპირისპირდება.