ავტორიზაცია

კიდევ ერთი წელი, კიდევ ერთი იმედი - როგორ ხვდებიან ქართული გუნდები ევროტურნირებს?

კიდევ ერთი წელი, კიდევ ერთი იმედი - როგორ ხვდებიან ქართული გუნდები ევროტურნირებს?
თარიღი 06 ივლ 2019, 04:24
სულ რამდენიმე დღეში, ევროპა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები დაიწყება.

წელს, საქართველოს სახელს ჩემპიონთა ლიგაზე "საბურთალო" დაიცავს, ევროპა ლიგაზე კი "ტორპედო", "დინამო თბილისი" და "ჩიხურა."

ევროტურნირები ახლოვდება და კვლავ გვესახება ის იმედი, რომელიც ქართველ გულშემატკივარს ყოველ წელს აქვს ხოლმე.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" ტირასპოლის "შერიფს" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 10 ივლისს მოლდოვაში შედგება. პირველ მატჩებს სტუმრად ჩაატარებენ "ტორპედო" და "ჩიხურა." ქუთაისელები "ორდაბასს" უპირისპირდებიან, საჩხერელები კი "ფოლას." "დინამო თბილისი" ევროპა ლიგაზე შინ "ენგორდანს" 11 ივლისს დაუპირისპირდება.

კიდევ ერთი წელი, კიდევ ერთი იმედი - როგორ ხვდებიან ქართული გუნდები ევროტურნირებს?

შეკრული გუნდი, გაძლიერებული შემადგენლობით

ბევრი ამბობდა, რომ მას შემდეგ, რაც "საბურთალო" ჩემპიონი გახდა, შემადგენლობის მხრივ, გუნდი დასუსტდა, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან პირიქითაა. "საბურთალოს" თითქმის იგივე მოთამაშეები ჰყავს, ვინც წინა სეზონში. თბილისელებმა რეხვიაშვილი, კუპატაძე დაიბრუნეს და გაბედავა, ყენია დაიმატეს.

"საბურთალო" ქართული გუნდებიდან ყველაზე შეკრული და შეთამაშებულია, რადგან ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია და ჭიაბრიშვილი ფონს გასვლას გაჩემპიონებული ფეხბურთელებით შეეცდება. 

ეროვნულ ლიგაში "საბურთალოს" უკვე ზედიზედ სამი მატჩია არ მოუგია. არ გამოვრიცხოთ, რომ ეს ევროტურნირების მოახლოებასთანაა დაკავშირებული და გუნდმა ამ მნიშვნელოვანი პერიოდისთვის მზადება ერთ თვით ადრე დაიწყო, რაც გასაკვირი ნამდვილად არაა.

მთელი ნახევარი სეზონის განმავლობაში, გია ჭიაბრიშვილი სასტარტო 11-ეულში ექსპერიმენტებს აკეთებდა და ხშირად ცვლიდა როგორც შეტევის, ისე დაცვის ხაზს. მიაგნო თუ არა ახალგაზრდა სპეციალისტმა ევროტურნირებისთვის იდეალურ შემადგენლობას, ეს რამდენიმე დღეში გამოჩნდება.

მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი, ტერა, ალთუნაშვილი, დიასამიძე, შინდაგორიძე, ვაგნერი, გაბედავა - ასეთია "საბურთალოს" სავარაუდო შემადგენლობა "შერიფის" წინააღმდეგ, ჩვენი ვერსიით.

კიდევ ერთი წელი, კიდევ ერთი იმედი - როგორ ხვდებიან ქართული გუნდები ევროტურნირებს?

განახლებული გუნდი, რთული მეტოქის წინააღმდეგ

იყო საშიშროება, რომ ფინანსური კრიზისის გამო, "ტორპედო" ევროპა ლიგაზე საერთოდ ვერ გამოსულიყო, თუმცა საბედნიეროდ, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა. მიუხედავად იმისა, რომ "ტორპედო" რამდენიმე ტოპ ფეხბურთელმა დატოვა, ამჟამინდელი მონაცემებით, გუნდი 8 ახალი ფეხბურთელით შეივსო.

გასული წლის მსგავსად, განახლებული "ტორპედო" ევროტურნირებს წელსაც შეუთამაშებელი ხვდება და წელსაც ისე მოხდა, რომ გუნდმა ფეხბურთელების მასიური დამატება ევრო მატჩებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო.

"ორდაბასი" საკმაოდ შეკრული და დალაგებული გუნდია და დასამალი არაა, რომ ფავორიტიცაა. ეროვნულ ლიგაში აგვისტომდე პაუზაა და შესაბამისად, ამ ახალ ფეხბურთელებს ერთად პირველი მატჩის ჩატარება სწორედ ევროპა ლიგაზე მოუწევთ.

კვასხვაძე, ცინცაძე, ზივზივაძე, ჩხეტიანი - ეს მათი ჩამონათვალია, რომლებიც გუნდს "დიდი ტორპედოდან" შემორჩნენ და რა თქმა უნდა, ამ მნიშვნელოვან მატჩებში მათზე ბევრი იქნება დამოკიდებული.

ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა "ორდაბასთან" გუნდის კაპიტანი. კვასხვაძე თვეზე მეტია მოედანზე არ გამოჩენილა.

ქვილითაია, ნადარაია, ჭიჭინაძე, ხურცილავა, ტაბატაძე, ცინცაძე, მოსიაშვილი, ცეცხლაძე, ჩოგაძე, კობახიძე, ზივზივაძე - "ტორპედოს" სავარაუდო შემადგენლობა ჩვენი ვერსიით.

კიდევ ერთი წელი, კიდევ ერთი იმედი - როგორ ხვდებიან ქართული გუნდები ევროტურნირებს?

უცნაური პოლიტიკა, კვლავ ფრუიძის იმედად

ძალიან უცნაურია, მაგრამ საჩხერის "ჩიხურა" ერთადერთი გუნდია, რომელიც ევროტურნირების წინ არ გაძლიერებულა და ამ დიდ მატჩებს იმ შემადგენლობით ხვდება, რომლითაც სეზონი დაიწყო.

ჰამზიჩის გარდა, საჩხერელებს არ ჰყავთ ლეგიონერი, არ არიან გამოკვეთილი ლიდერები, მაგრამ არის სოსო ფრუიძე, რომლის იმედად გუნდი უკვე წლებია მოედანზე გადის და ფაქტია, ბოლო წლებში, გამოცდილი სპეციალისტი ევროტურნირებზე სტაბილურად ასპარეზობს.

"ჩიხურას" წილისყრაში გაუმართლა და არც თუ ისე ძლიერი მეტოქე შეხვდა, მაგრამ ამ შანსს გამოყენება უნდა. "ჩიხურა" ამოუცნობი გუნდია. წინასწარ არავინ იცის, როგორ გამოვა გუნდი ევროტურნირებზე - პირველივე რაუნდში გავარდება, თუ კვლავ ყველაზე შორს წავა.

ტრადიციულად, ისინი წელსაც დაცვაში ნორმალური თამაშით გამოირჩევიან და ეროვნულ ლიგაში ყველაზე ცოტა, 22 გოლი აქვთ გაშვებული.

ჰამზიჩი, კაშია, კორიფაძე, მამასახლისი, მაისაშვილი, ჩიხლაძე, ჩიტეიშვილი, სარდალიშვილი, მარკოზაშვილი, დეკანოიძე, მახარობლიძე - საჩხერელთა სავარაუდო შემადგენლობა, ჩვენი ვერსიით.

კიდევ ერთი წელი, კიდევ ერთი იმედი - როგორ ხვდებიან ქართული გუნდები ევროტურნირებს?

კარგი განწყობა, სუპერ შეტევა, ფორვარდის გარეშე

"დინამო თბილისმა" ტოპ ტრანსფერები განახორციელა და ევროტურნირების წინ, ძალიან გაძლიერდა, რაც ეროვნულ ლიგაშიც კარგად გამოჩნდა. გუნდმა ყველას გადაასწრო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

თბილისელები ევრო ასპარეზს კარგ განწყობაზე ხვდებიან, რადგან შიდა ჩემპიონატში ზედიზედ 7 მატჩი აქვთ მოგებული, მეტოქეც სუსტი ჰყავთ და ვალდებულნი არიან, პირველი ეტაპი მარტივად დაძლიონ.

დღესდღეობით, "დინამოს" სუპერ შემტევი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ნომინალური ფორვარდი გარეშე. ლევან კუტალია თავდამსხმელის ფუნქციებს ირგებს, მაგრამ მისი პოზიცია ფლანგის შემტევია.

გამოსარჩევია შენგელია - ქავთარაძის დუეტი. ეს ფეხბურთელები ლიგის ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშეები არიან და მათი ერთად ყოფნა ნებისმიერი გუნდისთვის დიდი ფუფუნება და ძალაა. მოგვარდა მარცხენა მცველის პრობლემაც. "დინამომ" უკრაინელი კაპლიენკო და გიორგი ქიმაძე დაიმატა, რომელმაც სადებიუტო მატჩში კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

თუ გუნდში მიმდინარე ამჟამინდელ მოვლენებს გადავხედავთ, წელს "დინამოს" იმედი ნამდვილად უნდა გვქონდეს და ისეთი თამაშით, როგორიც ბათუმთან აჩვენეს, მინიმუმ "გაბალას" ბარიერის დაძლევაც რეალურად უნდა მოგვეჩვენოს.

პერალესი, იაშვილი, მეჯუბი, მონხილი, ქიმაძე, ნინუა, პაპავა, შენგელია, ქავთარაძე, შულაია, კუტალია - "დინამოს" სავარაუდო შემადგენლობა ჩვენი ვერსიით.