ავტორიზაცია

ახლა მაინც ვიაროთ სტადიონზე - ასეთი დაძაბული საქართველოს ჩემპიონატი არასდროს ყოფილა

ახლა მაინც ვიაროთ სტადიონზე - ასეთი დაძაბული საქართველოს ჩემპიონატი არასდროს ყოფილა
თარიღი 30 სექ 2019, 03:36
ეროვნული ლიგის დასრულებამდე 7 ტურია დარჩენილი და ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

ერთადერთი იმის თქმა შეგვიძლია, რომ "ვიტ ჯორჯია" ბოლო ადგილიდან ვეღარ ამოვა, დანარჩენ პოზიციებზე გამალებული ბრძოლა მიდის.

დამეთანხმებით, ასეთი დაძაბული საქართველოს ჩემპიონატი ბოლო წლებში არ გვქონია.

ვგულისხმობთ იმას, რომ მე-9 პოზიციიდან მე-4 პოზიციის ჩათვლით მყოფი გუნდები ეროვნულ ლიგაში დასარჩენადაც იბრძვიან და მე-4 პოზიციის დასაკავებლადაც, რამაც შესაძლოა ევროტურნირებზე თამაშის უფლება მისცეთ (თუ თასს საბურთალო მოიგებს)

მე-9 პოზიციაზე ბოლნისის "სიონია" და 31 ქულა აქვს. მე-4 ადგილოსან "ტორპედოს" 40 ქულა აქვს. მათ შორის მყოფი გუნდები კი თითქმის თანაბარ სიტუაციაში არიან და ბოლო ტურამდე ყველაფერი გაურკვეველი იქნება. ჯერაც უცნობია, რომელი გუნდები ითამაშებენ ფლეი-აუტს და რომელი კლუბი გავა მე-4 პოზიციაზე. ამის შანსი ერთბაშად რამდენიმეს აქვს.

საუბარი ზედმეტია პირველ სამეულზე. ჩემპიონობისთვის ბრძოლა ყოველი ტურის შემდეგ იძაბება. ამ მარათონულ შეჯიბრში "საბურთალო" დინამოელებს ცოტათი ჩამორჩა, თუმცა დასრულებული მათთვისაც არაფერია და ეს "ლოკომოტივთან" მატჩშიც დაამტკიცეს, როცა უმაღ​ლესი დონის შეხვედრა ჩაატარეს და 0:4 მოიგეს.

ფაქტია, ჩემპიონობისთვის მაძიებელ გუნდებს მომავალ ტურებში რთული მატჩები ელით, რადგან აბსოლუტურად ყველა გუნდს გააჩნია ამბიცია, მოტივაცია და ყველასთვის თითოეული ქულა მნიშვნელოვანია.

ამ დაძაბულ და ემოციურ თამაშებს კი გულშემატკივარი აკლია. მაგალითად, 2 ოქტომბერს "დინამო არენაზე" ერთმანეთს ლიდერები - "დინამო თბილისი" და "საბურთალო" ხვდებიან. ჩემპიონატი საინტერესო ფაზაშია შესული და ამაზე დაძაბულ მატჩს სად უნდა დაესწროს ქომაგი?

6 ოქტომბერს, "დინამო ბათუმი" "დინამო თბილისს" მასპინძლობს და ამ შემთხვევაში, გულშემატკივრებზე არაფერს დავწერთ, რადგან მატჩი ბათუმშია და ისედაც ყველაფერი ცხადია.

ამა თუ იმ თამაშზე, ტრიბუნების 70% მაინც რომ სავსე იყოს, ამ დაძაბულ ჩემპიონატს ორმაგ ხიბლს და ინტერესს შესძენდა.

ახლა მაინც ვიაროთ სტადიონზე - ასეთი დაძაბული საქართველოს ჩემპიონატი არასდროს ყოფილა