ავტორიზაცია

მერვედფინალები, დღე 2: ჩემპიონთა ლიგა ევროპა ლიგის ელფერით

მერვედფინალები, დღე 2: ჩემპიონთა ლიგა ევროპა ლიგის ელფერით
თარიღი 19 Feb 2020, 10:56
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების მეორე სათამაშო დღე, გუნდების სახელებით გუშინდელს აშკარად ჩამორჩება.

თუმცა, ეს ჩემპიონთა ლიგაა და ორივე მატჩი მაყურებლის თვალში მაინც დიდ ინტერესს იწვევს. მითუმეტეს, რომ ერთ-ერთი გუნდი შიდა ჩემპიონატში უკვე მეორე სეზონია მოულოდნელად დიდ სიმპათიებს იწვევს. თუმცა, ყველაფერზე რიგ-რიგობით ვისაუბროთ.

ისევე, როგორც გუშინ, მატჩები ერთ დროს გაიმართება და ამიტომ, მაყურებელს არჩევა მოუწევს, თუ რომელს მიადევნოს თვალი.

„ატალანტა“ – „ვალენსია“

ორი რადიკალურად განსხვავებული გუნდის დაპირისპირება, რომელთა მერვედფინალში ხილვაც უკვე ბევრისთვის სიურპრიზია, მითუმეტეს, მათი ჯგუფების გათვალისწინებით - „ღამურებს“ „ჩელსისთან“ და „აიაქსთან“ ჯგუფიდან გასვლას მხოლოდ საკუთარი გულშემატკივრები თუ უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ესპანელებმა ამის გაკეთება პირველი ადგილითაც კი მოახერხეს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ბოლო ტურშიც კი არ იყო გადაწყვეტილი, რომ „ვალენსია“ პირველ ადგილს დაიკავებდა კი არა, საერთოდ ჯგუფიდან გავიდოდა. აი, ასეთი საინტერესო გამოდგა ჯგუფი, რომელშიც უშანსოდ მხოლოდ „ლილი“ იყო.

რაც შეეხება „ატალანტას“ - გუნდმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა - აქამდე, ჯგუფურ ეტაპზე პირველი ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, მერვედფინალში არავინ გასულა, ბერგამოელებმა კი ამის გაკეთება მოახერხეს. იმის გამო, რომ გუნდის სტადიონი ევროსტანდარტებს არ შეესაბამება, ჯანპიერო გასპერინის გუნდს ლიგაზე საშინაო მატჩების გამართვა „სან-სიროზე“ უწევს, რაც სხვებისთვის ერთგვარი უპირატესობაა.

„ვალენსიას“ საშინელი საკადრო ვითარება აქვს - მატჩში მონაწილეობა შეიძლება ვერ მიიღონ შემდეგმა ფეხბურთელებმა: ფრანსის კოკლენმა, ალესანდრო ფლორენციმ, გაბრიელმა, გარაიმ, პიჩინიმ ,როდრიგომ და ვალიეხომ.

იტალიელებს კი ამ მხრივ ყველაფერი რიგზე აქვთ და გუნდი პრაქტიკულად სრულიად არის დარაზმული.

„ტოტენჰემი“ – „ლაიპციგი“

„დეზებს“ პრობლემური სეზონი აქვთ. მაურისიო პოჩეტინოსთან ისტორიაში საუკეთესო შედეგის დადების შემდეგ, გუნდმა წლევანდელი კამპანია წარუმატებლად დაიწყო, რაც პოჩეტინოს გაშვებაში და მოურინიოს გაშვებაშიც გამოისახა. „განსაკუთრებულმა“ გუნდის ვითარება ოდნავ გააუმჯობესა, მაგრამ პრემიერ ლიგაში ოთხეულის მეტი საბრძოლველი „ტოტენჰემს“ აღარაფერი აქვს. თუმცა, არც ოთხეულისთვის ბრძოლაშია ამჟამად გუნდი ფავორიტი.

„ლაიპციგის“ ვითარება კი სრულიად განსხვავებულია - სეზონის სტარტზე გუნდი ახალგაზრდა იულიან ნაგელსმანმა ჩაიბარა და უმალვე ახალ ლეველზე აიყვანა - გუნდი ბუნდესლიგაში ჩემპიონობისთვის იბრძვის და „ბაიენრს“ მიზერულად ჩამორჩება, ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯგუფი მოიგო და შემდეგ ეტაპზე პირველი ადგილით გავიდა.

ვინ არის წყვილის ფავორიტი, რთული სათქმელია. სახელით ალბათ „ტოტენჰემი“, მაგრამ გუნდს ამ მატჩში არც ჰარი კეინი ეყოლება და არც სონ ჰინ მინი, რაც „ლაიპციგის“ შანსებს ერთი-ორად ზრდის.

ორივე დაპირისპირება დღეს, 19 თებერვალს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.