როგორც მოგეხსენებათ, "
ბარსელონას" ახალ მთავარ მწვრთნელად რონალდ კუმანი დაინიშნა. მიმოვიხილოთ მისი კარიერა და ვიმსჯელოთ, თუ რამდენად გამოსადეგი იქნება ნიდერლანდელი "ბლაუგრანასთვის". მოკლედ, აღნიშნული გარიგების 5 დადებითი და 5 უარყოფითი მხარე, დავიწყოთ ოპტიმისტურ ნოტაზე.
დადებითი მხარეკლუბის ლეგენდა - მინიმუმ, გულშემატკივრების პატივისცემაკატალონიელების ახალმა დამრიგებელმა ფეხბურთელობის პერიოდში კარიერის საუკეთესო წლები სწორედ აღნიშნულ გუნდში გაატარა. მისი მონაგარი ასეთია - 264 მატჩი, 88 გოლი, 10 ტიტული, ეს ყველაფერი 1989-1995 წლებში ხდებოდა. კარგად ვიცით, "ლურჯ-ბროწეულისფრების" პირველი ევროპული ტრიუმფი მათი 4-იანის გარეშე არ შედგებოდა.
სწორედ ჰოლანდიელმა გაქვითა ის ერთადერთი, გამარჯვების მომტანი გოლი გენუის "სამპდორიას" კარში, ჩემპიონთა თასის 1992 წლის ფინალში. ისმის კითხვა - რა კავშირია 57-წლის მწვრთნელის საფეხბურთო მიღწევებსა და "ასულგრანას" დამრიგებლობას შორის? ის თავის ახალ გუნდში არის საკმაოდ დაფასებული პიროვნება და სანამ "კამპ ნოუზე" ყველაფერი იქნება წესრიგში, ფანების მხარდაჭერა არ გაქრება.
ბარსელონას მწვრთნელობა მისთვის უცხო სულაც არ არისსაფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, კუმანი მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა ჯერ ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში, გუუს ჰიდინკთან, შემდეგ კი "ბლაუგრანაში", ლუი ვან გაალის მეთვალყურეობით. თანამემამულის ასისტენტად მუშაობის პერიოდი მოიცავდა ორ წელს, 1998-2000.
დიახ, ნიდერლანდელი ძალიან კარგად ერკვევა კატალონიური გუნდის შიდა სამზარეულოში და მან ნამდვილად იცის, თუ რას ნიშნავს კლუბის დნმ-ი და ზოგადად, იდეოლოგია. მოკლედ, რონალდი "ლურჯ-ბროწეულისფრებში" შინაურია და ზედმეტი წარდგენა მას საერთოდ არ სჭირდება.
ახალი შემაკავშირებელი ხიდი ბარსელონასა და ნიდერლანდურ ფეხბურთს შორის"ბლაუგრანასა" და "ნარინჯისფერების" ნათესაობა არის გაცილებით მეტი, ვიდრე უბრალო საფეხბურთო დიასპორა. საუბარია კულტის შესახებ, რომელიც ლეგენდარული იოჰან კრუიფის მოსვლით დაიწყო. მისი მოღვაწეობის შედეგად, კატალონიელებსა და საუკეთესო ჰოლანდიელებს შორის პრაქტიკულად ტოლობის ნიშანი დგას.
სწორედ ეპოქალური ნიდერლანდელის ფუნდამენტზე იყო აგებული ლუი ვან გაალის, ფრანკ რაიკაარდისა და ხოსეპ გვარდიოლას "ლურჯ-ბროწეულისფერი" მანქანა. "ასულგრანას" ახალი მწვრთნელი არის ლეგენდის გამგრძელებელი, ყოველ შემთხვევაში თეორიულად და ზედაპირულად ასე ჩანს. ვნახოთ, რა იქნება პრაქტიკაში.
ტოპ-ტრანსფერებისა და ვარსკვლავების გარეშე მუშაობის უნარი, რაც კლუბს აწყობსკორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით, ახალ ანტუან გრიზმანებსა და ფილიპე კოუტინიოებს "კამპ ნოუზე" უახლოეს მომავალში ვერ ვიხილავთ. ჰოლანდიელისთვის ეს ფაქტორი არ წარმოადგენს პრობლემას, რადგან ვარსკვლავებით გადატვირთული გუნდი მას არასდროს ჰყოლია.
57-წლის მწვრთნელი შედეგის დადებას არსებული რესურსითა და ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის მიჩვეული. აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, რომ კუმანის გუნდში "ლა მასიას" წარმომადგენლების ახალი ნაკადი გაჩნდეს. მოკლედ, შანსი მიეცემა ყველას, მათ შორის გამოუცდელებსაც.
აღმავლობის გზაზე არსებული სამწვრთნელო კარიერა, ეს დამაიმედებელიანიდერლანდელის წარუმატებლობების შესახებ ვისაუბრებთ მოგვიანებით, იქამდე კი ავღნიშნავთ იმ ფაქტს, რომ პრაქტიკულად 2011 წლიდან, ე.წ. ჩავარდნის პერიოდები მას არ აქვს. რონალდმა ააშენა როტერდამის "ფეიენოორდი", რომელიც მოგვიანებით უკვე მის არყოფნაში ერედივიზიის ჩემპიონი გახდა.
დაჩანაკებული "საუთჰემპტონისა" და "ევერტონისგან" კი "
ბარსელონას" ამჟამინდელმა მწვრთნელმა პრემიერ ლიგაში დღევანდელი "ვულვერჰემპტონის" ერთგვარი წინამორბედი გამოადნო. რაც შეეხება ნიდერლანდებს, ევროპული ფეხბურთის ელიტაში ეს ნაკრები სწორედ თანამემამულე სპეციალისტის დამსახურებით დაბრუნდა. 00-იანების დასაწყისში მოწოდების სიმაღლეზე იყო ჰოლანდიელის გაწვრთნილი ამსტერდამის "აიაქსიც", მაგრამ ეს ძალიან დიდი ხნის წინ ხდებოდა.
უარყოფითი მხარეკუმანი ლა ლიგაში ერთხელ უკვე შერცხვანიდერლანდელის სამწვრთნელო კარიერის მთავარი შავი ლაქა - "ვალენსია". საუბარია 2007-2008 წლის სეზონის შესახებ, რომელშიც ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი გუნდი, პრაქტიკულად აუტსაიდერად იქცა. "ღამურებს" პრობლემები შეექმნათ ჯერ კიდევ კიკე სანჩეს ფლორესის დამრიგებლობის პერიოდში, რონალდმა კი გუნდი უბრალოდ კოშმარულ მდგომარეობაში ჩააგდო.
თავად განსაჯეთ - 34 შეხვედრა, 11 მოგება, 9 ფრე, 14 წაგება; ბურთების შეფარდება: 38-47-ზე, ასეთი უარყოფითი შედეგით დაასრულა "ბლაუგრანას" ამჟამინდელმა თავკაცმა "ლოს ჩესში" მოღვაწეობა. გუნდი მე-4 ადგილიდან ერთ მომენტში დაეშვა მე-16 პოზიციამდეც კი და გასავარდნ ზონას ორი ქულით ჩამორჩა. მოკლედ, ოქტომბერში დანიშნული ჰოლანდიელი, "მურსელაგოსმა" აპრილში სტვენით გაუშვა.
ტოპ-კლუბები და ვარსკვლავები? არა, არ გამიგია - ნაწილი Iუკვე ავღნიშნეთ, 57-წლის თავკაცს არასდროს ჰქონია სუპერ-შემადგენლობის განკარგვის ფუფუნება და თუ ფინანსური კრიზისის გადმოსახედიდან ეს ფაქტი თამაშობს ხოსეპ ბართომეუს ჯიბის სასიკეთოთ, უშუალოდ გუნდისთვის აღნიშნული რამ დამღუპველია. მოკლედ, ტოპ-ტრანსფერების განხორციელების შემთხვევაშიც კი კუმანი ამ პრივილეგიას სათანადოდ მაინც ვერ გამოიყენებს.
საქმე ისაა, რომ ნიდერლანდელს საკლუბო დონეზე ვარსკვლავებთან მუშაობის გამოცდილება პრაქტიკულად არ აქვს. მას შეუძლია "საუთჰემპტონისა" და "ევერტონის" ეშელონის მოთამაშეების მორჯულება, მაგრამ არა კატალონიის კალიბრის. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სირთულის წარმოქმნის შემთხვევაში, რონალდი, ერნესტო ვალვერდესა და კიკე სეტიენის მსგავსად, ლიონელ მესის რელსების ქვეშ მარტივად მოყვება.
ევროთასები და ტიტულები? არც ეს გამიგია - ნაწილი IIწრეებში, სადაც საუბრობენ ხოსეპ გვარდიოლას, ზინედინ ზიდანისა და იურგენ კლოპის შესახებ, "ლურჯ-ბროწეულისფრების" თავკაცის სახელი არაფრისმთქმელად ჟღერს. დიახ, მწვრთნელობის მხრივ, ნოუნეიმის სტატუსი თავიდან ჰქონდა პირობითად კარლო ანჩელოტისაც, მაგრამ არა ჰოლანდიელის ასაკში.
გვახსოვს ხომ ბრძოლისუნარიანი "აიაქსი" 00-იანების დასაწყისში? იმის შემდეგ, 57-წლის დამრიგებელი ჩემპიონთა ლიგას თქვენობით მიმართავს. ერთია, ეპლ-ში საშუალო დონის გუნდებისგან კიდევ უფრო საშუალოების მომზადება და მეორე, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში მიუნხენის "ბაიერნისგან" 2:8-ის თავიდან არიდება.
საერთო ჯამში - არც ისე შთამბეჭდავი რეზიუმე სოლიდური ასაკისთვისკუმანი, როგორც მწვრთნელი, საკლუბო დონეზე მოღვაწეობს 2000 წლიდან, თუმცა მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი, ყოველ შემთხვევაში მოგებული თასების მხრივ, ერედივიზიას ჯერ კიდევ ვერ გაცდა. დიახ, ნიდერლანდელმა თავისი ქვეყნის ნაკრები გაიყვანა ერთა ლიგის ფინალში, სადაც დამარცხდა, მაგრამ საკლუბო და საერთაშორისო, ორი სხვადასხვა სამყაროა.
ერთი სიტყვით, რონალდი არის დამრიგებელი, რომელიც კარგია ერედივიზიონში და დამაკმაყოფილებელია პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის შუა ნაწილში, დამთავრდა. რას მოუტანს ის "ასულგრანას", რთული სათქმელია. გუნდის ქომაგებთან პირდაპირობისთვის ბოდიში, მაგრამ ჰოლანდიელი იგივე ვალვერდე-სეტიენია, უბრალოდ "კამპ ნოუს" მკვიდრთა დნმ-ის შეფუთვით.
კლუბში არსებული ტოქსიკური სიტუაცია, რაც მწვრთნელის გამოცდილებაზე მასშტაბურიაროგორც ავღნიშნეთ, 57-წლის დამრიგებელი თავის ახალ გუნდში შინაურია, თუმცა ეს ფაქტი იდილიის მომასწავებელი სულაც არ არის. კლუბის კრიზისის შესახებ უკვე ითქვა და ბევრის აზრით, კუმანს არ აქვს საკმარისი გამოცდილება, კლასი თუ ნებისყოფა "ბარსას" ფეხზე წამოსაყენებლად.
"ბლაუგრანას" პრობლემები უბრალოდ თავკაცების ცვლაზე სიღრმისეულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ნიდერლანდელი არის უფრო "მორიგი", ვიდრე "სწორედ ის". საუბრის ოპტიმისტურ ნოტაზე დასრულებისთვის, შეგვიძლია ვივარაუდოთ მოვლენების განვითარების ყველაზე რეალური ვარიანტი: რონალდი გადაყრის ნაგავს, ხავი ერნანდესისთვის მოასუფთავებს გზას და თვითონ მორიგ "ვესტ ჰემ იუნაიტედში" წავა.