ლადო ბურდული: "სიონი" კიდევ ერთ ფეხბურთელს დაიმატებს"

ბოლნისის "სიონის" მთავარმა მწვრთნელმა, ლადო ბურდულმა GOAL.GE-სთან ინტერვიუში პირველი ტურის მატჩსა და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
- რას იტყვით "ჩიხურას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე?
- გამომდინარე იქედან, თუ რა დონის კლუბს ვეთამაშებოდით, რთული მატჩის მოლოდინში ვიყავით. ჩემი ბიჭების სადიდებლად უნდა ითქვას, რომ მათ ყველა ჩემი დავალება ზუსტად შეასრულეს და, მიუხედავად მინიმალური ანგარიშისა, დამაჯერებლად დაამარცხეს ერთ-ერთი ძლიერი კლუბი საქართველოში.
- შარშან წარმატებული სეზონი გქონდათ. თვლით, რომ წლევანდელ "სიონს"უფრო დიდი მიზნებისთვის შეუძლია ბრძოლა, ვიდრე გასული წლისას?
- ვფიქრობ, რომ ამ სეზონში ჩემს გუნდს შეუძლია გაიმეოროს შარშინდელი რეზულტატი და იფიქროს მის გაუმჯობესებაზე. ეს ყოველივე იმ შემთხვევაში, თუ ყველა ჩემი ფეხბურთელი, როგორც წინა სეზონში, მაქსიმალურად დაიხარჯება თავისი კლუბისთვის. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ძირითადი პლიუსი ის არის, რომ შევძელით გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. სწორედ ეს მაძლევს იმის საფუძველს, რომ მაღალ მიზნებზე ვიფიქროთ.
- გუნდმა ახალი და გამოცდილი ფეხბურთელები დაიმატა. კიდევ აპირებს "სიონი" გაძლიერებას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე?
- კი. ჩვენ კიდევ ერთი ფეხბურთელის შეძენას ვაპირებთ. მის სახელს კი ორ-სამ დღეში გაგიმხელთ.
- რა იქნება გუნდის პროგრამა მაქსიმუმი მიმდინარე სეზონში?
- მოდით, მე მინიმუმს ვიტყვი და მაქსიმუმი თვითონ გამოჩნდება. თუ გამგეობისგან ხელშეწყობა გვექნება, სამეულისთვის ვიბრძოლებთ.
- თქვენს ქართველ ვარსკვლავზე, დავით სირაძეზე რას გვეტყვით? რა როლი ექნება მას ამ სეზონში გუნდში?
- მე და დათოს ნაკრებში ერთად თამაშიც მოგვიწია. ასე, რომ ამ ადამიანთან ვმეგობრობ. იგი არაჩვეულებრივი პიროვნება და პროფესიონალი ფეხბურთელია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოთამაშე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იქნება.
კახა ყიფიანი, სპეციალურად GOAL.GE-სთვის