ავტორიზაცია

ასეთი დაუჯერებელი დამთხვევა, თუ უკვე კანონზომიერება? ნეიმარი და მისთვის დაწყევლილი ჩემპიონთა ლიგა

ასეთი დაუჯერებელი დამთხვევა, თუ უკვე კანონზომიერება? ნეიმარი და მისთვის დაწყევლილი ჩემპიონთა ლიგა
თარიღი 12 თებ 2021, 15:11
„პსჟ-ს“ მაისურით, ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მხოლოდ ერთხელ ითამაშა და ისიც - პანდემიის სეზონში.

ბოლოდროინდელი სიახლეები „პსჟ-ს“ და ფრანგული ფეხბურთის მოყვარულებისთვის ცუდი ამბების მომტანი აღმოჩნდა - გუნდის ლიდერი და მთავარი დამრტყმელი ძალა, ნეიმარი, დაშავებულია და „ბარსელონასთან“, როგორც მინიმუმ პირველ მატჩს გამოტოვებს. შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ამ სტადიის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა - კერძოდ კი, ნეიმარი თავისი დიდი მეგობრის, ლეო მესის წინააღმდეგ და დიდი დაბრუნება „კამპ ნოუზე“, არ შედგება.

დიდი ალბათობით, ნეიმარის გარეშე „ბარსასთან“ გამკლავება „პსჟ-ს“ ორივე მატჩში მოუწევს, ტრავმა კი მან „კანთან“ სათასო შეხვედრაში მიიღო, რომლის მწვრთნელმაც, თამაშის შემდეგ დასძინა, რომ ტირილს არ აპირებს და ამ საქმეს ნეიმარს დაუტოვებს.

ასეთი დაუჯერებელი დამთხვევა, თუ უკვე კანონზომიერება? ნეიმარი და მისთვის დაწყევლილი ჩემპიონთა ლიგა

„მწუხარება უდიდესია, ტკივილი უსაზღვრო, ცრემლები კი - შეუკავებელი. კიდევ ერთხელ, დროებით ჩამოვშორდი იმას, რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიყვარს - ფეხბურთის თამაშს. ძალიან მტკივა და ვწუხვარ, როდესაც ფეხბურთელებისგან, მწვრთნელებისგან, კომენტატორებისგან ან ღმერთმა იცის კიდევ ვისგან ვისმენ, რომ დარტყმების ღირსი ვარ, რომ მყვინთავი, მტირალა, ბავშვი და გათამამებული ვარ.

სიმართლე გითხრათ, მაგრამ არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს შევძლებ ამასთან შეგუებას. უბრალოდ მსურს ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნება მივიღო და მეტი არაფერი.

ნეიმარს თავისი მამაც გამოექომაგა და „კანტის“ მწვრთნელს უპასუხა, რომ მისი შვილი სწორედ მისნაირი მწვრთნელების, მიკერძოებული ჟურნალისტების და არაობიექტური მსაჯების გამო ტირის.

„ბარსასთან“ პირველ მატჩს ბრაზილიელი ნამდვილად გამოტოვებს, მეორეს - სავარაუდოდ. პარიზელებმა სავარაუდო ვადად 4 კვირა დაასახელეს, საპასუხო მატჩი კი 10 მარტს არის - 4 კვირაზე უფრო ნაკლებ ვადაში.

ზოგადად, ნეიმარს ჩემპიონთა ლიგასთან რთული ურთიერთობა აქვს, შეხედეთ.

ბრაზილიელი „პსჟ-ში“ 2017 წელს, 222 მილიონ ევროდ გადავიდა.

ასეთი დაუჯერებელი დამთხვევა, თუ უკვე კანონზომიერება? ნეიმარი და მისთვის დაწყევლილი ჩემპიონთა ლიგა

2017/18: 1 მატჩი პლეი-ოფში (1:3 „რეალთან“ მადრიდში), ტრავმა, „პსჟ“ ვარდება მერვედფინალიდან

2018/19: 0 მატჩი პლეი-ოფში, ტრავმა, „პსჟ“ ვარდება მეოთხედფინალიდან

2019/20: 5 მატჩი პლეი-ოფში, „პსჟ“ მარცხდება ფინალში

2020/21: 0 მატჩი პლეი-ოფში, ტრავმა...

მოდით, ცოტა ჩავუღრმავდეთ. თავის პირველ პარიზულ სეზონში, ნეიმარმა მეხუთე მეტატარალური ძვალი მოიტეხა (მისი ტრავმა ბრაზილიელს კარიერის დიდი ნაწილის მანძილზე აწუხებს) და შედეგად, თებერვლიდან მსოფლიო ჩემპიონატამდე არ უთამაშა. „პსჟ“ კი, მადრიდში წაგების შემდეგ, ნეიმარის გარეშე პარიზშიც დამარცხდა.

მეორე სეზონში ნეიმარმა პირველი ნახევარი კარგად ჩაატარა - თითქოს, მოტეხილობა აღარ აწუხებდა. მაგრამ, იანვარში მოხდა რეციდივი და ბრაზილიელი ფეხბურთს სამი თვით ჩამოშორდა. ის მხოლოდ აპრილში დაბრუნდა - „მონაკოსთან“ მატჩში, სადაც „პსჟ“ ჩემპიონი ნაადრევად გახდა. ჩემპიონთა ლიგიდან გუნდი მის წინააღმდეგ საკმაოდ სუსტ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხდა - ალბათ გახსოვთ ის დრამატული დაპირისპირებები, 2:0 „ოლდ ტრაფორდზე“ და 1:3, რაშფორდის ბოლო წუთზე გატანილი პენალტით, „პარკ დე პრენსზე“.

ბრაზილიელმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ნორმალურად მხოლოდ ერთხელ ითამაშა - შარშან, ახალი ფორმატის ტურნირში, სადაც „პსჟ“ ეგრევე ფინალამდე მივიდა. დიახ, აქ ძალიან დიდი როლი იმანაც შეასრულა, რომ თამაშები ერთმატჩიან ფორმატში ტარდებოდა.

თუმცა, მოვიდა ახალი სეზონი და ნეიმარმა უკვე სამი ტრავმის მიღება მოასწრო. ოქტომბერში, დეკემბერში და ახლა - თებერვალში. „პსჟ-ში“ გადასვლის შემდეგ, მან მატჩების თითქმის 50% გამოტოვა - 191-დან მხოლოდ 103-ში ითამაშა. შესაბამისად, მხოლოდ სატრანსფერო თანხას თუ გავითვალისწინებთ, ნეიმარის უბრალოდ ერთი ჩატარებული მატჩი, „პსჟ-ს“ 2 მილიონ ევროდ უჯდება.