ავტორიზაცია

კრიშტიანუ რონალდუ კატალონიური ხელწერით - ინგლისის პრემიერ ლიგას ახალი გმირი ჰყავს

კრიშტიანუ რონალდუ კატალონიური ხელწერით - ინგლისის პრემიერ ლიგას ახალი გმირი ჰყავს
თარიღი 28 თებ 2021, 14:36

20 წლის პედრუ ნეტუ - მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეა.

უკვე უახლოეს ზაფხულში, „ვულვზის“ პერსპექტიული ფორვარდი შესაძლოა ტოპ-კლუბში ვიხილოთ...

ნეტუმ პრესა ჯერ კიდევ მაშინ გააოცა, როცა „ლაციოდან“ „ვულვერჰემპტონში“ გადასვლის შემდეგ, პირველ ინტერვიუს იძლეოდა: 

„ყოველდღიურად ვმუშაობ იმისთვის, რომ საუკეთესო გავხდე.

საუკეთესო...?

მსოფლიოში საუკეთესო!

19 წლის ფეხბურთელისთვის, რომელსაც უმაღლეს დონეზეც კი არასდროს უთამაშია, ეს ძალიან ამბიციური განცხადება იყო. „ლაციოს“ პირველ გუნდში ნეტუმ მხოლოდ 44 წუთი ითამაშა და თავი ვერცერთი საგოლე ქმედებით ვერ გამოიჩინა. თანაც, ორ წელიწადში! ცოტა ბევრის თქმის უფლება ხომ არ მისცა ამ ბიჭუნამ საკუთარ თავს?

ახალი რონალდუ

სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ იმდროისთვის, ეს სახელი უკვე ფიგურირებდა „ახალგაზრდებისა და პერსპექტიულების“ ჩამონათვალში, მისი სატრანსფერო ფასი კი საფუარმოყრილივით იზრდებოდა. „ლაციო“ მას „ბრაგადან“ 11 მილიონად ყიდულობდა, „ვულვზმა“ კი მასში უკვე მთელი 18 დახარჯა. დღესდღეობით, ნეტუს სატრანსფერო ღირებულება უკვე 27 მილიონ ევროს შეადგენს, რაც მას 21-წლამდე ყველაზე ძვირადღირებულ პორტუგალიელ ფეხბურთელად ხდის.

„ვულვზი“ რისკავდა, როდესაც პორტუგალიელში საკმაოდ დიდ თანხას იხდიდა, მაგრამ ამ ტრანსფერმა გაამართლა. თავად ახალგაზრდა ფეხბურთელის სიტყვები კი არა სინაგლე, არამედ მისი შინაგანი ბუნების და ამბიციურობის გამოვლინება აღმოჩნდა. 20 წლის ასაკში, პედრუმ უკვე ნაკრებში გამოძახებაც დაიმსახურა, არადა დღევანდელ პორტუგალიის ნაკრებში კონკურენცია უდიდესია, მითუმეტეს შეტევაში. ანდორასთან მატჩში მან ნაკრების მაისური პირველად მოირგო და გოლი უკვე 8 (!) წუთში გაიტამა. ხშირად, ნეტუს ახალგაზრდა კრიშტიანუ რონალდუს ადარებენ: მას ისევე უკიდია ცეცხლი და გიჟდება ფეხბურთზე, ისევე იხარჯება მოედანზე და ბევრს შრომობს მის ფარგლებს გარეთ, თანაც, საკმაოდ ვითარდება. რა თქმა უნდა, თავად პედრუ, კრიშტიანუს თავის მთავარ მოტივაციის წყაროდ ასახელებს.

საინტერესოა, რომ პრემიერ ლიგაში პირველი 53 მატჩის შედეგად, პედრუმ რონალდუს ანალოგიურ დისტანციაზე ნაჩვენები შედეგები უკან ჩამოიტოვა. კერძოდ, „ვულვზის“ ფეხბურთელის ანგარიშზე გოლი + პასის სისტემით 15 ქულაა, მაშინ როცა ლეგენდარულ რონალდუს 13 ჰქონდა. საჩვენებელია ისიც, რომ ნეტუმ კრიროს პორტუგალიის ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგიც გააუმჯობესა, როცა „ბრაგას“ მაისურით 17 წლისა და 67 დღის ასაკში გაიტანა გოლი და ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა.

მგელთა ხროვის ლიდერი

ორ სეზონში ნეტუმ თავისი პოტენციალი კარგად წარმოაჩინა და ახალგაზრდა ვარსკვლავის სტატუსიც დაიმკვიდრა. მისი თამაშის შემხედვარე, ნუნუ ეშპირიტუ სანტუ დათანხმდა თავისი ერთ-ერთი ლიდერის, სხვა პორტუგალიელის, დიოგუ ჟოტას „ლივერპულსი“ გაყიდვას. სხვათაშორის, ნეტუს უკვე მაშინვე აკვირდებოდნენ პრემიერ ლიგის გრანდები და მათ შორის - „არსენალიც“, მაგრამ „ვულვზმა“ გადაწყვიტა: პედრუ - პერსპექტივის ფეხბურთელია და არ იყიდება!

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ითავა ნეტუმ იმ სეზონში, როცა „ვულვზმა“ რამდენიმე თვით დაკარგა თავისი ლიდერი და მთავარი მეგოლე, რაულ ხიმენესი. ახალგაზრდა პორტუგალიელმა, რომელსაც თამაში ორივე ფლანგზე შეუძლია, ბომბარდირული თვისებებიც გამოავლინა. მექსიკელის არყოფნაში, ის „ვულვზის“ საუკეთესო ბომბარდირად იქცა.

25 ტურის შედეგად, პედრუ თავის ასაკობრივ კატეგორიაში უკვე ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია. მის ანგარიშზე 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, რაც ნულოვან წლებში დაბადებულ მოთამაშეებს შორის საუკეთესო შედეგიან ფილ ფოდენთან ერთად, რომელსაც 6 გოლი და 3 ასისტი დაუგროვდა.

გარდა ამისა, პედრუ თავისი გუნდის ნამდვილ ლიდერად იქცა. პორტუგალიელმა თავისი გუნდისთვის მატჩების მოგებაც დაიწყო. ამ სეზონში, ნეტუმ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ხუთჯერ მოიპოვა - ეს იმაზე მეტია, ვიდრე მის ასაკობრივ კატეგორიაში ვინმე სხვას აქვს. პორტუგალიელის გოლების უმეტესობა კი გამარჯვების აღმოჩნდა, მაგალითად: „საუთჰემპტონთან“ (2:1), „ჩელსისთან“ (2:1) და „ფულემთან“ (1:0).

კატალონიური ხელწერა

ინგლისელი ექსპერტები ყველაზე ხშირად პორტუგალიელ თავდამსხმელს ადგილობრივ ნიჭიერ ფეხბურთელს, ჯეკ გრილიშს ადარებენ, რომელსაც ბრიტანული გრანდები დიდი ხანია „დასდევენ“. საქმე ისაა, რომ ორივე ამ ფეხბურთელს ერთი თვისება აერთიანებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გუნდის შეტევების დროს - ჯეკიც და პედრუც, ბურთის წინ წაღებაში ოსტატები არიან.

დღესდღეობით, მოედნის ბოლო მესამე მეოთხედში ბურთის წაღებით პედრუ პრემიერ ლიგაში მეორე ადგილს იკავებს სწორედ გრილიშის შემდეგ. პორტუგალიელ თავისუფალ სივრცეებს მარტივად პოულობს და მცველებს შორის დასრიალებს ისე, რომ ბურთსაც არ კარგავს. მთელ ევროპაში, მასზე უკეთესად ამას გრილიშის გარდა მხოლოდ ორი ფეხბურთელი აკეთებს და ორივე - „ბარსელონელია“: ფრენკი დე იონგი და მესი.

 

 

არცაა გასაკვირი, რომ თავის დროზე სწორედ „ბარსა“ ცდილობდა ნიჭიერი პორტუგალიელის ხელში ჩაგდებას. პედრუს მამა ყვებოდა, რომ ესპანური გუნდი მის შვილს ჯერ კიდევ მაშინ ეპატიჟებოდა, როცა ის „ბრაგაში“ თამაშობდა: ნეტუს ჭკვიანური და ამავდროულად სანახაობრივი სათამაშო სტილი, კატალონიური გუნდის ფილოსოფიას იდეალურად ერგება.

 

თანაგუნდელ ადამა ტრაორესთან ერთად, რომელიც კარიერას სწორედ „ბარსელონაში“ იწყებდა, პედრუ ნეტუ კონტინენტის საუკეთესო დრიბლიორებს შორის დღეს საპატიო ადგილს იკავებს. შესრულებული  დრიბლინგებით (131) ის ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატებში მეორე ადგილს იკავებს და მესის (101) და მბაპესაც (100) კი უსწრებს. რაც შეეხება წარმატებულ დრიბლინგს, ის აქაც მეორეა ადამა ტრაორეს შემდეგ - 28 36-ს წინააღმდეგ.

თუმცა, ტრაორესა და ნეტუს შორის ერთი დიდი სხვაობაა. პორტუგალიელს ბურთთან დროულად განშორება შეუძლია და საკუთარ თავზე ზედმეტს არ იღებს ისე, როგორც მისი ესპანელი კოლეგა, რომელსაც საკთარი თავის ტუპიკში შეყვანა მარტივად შეუძლია. პედრუ მომენტებს იდეალურად ქმნის და ამ მაჩვენებლით (46), პრემიერ ლიგის საუკეთესო ხუთეულში შედის დე ბრუინთან (55), ბრუნოსთან (68) და გრილიშთან (75) ერთად. საერთოდაც, პორტუგალიელს პასის კულტურა იდეალურ დონეზე აქვს აყვანილი: ის „ვულვზის“ საუკეთესო მეპასეა სიზუსტის მხრივ (88%) და ერთ მატჩში დაახლოებით ორ საკვანძო გადაცემას ასრულებს.

ახლახანს ინგლისურ პრესასთა მიცემულ ინტერვიუში ნეტუ ამბობდა, რომ როგორ კარგადაც უნდა ეცადოს ის თამაშს, მისი დედა, რომელიც მის თამაშებს თვალს მუდამ ადევნებს, სულ ერთსა და იმავეს უმეორებს: „პედრუ, კარში ძალიან იშვიათად ურტყამ!“ მშობლის პრეტენზია რაღაც მხრივ სამართლიანია, მაგრამ დედა ბოლომდე ვერ ხვდება, რა სათამაშო ამპლუა უკავია ნეტუს. გრილიშის მსგავსად, ის პრემიერ ლიგის ტოპ-ვინგერებს კარში დარტყმების რაოდენობით ჩამორჩება, მაგრამ მისი როლი უფრო საჯარიმომდე ბურთის მიტანაა, ვიდრე კარში დარტყმის აუცილებლობა. თანაც, არ უნდა დავივიწყოთ, რომ პედრუ თამაშობს გუნდში, რომელიც ძალიან ცოტა საგოლე მომენტს ქმნის და კონტრშეტევების სტილზეა ორიენტირებული: პრემიერ ლიგაში „ვულვზზე“ ნაკლები გოლი წელს მხოლოდ 3-მა გუნდმა გაიტანა.

წინ რა იქნება: „ლივერპული“ თუ „მან.სიტი“?

„ვულვზი“ ნეტუს გაყიდვას არ ჩქარობს, მაგრამ მას უკვე დაუდგნენ რიგში ინგლისური ტოპ-გუნდები. „ლივერპულის“ ფანები, მაგალითად, დიდი ხანია კლუბს მოუწოდებენ, რომ ჟოტას შემდეგ, ნეტუც დაიმატონ და მას ხშირად ლუის სუარესს ადარებენ. 

თავის მხრივ, „სიტის“ ფანები ფეხბურთელს „ეტიჰედზე“ ელოდებიან. „სიტის“ ყველაზე ცნობილი ფასი, ჯგუფ Oasis-ის ვოკალისტმა, ლაიამ გალაჰერმა, გვარდიოლას ახლახანს „ინსტაგრამით“ მიმართა: „მიდი უკვე პეპ, დაიმატე ნეტუ!“

ნეტუს კონტრაქტი „ვულვზთან“ 2025 წლამდეა გათვალისწინებული, მისი აგენტი კი ცნობილი პორტუგალიელი ჟორჟე მენდეშია. ანუ, როგორც ინგლიური პრესა ვარაუდობს, მოლაპარაკებების დაწყების წინ, სასტარტო ფასი მინიმუმ 50 მილიონი ევრო იქნება. არ არის გამორიცხული, რომ 2021 წლის ზაფხულის სენსაციებს შორის, პედრუ ნეტუ სწორედ ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერი იყოს.