ავტორიზაცია

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ისტორიაში - როგორც მოხვდა 12 წლის ბიჭუნა გინესის რეკორდების წიგნში და რას აკეთებს დღეს?

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ისტორიაში - როგორც მოხვდა 12 წლის ბიჭუნა გინესის რეკორდების წიგნში და რას აკეთებს დღეს?
თარიღი: 06 მარ 2021, 18:58

2009 წელს ბალდივიესოს პროფესიონალურ ფეხბურთში დებიუტი ჰქონდა და მან პირველივე მატჩში ტრავმა მიიღო.

გინესების რეკორდის წიგნში რამდენიმე ფეხბურთელი ფიგურირებს. პელე იქ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის წოდებით შევიდა, პაოლო მალდინი - ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი კაპიტნის. ფრანც ბეკენბაუერი კი ადამიანად, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო როგორც კაპიტანმა და შემდეგ, როგორც მწვრთნელმაც. რაც შეეხება ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელს - ასეთად წიგნში შეყვანილია თავდამსხმელი მაურისიო ბალდივიესო.

დებიუტი პროფესიონალურ ფეხბურთში 12 წლის ასაკში

მაურისიო ბალდივიესო - ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც მოედანზე პროფესიონალურ მატჩში გავიდა. ბიჭუნას დებიუტი 2009 წლის 19 ივლისს შედგა, როცა ის თითქმის 13 წლის იყო (დაბადების დღემდე 3 დღე იყო დარჩენილი). მაშინ, მაურისიოს კლუბ „აურორას“ შემადგენლობის პრობლემები ჰქონდა - ლაზარეთი გადავსებული იყო, მთავარმა მწვრთნელმა ხულიო სესარ ბალდიბიესომ კი „ლა პასთან“ მატჩში ახალგაზრდები დააყენა. მატჩის მიწურულს, 84-ე წუთზე, 10-ნომრიანი მაისურით მან მოედანზე თავისი შვილი შეიყვანა, რომელიც ბურთს რამდენჯერმე შეეხო და სახიფათო ჯარიმაც მოიპოვა.

„ლა პასას“ მცველს, რომულო ალაკუს, რომელმაც თამაშის წესები დაარღვია, მთელი სტადიონი უსტვენდა. მაურისიო ბალდივიესომ მოედანი საკაცით დატოვა, მაგრამ უკვე რამდენიმე წუთში დაბრუნდა და თამაში გააგრძელა. მაურისიოს გუნდი 0:1 დამარცხდა, „აურორას“ მთავარმა მწვრთნელმა (12 წლის ფეხბურთელის მამამ) მსაჯი მკაცრად გააკრიტიკა, რადგან მან მისი შვილის წინააღმდეგ უხეშობა არაფრად ჩააგდო.

ხულიო სესარი მომავალშიც აპირებდა თავისი შვილის მატჩებში გამოყენებას, მაგრამ „აურორას“ ხელმძღვანელობა წინააღმდეგი იყო, ამიტომ ხსენებული მატჩიდან სულ რაღაც 5 დღეში, მან კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და შვილიც თან გაიყოლა.

ტრანსფერი ადგილობრივ „რეალში“ და ნაკრები

მაურისიო ბალდივიესო „მანჩესტერ იუნაიტედზე“ და მადრიდის „რეალზე“ ოცნებობდა, მაგრამ რეალობა სულ სხვანაირი აღმოჩნდა. დიდ ფეხბურთში დებიუტიდან ორ წელიწადში, მამა-შვილი „აურორაში“ დაბრუნდა და მან კვლავ მიიღო მატჩში მონაწილეობა. 2012 წელს, მამა გუნდიდან კიდევ ერთხელ წავიდა, თავდამსხმელმა კი სასტარტოში მოხვედრისთვის ბრძოლა გააგრძელა და ბოლივიის ჩემპიონატის მატჩებში მონაწილეობასაც იღებდა ხოლმე.

ერთი წლის შემდეგ, ბოლივიელი ფორვარდის ოცნება ნაწილობრივ ახდა: ის პოტოსის „რეალში“ გადავიდა, რომელსაც სათავეში ედგა... აბა გამოიცანით! დიახ, მამამისი. თუმცა, მაურისიომ ფეხი ვერც იქ მოიკიდა და მამასთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ... ისევ გამოიცანით! დიახ, მესამედ დაბრუნებულიყო „აურორაში“. იმდროისთვის ფორვარდი უკვე 16 წლის იყო და როგორც იქნა, სასტარტო შემადგენლობის წევრადაც იქცა. ჩემპიონატის 19 მატჩში მაურისიომ 3 გოლი გაიტანა, ნორმალური სეზონი ჩაატარა და „ხორხე ვილსტერმანში“ გადავიდა, რომელიც იმავე ქალაქის გუნდი იყო, რაც „აურორა“.

ამ გუნდში თავდამსხმელმა ძირითადში ფეხი ვერ მოიკიდა, მაგრამ ბოლივიის 20-წლამდელთა ნაკრებში ჰქონდა დებიუტი, სადაც ეკვადორის წინააღმდეგ 45 წუთი ითამაშა. „ხორხე ვილსტერმანში“ მაურისიო მოედანზე იშვიათად გადიოდა, მაგრამ გუნდის მიერ მოგებული კლაუსურას ჩემპიონატის ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სამი წელი უკლუბოდ

საჩემპიონო სეზონის შემდეგ, ბალდიბიესო ადგილობრივ „სან-ხოსეში“ გადავიდა, თუმცა მისი კარიერა წარმატებით ვერც იქ აეწყო. „ხორხე ვილსტერმანთან“ ერთად მოპოვებული ჩემპიონობა მის კარიერაში ერთადერთ ტიტულად რჩება. ახლა ფეხბურთელი 24 წლისაა და 2018 წლის შემდეგ უკლუბოდ იმყოფება. თუმცა, როგორც ჩანს, პროფესიონალური კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს. ალბათ, თავის ბედს ის მაინც არ ჩივის, რადგან გინესების რეკორდში მოხვედრა ყველას ნამდვილად არ ძალუძს.