ავტორიზაცია

ბარსელონას ძველი ახალი პრეზიდენტი ჰყავს - ახლა მესი ნამდვილად დარჩება?! ყველაფერი, რაც ჟოან ლაპორტაზე უნდა იცოდეთ

ბარსელონას ძველი ახალი პრეზიდენტი ჰყავს - ახლა მესი ნამდვილად დარჩება?! ყველაფერი, რაც ჟოან ლაპორტაზე უნდა იცოდეთ
თარიღი 08 მარ 2021, 19:48

ლაპორტას ლეოს შენარჩუნება და პეპის დაბრუნება სურს.

„ბარსელონაში“ პრეზიდენტი ოფიციალურად შეიცვალა. კატალონიური კლუბის მეთაურად ჟოან ლაპორტა აირჩიეს, რომელიც ამ პოსტს 2003-2010 წლებში იკავებდა. არჩევნებში მან 57%-ზე მეტი ხმა დააგროვა, მაშინ, როდესაც მისმა მთავარმა მეტოქემ - ვიქტორ ფონტმა - მხოლოდ 32%. მოგიყვებით, რა უნდა იცოდეთ ლაპორტას დაბრუნების შესახებ და როგორ შეიცვლება მისი მოსვლით „ბარსელონა“.

პირველი პრეზიდენტობა: 12 ტიტული, მათ შორის ორი ჩემპიონთა ლიგა

ლაპორტა „ბარსას“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტია. მასთან ერთად, კატალონიელებმა შვიდ წელიწადში 12 ტიტული მოიგო - ამაზე მეტი მხოლოდ ხოსეპ ლუის ნუნიესს (27) და... ხოსეპ ბართომეუს (13) აქვთ. ამასთან, ჩემპიონთა ლიგის მოგებების რაოდენობით, ის საერთოდაც საუკეთსოა. ლაპორტას გუნდის სათავეში ყოფნისას, კატალონიელებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ორჯერ მოიგეს.

თუმცა, მიუხედავად ყველა წარმატებისა, ლაპორტას მმართველობა მთლად ასეთი სტაბილური და უპრობლემოც არ ყოფილა. მან ააშენა ძლიერი გუნდი და ანდო ის ახალგაზრდა გვარდიოლას, მაგრამ ხშირად ცდებოდა სატრანსფერო ბაზარზე: ჩავარდნილი აღმოჩნდა, მაგალითად გლების, ჩიგრინსკის და იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერები. 2008 წელს კი ჟოანს უნდობლობის ვოტუმიც გამოუცხადეს - მაშინ, კლუბის წევრები მის „ჩამოგდებას“ აპირებდნენ, მაგრამ მხოლოდ 6% დააკლდათ.

საბოლოოდ, ლაპორტამ მეორე ვადაც მოიხადა და „ბარსა“ 2010 წელს დატოვა. უკვე კლუბიდან წასვლის შემდეგ, მას ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებდნენ (შემოსვლის ციფრები არ ემთხვეოდა). ჟოანს და ვიცე-პრეზიდენტებს სასამართლოშიც კი უცივლეს და 25 მილიონი ევროს დაბრუნებას ცდილობდნენ, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

წინასაარჩევნო კამპანია. ლაპორტამ „რეალის“ დამთავრების პირობა დადო

ლაპორტამ „ბარსელონაში“ დაბრუნება ადრეც სცადა. 2015 წელს მან არჩევნები ბართომეუსთან წააგო, მაგრამ განაცხადა, რომ კლუბის ამჟამინდელ რეჟიმთან ბრძოლას გააგრძელებს. „დანებებაზე საუბარიც კი ვერ იქნება. იძულებულები ვართ მარცხი ვაღიაროთ, მაგრამ ვერ ვეგუებით იმ გზას, რომელსაც „ბარსა“ მიჰყვება.“ - ამბობდა ჟოანი მაშინდელი წაგების შემდეგ.

2020 წლის შემოდგომაზე ლაპორტამ განაცხადა, რომ „ბარსელონას“ პრეზიდენტობაზე კენჭისყრას კიდევ ერთხელ აპირებს. მალევე გაჩნდა ინფორმაცია, რომ მოახლოვებულ არჩევნებზე, ფავორიტი სწორედაც რომ ის იქნება.

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ლაპორტამ „სანტიაგო ბერნაბეუს“ მახლობლად თავისი უზარმაზარი პოსტერი გამოფინა. თავისი ეს ორიგინალური გადაწყვეტილება მან შემდეგნაირად აღწერა: „ეს ტრანსპარანტი სითამამეს და გამოცდილებას უსვამს ხაზს. მინდა, რომ „ბარსელონამ“ მადრიდში ექვსი ისევ გაიტანოს.“

გეგმებში აქვს მესის დატოვება და გვარდიოლას დაბრუნება

„რეალის“ დამთავრებისა და ბართომეუსგან განსხვავებულად მოქცევის გარდა, ლაპორტამ კლუბში ლიონელ მესის დატოვების პირობაც დადო. „ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს ძალაშია, რომ ლეო „ბარსაში“ დარჩეს“, - უთხრა მან ფაბრიციო რომანოს. როგორც ამბობენ, არჩევნებში მესი ხმას სწორედ ლაპორტას აძლევდა.

ჟოანი აპირებს, რომ დიდი ყურადღება დაუთმოს კლუბის აკადემიას - ის, რასაც ბართომეუ არ აკეთებდა. გარდა ამისა, მან პეპ გვარდიოლას შესაძლო დაბრუნებაზეც თქვა: „პეპის დაბრუნებას ძალიან ვისურვებდი, მაგრამ ახლა ის „მანჩესტერ სიტიშია“. ამიტომ, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. გვარდიოლა „ბარსელონასთვის“ ნამდვილი ეტალონია და ბევრი კატალონიელი ისურვებდა, რომ გუნდს კვლავაც ის წვრთნიდეს.“ - აღნიშნა ლაპორტამ 2020 წლის მაისში.

ასეთი მხარდაჭერით ლაპორტას „ბარსელონასთვის“ ძველი დიდების დაბრუნება უფრო გაუადვილდება. მთავარია, რომ კარგი მაგალითი უკვე აქვს - მისივე პირველი პრეზიდენტობა.