ავტორიზაცია

5 მწვრთნელი, რომელმაც ზაფხულში შესაძლოა გერმანიის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს

5 მწვრთნელი, რომელმაც ზაფხულში შესაძლოა გერმანიის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს
თარიღი 09 მარ 2021, 16:36

როგორც დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, იოაჰიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებს 15-წლიანი მუშაობის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე დატოვებს.

Goal.ge-მ განიხილა და შეარჩია 5 მწვრთნელი, რომელიც გერმანიის ნაკრებს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაამშვენებდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს უბრალოდ ჩვენი საიტის რედაქციის ვერსიაა და არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, თუ რეალურად ვინ შეიძლება ჩაიბაროს ბუნდესნაკრების სადავეები ხელში.

1. იურგენ კლოპი

აბსოლუტურად იდეალური ვარიანტი გერმანიის ნაკრებისთვის, თუმცაღა ბუნებრივია, ეს დიდად არ მოეწონებათ „ლივერპულის“ გულშემატკივრებს. თუ მერსისაიდელთა სეზონი ასე გაგრძელდა, კლოპის ნაკრებში წასვლა სულაც არ იქნება გამორიცხული. არის თუ არა ახლა ამისთვის იდეალური დრო? გერმანიის ნაკრებისთვის კი, აბსოლუტურად. აქ უკვე კლოპზეა დამოკიდებული, რამდენად მოისურვებს ის შედარებით პასიურ რეჟიმში მუშაობას, როცა წელიწადში ათიოდე შეხვედრის ჩატარება მოუწევს. საკლუბო ფეხბურთში მას უკვე ყველაფერი მოგებული აქვს და არ არის გამორიცხული, მშობლიურ ნაკრებს უარი ვერ უთხრას. 

იდეალური ვარიანტი იქნება კლოპოს წასვლა ნაკრებში, პარალელურად კი „ლივერპული“ მისმა ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, სტივენ ჯერარდმა ჩაიბაროს, რომელმაც „რეინჯერსთან“ არნახულ წარმატებას მიაღწია, 9-წლიანი პაუზის შემდეგ გუნდს ჩემპიონატი წარმოუდგენელი შედეგებით მოაგებინა და დიდი გამოცდილებაც მოიპოვა. ბევრი სტივის ურჩევს, რომ არ აჩქარდეს, მაგრამ „ლივერპულის“ შემოთავაზებაზე უარის თქმა რთული იქნება. თუმცა, ეს უკვე სრულიად სხვა საკითხია და გერმანიის მწვრთნელებთან კავშირი არ აქვს.

2. ჰანს-დიტერ ფლიკი

თავის დროზე, იოაჰიმ ლიოვი ორი წლის მანძილზე გერმანიის ნაკრებში მწვრთნელის ასისტენტის როლს ასრულებდა, შემდეგ კი გუნდი ჩაიბარა, 15 წლით დარჩა და მსოფლიო ჩემპიონატი გერმანული ფეხბურთის ისტორიაში მეოთხედაც მოიგო. 

ნაკრებში ასისტენტის როლის შესრულება ახალი არ არის ჰანსი ფლიკისთვის, რომელიც სწორედ იოაჰიმ ლიოვის თანაშემწე იყო მთელი 8 წლის (2006-2014) მანძილზე. 2019-ში ის ნიკო კოვაჩის ასისტენტი გახდა „ბაიერნში“ და იმავე წელს ხორვატი სპეციალისტი კლუბის მთავარი მწვრთნელის რანგშიც შეცვალა. რაც შემდეგ მოხდა ახალი არავისთვისაა. თითქოს, „ბაიერნმა“ მრავალი წლით იპოვა თავისთვის იდეალური მწვრთნელი, მაგრამ...

მიუხედავად იმისა, რომ ჰანსი „ბაიერნში“ ჯერ არასრული ორი წელია მუშაობს, მის ნაკრებში შესაძლო მისვლაზე საკმაოდ ბევრი იწერება და ის თავადაც არ უხურავს მშობლიურ ნაკრებს კარს. თუმცა, უცნობია, რამდენად მოისურვებს ის თავისი აწყობილი მანქანის მიტოვებას და გერმანიის ნაკრებში მისვლას, მაგრამ ის კი აშკარაა, რომ გერმანიის დღევანდელი ნაკრები მასზე უკეთ ბევრი არავის ეცოდინება. არაა გამორიცხული, მან ეს საქმე „ბაიერნთან“ შეთავსებითაც კი ჩაიბაროს.

3. რალფ ჰაზენჰიუტლი

ნაკლებად სავარაუდოა, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ მთავარ მწვრთნელად არაგერმანელი სპეციალისტი დანიშნოს, მაგრამ ავსტრიელი ჰაზენჰიუტლი შესაძლოა გამონაკლისი იყოს, რადგან მას გერმანიაში მუშაობის დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს და ავსტრიელ კლოპსაც კი ეძახიან. 

სამწვრთნელო კარიერაში რალფს „საუთჰემპტონამდე“ მხოლოდ გერმანული გუნდები ჰყავს გაწვრთნილი და მისთვის ახალი არც ეს ქვეყანა და არც მისი საფეხბურთო ნაკრებია. ამიტომ, ერთ-ერთ ვარიანტად მისი მიჩნევა საკმაოდ ლოგიკურიცაა, თუმცა ალბათობით რომ მივყვეთ, ამ სიაში მასზე ნაკლები შანსი გერმანიაში დანიშვნის მხოლოდ ერთ სპეციალისტს თუ ექნება.

4. რალფ რანგნიკი

ადამიანი, რომელიც ამჟამად კომპანია „რედ ბულის“ სპორტულ განყოფილებაში მუშაობს, გამოცდილი და ბევრისთვის სასურველი სპეციალისტია. გასულ წელს, მისი „მილანში“ დანიშვნა თითქმის გადაწყვეტილი საკითხი იყო, მაგრამ სტეფანო პიოლიმ კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ისეთი გუნდი დააყენა, რომ მისი გაშვება უბრალოდ უსამართლობა იქნებოდა და რანგნიკთან მოლაპარაკებებიც შეწყდა. შემდეგ, თავად რანგნიკმაც აღიარა, რომ „ჩელსი“ ეპატიჟებოდა, მაგრამ მხოლოდ 6-თვიან კონტრაქტს სთავაზობდა და მან დროებით მწვრთნელობაზე უარი თქვა. 

ისე კი, მას უამრავ გუნდში მუშაობის გამოცდილება უმაგრებს ზურგს, მათ შორის არიან „ლაიპციგი“, „შალკე“, „ჰოფენჰაიმი“, „ჰანოვერი“, „შტუტგარტი“ და სხვები. მას თავისი დამყარებული ფილოსოფია და კონკრეტული ხედვა გააჩნია, რაც დღევანდელი გერმანიის ნაკრებისთვის იდეალური და ზედგამოჭრილი უნდა იყოს.

5. იულიან ნაგელსმანი

როცა ჰაზენჰიუტლზე საუბრისას გითხარით, რომ მისი გერმანიაში დანიშვნის ალბათობა თითქმის ყველაზე დაბალია თქო, სიტყვა „თითქმის“ სწორედ ნაგელსმანის გამო იყო გამოყენებული. 32 წლის სპეციალისტი ევროპული გრანდებისთვის ნამდვილი ტკბილი ლუკმაა თავისი საფეხბურთო სტილისა და ახალგაზრდებთან მუშაობის სპეციფიკის გამო, მაგრამ ნაკრებში ამ ეტაპზე მისი დანიშვნა პრაქტიკულად შეუძლებელია, გამომდინარე პირველ რიგში ასაკიდან და თანაც, ასეთ ახალგაზრდულ ასაკში მწვრთნელებს შედარებით პასიური სტილით მუშაობა თავადაც არ ხიბლავთ. თუმცა, თანამედროვე გერმანელ სპეციალისტებს შორის ის ყველაზე მეტად მოთხოვნადია და ამიტომ, მისი არხსენება მშობლიურ ნაკრებზე საუბრისას, არ შეიძლებოდა.

აქ სადმე შეიძლებოდა თომას ტუხელის ჩასმაც, მაგრამ მან „ჩელსი“ სულ რაღაც თვენახევრის წინ ჩაიბარა და თუ სეზონის დარჩენილ ნაწილში მისი შედეგები კატასტროფულად არ გაუარესდა, ლონდონიდან მისი ზაფხულში აბარგება პრაქტიკულად გამორიცხული იქნება. ისევე, როგორც კლუბთან შეთავსებით მუშაობა.