დე იონგი: "ნეიმარის არყოფნა საქმეს საგრძნობლად გაგვიმარტივებს"
„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა, „პსჟ-სთან“ საპასუხო შეხვედრაზე ისაუბრა.
პარიზელთა მხრიდან ხვალ, 10 მარტს გასამართ შეხვედრას ნეიმარი გამოტოვებს, „ბარსელონას“ კი რონალდ არაუხო და ჟერარ პიკე გამოაკლდებიან.
„ნეიმარს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ. მისი მოედანზე არყოფნა საქმეს გაგვიმარტივებს, ეს ჩვენთვის უკეთესია. არ ვიცი, ეს როგორ უნდა გამოვხატო, მაგრამ ფაქტია, რომ მეტოქეს რომ ნეიმარი არ ეყოლება, ეს საქმეს გაგვიმარტივებს.
არ ვიცი, იყო თუ არა პირველი მატჩის ანგარიში 1:4 სამართლიანი, მაგრამ ჩვენ სუსტად ვითამაშეთ. გვინდა, თავი კარგად წარმოვაჩინოთ, კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ და სიტუაცია გავათანაბროთ.
ყოველთვის უნდა გჯეროდეს, რომ ქამბექი შესაძლებელია, მაგრამ ეს მოედანზეც უნდა დავამტკიცოთ. ბოლო დროს კარგ შედეგებს ვაღწევთ. „სევილიასთან“ მატჩებში გუნდმა ერთიანობა გამოიჩინა. პარიზში მივდივართ, რათა მოგება ვცადოთ და თამაშში დავბრუნდეთ.
კარგად ვვარჯიშობთ, მე პირადად თავს კარგად ვგრძნობ, ეს კი მნიშვნელოვანია. მინდა, ასევე გავაგრძელო, იმიტომ რომ ბედნიერი ვარ.
ლაპორტას მოგება არჩევნებში? გვიხარია, რადგან ეს კლუბისთვის მნიშვნელოვანია. მას არც ისე კარგად ვიცნობ, რადგან აქამდე არასდროს მისაუბრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში დავილაპარაკებთ. „პსჟ-სთან“ მატჩისთვის ლაპორტამ წარმატებები გვისურვა.“ - აღნიშნა დე იონგმა.
შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.