ავტორიზაცია

რუსული ფეხბურთის ყველაზე ქართული წერტილი - როგორ წერენ ჩვენები რუბინის თანამედროვე ისტორიას?

რუსული ფეხბურთის ყველაზე ქართული წერტილი - როგორ წერენ ჩვენები რუბინის თანამედროვე ისტორიას?
თარიღი 12 Mar 2021, 15:20

ყაზანის "რუბინი" არ ითვლება რუსული ფეხბურთის ელიტარულ წარმომადგენლად, როგორც იგივე მოსკოვური კლუბები ან თუნდაც სანქტ-პეტერბურგის "ზენიტი". ქართველი ქომაგისთვის კი "წითელ-მწვანეები" პერიოდულად ხვდებიან ყურადღების ცენტრში, მიზეზი: ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების საკმაოდ დიდი რაოდენობა. გავიხსენოთ და განვიხილოთ საუკეთესო "ჯვაროსნები" "რუბინში".

პირველი მერცხალი

ქართულმა გვარმა ყაზანში პირველად ხმაურიანად გაიჟღერა 2002 წელს, როდესაც რუსეთში რიგის "სკონტოდან" დავით ჩალაძე გადავიდა. "წითელ-მწვანეებში" ტრანსფერამდე, ქართველი ფორვარდი გამოირჩეოდა საუცხოო შედეგიანობით ლატვიაში, სადაც 105 მატჩში მან 76 გოლი გაიტანა.

"ქვების" თავდამსხმელმა არც ახალ გარემოში მოუკლო და 23-გოლიანი სეზონი გამოადნო. მან ითამაშა უდიდესი როლი თავისი გუნდის უმაღლეს დივიზიონში აღზევების საკითხში, რაზეც მეტყველებს რუსეთის მეორე ლიგის საუკეთესო გოლეადორის ტიტული, რომელიც ყურბან ბერდიევის გუნდის მე-11 ნომერმა სეზონის ბოლოს მოიგო.

"რუბინის" შემდეგ, ჩალაძემ თავისი საფეხბურთო თავგადასავალი გააგრძელა ფამაგუსტას "ანორთოსისში", თემურ ქეცბაიასთან. საპირისპირო მიმართულებით, ანუ კვიპროსიდან ყაზანში ცოტა ხნის შემდეგ გადმოვიდა გიორგი ქინქლაძე, რომელმაც კარიერის დასკვნითი ეტაპი სწორედ ამ გუნდში გაატარა.

მეფე

ქართველი შემტევი ნახევარმცველი შემოიფარგლა სულ რაღაც 13 შეხვედრით და 2 გოლით. აღსანიშნავია, რომ ორივე ბურთი მან გაიტანა ერთ მატჩში, გროზნოს "ტერეკთან". სწორედ ეს იყო რუსული გუნდის ფლეიმეიქერის პირველი და უკანასკნელი გაელვება კარიერის ბოლოს. როგორც ავღნიშნეთ, "წითელ-მწვანეების" შემდეგ, ის ფეხბურთიდან წავიდა.

ბარსელონა რომ დაამარცხეს

გამოსარჩევია ლაშა სალუქვაძისა და დავით კვირკველიას ტანდემი, რომელთან ერთადაც "ქვებმა" რუსეთის ჩემპიონობა ზედიზედ ორჯერ იზეიმეს. ჩვენები თამაშობდნენ ჩემპიონთა ლიგაზეც კი და "ბარსას" "კამპ ნოუზე" სენსაციურად დამარცხების პროცესმა სალუქვაძის აქტიური მონაწილეობით ჩაიარა.

ბერდიევის გუნდის სათადარიგოთა სკამზე იჯდა ნუკრი რევიშვილი, კვირკველია კი იმ დროს უკვე მახაჭკალის "ანჟიში" გადასვლისთვის ემზადებოდა. ლაშამ "რუბინში" ჩაატარა 91 მატჩი და გაიტანა ორი გოლი, დათო კი 34 შეხვედრით და 3 ბურთით შემოიფარგლა. ასეთი იყო ქართული დუეტი.

ახალი თაობა

ახალ დეკადაში ყაზანში გამოჩნდა კიდევ ერთი ქართველი ვარსკვლავი, საბა კვერკველია, რომელსაც იქამდე გამოვლილი ჰქონდა თბილისის "დინამოს" და სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" აკადემიები. ქართველმა უკანახაზელმა "წითელ-მწვანეებში" გაატარა 6 არასრული სეზონი, 111 მატჩით და 3 გოლით. მისი შემდეგი გაჩერება იყო "ლოკოში", რუსეთის ჩემპიონის ტიტულით კოლექციაში.

2019 წლის 1 ივლისს "ქვებში" გაიჟღერა ახალმა ქართულმა სახელმა - ხვიჩა კვარაცხელია, უნიჭიერესი ახალგაზრდა შემტევი, რომელიც მოსკოვში არ დააფასეს. მის მიმართ დაინტერესებას იჩენენ ევროპული გრანდები, საუბარია სერია ა-ს, ლა ლიგის და ბუნდესლიგის წამყვანი გუნდების შესახებ.

ქართველმა შემტევმა მოაგროვა ინდივიდუალური ჯილდოების სოლიდური კოლექცია, რაც გულისხმობს რამდენიმე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელობას და ლეონიდ სლუცკის გუნდის თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის დაუფლებას, თანაც არაერთხელ. "რუბინის" ვინგერის მონაგარი ამ დროისთვის 46 მატჩში გატანილ 5 გოლს შეადგენს.

ყაზანში დამკვიდრების მცდელობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ მიხეილ აშვეთიას, ნუკრი რევიშვილს, ნიკა კაჭარავას, მამუკა კობახიძეს, ბექა მიქელთაძეს და სხვებს. ზურიკო დავითაშვილი კი ახლაც იმყოფება "წითელ-მწვანეების" საკუთრებაში და იჯარით ვოლგოგრადის "როტორში" თამაშობს.