"დროა განვმარტო, რატომ არ ვაქცევდი ამ რეკორდს ყურადღებას დღემდე", - რონალდუ
კრიშტიანუ რონალდუ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდებას გამოეხმაურა.
ბოლო რამდენიმე კვირა, სიახლეები გადავსებული იყო სტატისტიკით, რომელიც ამბობდა, რომ 757 გოლით ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში პელე ჩამოვიტოვე. მადლობელი ვარ აღიარებისთვის, მაგრამ დროა განვმარტო, რატომ არ გამიმახვილებია ყურადღება ამ რეკორდზე ამ მომენტამდე.
ჩემმა უდიდესმა და მარადისებულმა პატივისცემამ მისტერ ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს მიმართ და ასევე, მე-20 საუკუნის შუა რიცხვების ფეხბურთისადმი პატივისცემამ მაიძულა, გამეთვალისწინებინა, რომ მას აქვს გატანილი 767 გოლი და უნდა ჩაეთვალოს „სან-პაულუს“ შტატის ნაკრებში გატანილი 9 და ბრაზილიის ჯარის გუნდში გატანილი 1 გოლი ოფიციალურად უნდა ჩაეთვალოს. მსოფლიო მას შემდეგ შეიცვალა, ისევე, როგორც ფეხბურთი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ისტორია ჩვენივე ინტერესების სასარგებლოდ უნდა წავშალოთ.
დღეს, როცა საფეხბურთო კარიერაში 770-გოლიან ნიშნულს მივაღწიე, მინდა პირველ რიგში პელეს მივმართო. მსოფლიოში არცერთი ფეხბურთელი არ არსებობს, ვინც უდიდესი აღტაცებით არ საუბრობდეს მის თამაშზე, გოლებზე და მიღწევებზე. გამონაკლისი არც მე ვარ. ამის გამო, ძალიან ამაყი და მოხარული ვარ, რადგან ვხვდები, რომ გავიტანე გოლი, რომელმაც ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა რანგში პელეზე მაღლა დამაყენა - ამაზე ვერასდროს ვიოცნებებდი მაშინ, როცა მადეირაზე ვიზრდებოდი.
მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემთან ერთად ამ წარმოუდგენელ მოგზაურობაში. ჩემს თანაგუნდელებს, ოპონენტებს, ამ ულამაზესი თამაშის გულშემატკივრებს მსოფლიო მასშტაბით და პირველ რიგში: ოჯახს და ახლო მეგობრებს. დამიჯერეთ, თქვენს გარეშე ვერაფერს შევძლებდი.
ახლა კი მოუთმენლად ველი შემდეგ თამაშებსა და გამოწვევებს. მორიგ რეკორდებს და ტიტულებს. დამიჯერეთ, ისტორია დასრულებისგან ჯერ ძალიან შორსაა. მომავალი ხვალინდელი დღეა, „იუვენტუსს“ და პორტუგალიას კი უამრავი რამ აქვთ მოსაგები. შემომიერთდით ამ მოგზაურობაში, წავედით.“ - წერს პორტუგალიელი სოციალურ ქსელში.