კითხვა "ევროპაში მოვხევ და რამე იქნება"-ს მოყვარულთათვის - სად წავა კვარაცხელია რუბინის შემდეგ?
ყაზანის "რუბინის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ევროპაში ტრანსფერი საკმაოდ აქტუალური საკითხია. განვიხილოთ წამყვანი ჩემპიონატები და ის ერთი იდეალური ვარიანტი, რომელიც ქართველი ვინგერის კარიერას დაამშვენებს. მოკლედ, რუსული გუნდის გარემარბის ევროტური.
ლა ლიგა - სევილია
იმიტომ არა, რომ 20-წლის შემტევის სახელი გასული წლის შემოდგომაზე ანდალუსიელებს დაუკავშირეს. აღნიშნული გუნდი წარმოადგენს იდეალურ შეუალედს პრიმერა დივიზიონის დიდ ბიჭებსა და მათ უმცროსებს შორის. ობიექტურად, "წითელ-მწვანეების" 21-ე ნომრის მადრიდის "რეალში", "ატლეტიკოში" ან "ბარსაში" გადასვლა არის ნაადრევი.
რაც შეეხება რანგით დაბალ გუნდებს, "დალაქები" თავის კონკურენტებს აღემატებიან რამდენიმე კომპონენტში, პირველ რიგში ევროსარბიელზე სისტემატური გამოსვლის საკითხში. იგივე "სოსიედადი" ან თუნდაც "ბეტისი" "როხიბლანკოსგან" ამ მხრივ ძალიან შორს არიან. მოკლედ, კვარასთვის ეს გუნდი ნამდვილი მისწრებაა.
პრემიერ ლიგა - ვულვერჰემპტონი
ქართველი შემტევი გვარად რომ ყოფილიყო "კვარაცხელიაუ", ის უკვე "უონდერერსში" იქნებოდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ხვიჩა არ არის პორტუგალიელი და მისი "ვულვზში" გადასვლა ასე გარანტირებულად არ ჩანს. ისმის კითხვა: რატომ მაინცდამაინც ეს გუნდი?
ლა ლიგაში "ესტადიო რამონ სანჩეს პისხუანის" ბინადრების მსგავსად, ბობოლებამდე ხიდს სწორედ "მგლები" წარმოადგენენ. ახალგაზრდა, სწრაფი და ტექნიკური მოთამაშეებით დაკომპლექტებული "შავ-ყვითლები", რომლებიც ცოცხალ ფეხბურთს თამაშობენ. "ქვების" ვინგერი ზედმეტი აქ არ იქნება.
სერია ა - რომა
დიახ, ვიცით, რომ რადარზე არის ტურინის "იუვენტუსი", "ინტერი" და "მილანი", თუმცა რამდენად სჭირდება 20-წლის შემტევს აღნიშნული სამეული? "სინიორაში" ახალგაზრდა ვინგერებისთვის არ არის ადგილი, "ნერაძურის" ტაქტიკა ლეონიდ სლუცკის გუნდის 21-ე ნომრისთვის უჩვეულოა, "როსონერის" კი ჯერ კრიზისიდან გამოსვლა სჭირდება.
რაც შეეხებათ "მგლებს", ეს არის სერია ა-ს საუკეთესო გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებისა და მოგვიანებით მათი სარფიანად გაყიდვის საკითხში. "ჯალოროსი" ბოლო წლებში იქცა ევროპული ფეხბურთის ნამდვილ კოლისეომად, თანაც პირდაპირ გრანდებისთვის.
ბუნდესლიგა - ვოლფსბურგი და არა დორტმუნდის ბორუსია
ვიცით, ვიცით, კვარაცხელიას "შავ-ყვითლებში" გადასვლა აქტუალური საკითხია, თუმცა ნაადრევი ხომ არ არის? უბრალოდ გადახედეთ ამ გუნდის შეტევაში არსებულ კონკურენციას, თანაც ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ მაღალი სატრანსფერო ფასის გამო, "ფუტკრების" მარტივად გასხვისება ნაკლებად სავარაუდოა.
ქართველი შემტევისთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა უფრო მშვიდ გარემოში პროგრესირება და დადებითი შედეგის შემთხვევაში, ერთ ან ორ სეზონში იგივე ვეტსფალიაში გადასვლა. არაა გამორიცხული, რომ ხვიჩა "მგლებში" მიუნხენის "ბაიერნამდეც" მომწიფდეს, რატომაც არა?!
ლიგა 1 - ლიონის ოლიმპიკი
ლიგა 1-ში "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლამდე ერთი ნაბიჯი არის. ამისთვის საჭიროა დაბალი რანგის გუნდში მინიმუმ პროგრესირება და ფლანგზე სწრაფად სირბილი. "რუბინის" ვინგერისთვის ოპტიმალური ვარიანტი იქნება "ლომები", მითუმეტეს მემფის დეპაის "ბლაუგრანაში" გადასვლის შემთხვევაში.
ერედივიზიონი - ამსტერდამის აიაქსი
ტოტალური ფეხბურთის ქვეყნის საუკეთესო წარმომადგენელი, არავითარი დაცვაში დგომა და ბურთის გორაობა - იდეალური გარემო ახალგაზრდა შემტევის განვითარებისთვის. ვინ იცის, 20-წლის ვინგერის გადასვლის შემთხვევაში, იქნებ ამსტერდამის ქუჩებში კიდევ ერთი ქართული გრაფიტი გაჩნდეს.
პრიმეირა ლიგა - ლისაბონის ბენფიკა
ერედივიზიის მსგავსად, კიდევ ერთი აკვანი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. რატომ "არწივები" და არა "პორტო" ან თუნდაც ლისაბონის "სპორტინგი"? საქმე ისაა, რომ ლეგიონერების განვითარების და გრანდებში გასხვისების ამოცანა "წითლებს" ბოლო წლებში კონკურენტებზე უკეთ გამოსდით.
შოტლანდიის პრემიერ ლიგა - გლაზგო რეინჯერსი
შოტლანდიელების ინტერესის შესახებ არ იწერება და არაა გამორიცხული, ეს გუნდი ყაზანელთა 21-ე ნომრის ტრანსფერს საერთოდ ვერ გაწვდეს. უბრალოდ წარმოიდგინეთ სურათი: კვარა ხდება სტივენ ჯერარდის შეგირდი, ინგლისელი ტაქტიკოსი მწვრთნელის რანგში ბრუნდება "ლივერპულში" და თავისი მოთამაშეც თან მიჰყავს.
უკრაინის პრემიერ ლიგა - დონეცკის შახტარი
იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ჩამოვარდება უკრაინაში გადასვლის თაობაზე, პრიორიტეტული ვარიანტი უნდა იყოს სწორედ დონბასი და არა იგივე კიევის "დინამო". ცხადია, უკრაინა იქნება უბრალოდ ტრამპლინი და ლეგიონერების მიმართებაში ამ მხრივ ყველაზე ეფექტურები ამ ქვეყანაში სწორედ "მაღაროელები" არიან.
სუპერლიგა - გალათასარაი
სუპერლიგა ნამდვილად არ არის ადგილი პერსპექტიული ახალგაზრდებისთვის, რადგან აქ მთავარი მოქმედი პირები ვეტერანი ვარსკვლავები არიან. იმ შემთხვევაში, თუ თურქეთში წასვლა მაინც იქნება გარდაუვალი, აჯობებს "ლომების" რიგები, რადგან ეს კლუბი ოსმალეთში საუკეთესოა.
საბერძნეთის სუპერლიგა - პირეოსის ოლიმპიაკოსი
ნაკლებად სავარაუდო გარემოება. ერთადერთი კლუბი სუპერლიგაში, რომელიც ფინანსურად გაწვდება ქართველი შემტევის ტრანსფერს სწორედ "ლეგენდა" არის. არსებობს თუ არა "თეთრ-წითლების" მხრიდან რეალური ინტერესი? პრესაში შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჭორის დონეზე იწერებოდა.
ისევ რუსეთის პრემიერ ლიგა - სანქტ-პეტერბურგის ზენიტი
ხვიჩა რუსული ფეხბურთის ფლანგმანის შემადგენლობაში გადაყავთ ადგილობრივ ჟურნალისტებსა და ვეტერან ფეხბურთელებს. თავად "წითელ-მწვანეების" ვინგერს არ ხიბლავს ამ ქვეყანაში დარჩენის იდეა და აქედან გამომდინარე, "თეთრ-ლურჯებში" ტრანსფერის ალბათობა ძალიან მცირეა.