მოლოდინი: რონალდუს შეცვლა, ევრო 2021-ზე გასვლა, რეალობა: ტკივილი - აზარის და ჩაკვეტაძის საერთო კოშმარი
2018 წლის შემოდგომა - უეფას ახალშექმნილ ტურნირზე, ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ამომავალი ვარსკვლავი, გიორგი ჩაკვეტაძე სასწაულებს ჩადის. "ჯვაროსნების ფლეიმეიქერი ყაზახებმა, ლატვიელებმა და ანდორელებმა უბრალოდ ვერ გააჩერეს: 6 მატჩი, 4 გოლი, 3 ასისტი.
ჩვენებმა D ლიგის D1 ჯგუფში დაიკავეს პირველი ადგილი, "გენტის" შემტევს კი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირობამდე სულ რაღაც ერთი გოლი დააკლდა. ეს ყველაფერი ხდებოდა 2018 წლის შემოდგომაზე, 6 სექტემბრიდან - 19 ნოემბრის ჩათვლით, ერთა ლიგის გათამაშების ფარგლებში.
"თეთრ-წითლების" პარალელურად, აღნიშნულ ტურნირზე რამდენიმე საფეხურით მაღლა იბრძოდა ბელგიის ეროვნული ნაკრებიც, ედენ აზარის ლიდერობით, რომელმაც შვეიცარიას პირველი ადგილი მხოლოდ ბურთების უარესი შეფარდების საფუძველზე დაუთმო. ერთა ლიგის პარალელურად, ბელგიელი ლონდონის "ჩელსიშიც" მოწოდების სიმაღლეზე იყო.
იმ დროს "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" დომინაცია არ იყო ისეთი გამოკვეთილი, "არისტოკრატები" კი ჯერ კიდევ ტოვებდნენ ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდის შთაბეჭდილებას. იყო პერიოდი, როდესაც "ქალაქელებს", მერსისაიდელებსა და "ლურჯებს" შორის ეპლ-ში 3-ხელისუფლებიანობაც კი სუფევდა.
ალბათ არ ღირს იმის შეხსენება, თუ რას წარმოადგენდა ამჟამად მადრიდის "რეალის" შემტევი ნახევარმცველი "პენსიონერებისთვის". ის იყო გუნდის ლიდერი, თანაც ნებისმიერი მწვრთნელის მეთაურობით. "სამეფო კლუბის" 7-იანი სრულიად დამსახურებულად ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ "სტემფორდზე".
30-წლის შემტევი მსეზონის მეორე ნახევარშიც ავლენდა თავის საუკეთესო თვისებებს, მაშინ, როდესაც "გენტის" ათიანმა კარიერის ყველაზე მძიმე ტრავმა მიიღო. უფრო კონკრეტულად კი 2019 წლის 23 თებერვალს, 21-წლის ფლეიმეიქერმა დაიზიანა მუხლი და მოედანს 281 დღით ჩამოშორდა.
დიახ, ჩაკვეტაძე იყო ლაზარეთში, როდესაც აზარმა მაურიციო სარის გუნდში მოიგო ევროპა ლიგა, შემდეგ კი "ბლანკოსში" გადავიდა. ქართველი ფლეიმეიქერის დაბრუნება მოხდა 2019 წლის 1 დეკემბერს, მაშინ, როდესაც ბელგიელი ჰავბეკის რეზიუმეში უკვე რამდენიმე მიკროტრავმა ფიგურირებდა.
ედენის პირველი სერიოზული დამტვრევა მოხდა გიორგის დაბრუნებიდან ზუსტად ოთხი დღის შემდეგ, ანუ 5 დეკემბერს. საუბარია "პარი სენ-ჟერმენთან" მატჩზე, რომელიც "თეთრების" ფლეიმეიქერს 67-დღიან უქმობად და თავისი გუნდის 17 შეხვედრის გამოტოვებად დაუჯდა.
შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ტრავმის შემდეგ, მცირე გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, "გალაქტიკოსების" შვიდიანს ფეხბურთი პრაქტიკულად არ უთამაშია. ზინედინ ზიდანის გუნდში გადმოსვლის შემდეგ, ტრავმებისა და კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, 30-წლის ფლეიმეიქერმა საერთო ჯამში 320 დღე გამოტოვა.
აზარი ახლაც ტრავმირებულია და მის წინაშე მიმდინარე სეზონის დარჩენილი ნაწილისა და მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის გამოტოვების საშიშროება დგას. რაც შეეხება "გენტის" ფლეიმეიქერს, გასული სეზონის მეორე ნახევარში ის ცდილობდა ფორმაში ჩადგომას და არსებობდა სრულფასოვანი ქამბექის იმედი.
ყველაფერი ჩაიშალა მიმდინარე სეზონის დასაწყისში, ანუ 2020 წლის სექტემბერს, როდესაც ბელგიური გუნდის ათიანმა მუხლის მორიგი ტრავმა მიიღო. ბელგიელი ფლეიმეიქერის მსგავსად, 21-წლის ჰავბეკი ახლაც ლაზარეთშია და უკვე დადასტურდა, რომ მოახლოებულ სანაკრებო მატჩებს ის გამოტოვებს.
ედენის დაბრუნების მსგავსად, ჩაკვეტაძის ქამბექის თარიღიც გაურკვეველია. გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე კარგ შემთხვევაში მოედანზე ის მაისში გამოვა. რა აქვთ საერთო ედენსა და ქართველ ფლეიმეიქერს ერთმანეთთან ტრავმატულობისა და გამოტოვებული მატჩების უთვლელი რაოდენობის გარდა?
ცოტა ხნის წინ, ანუ ზემოთხსენებულ 2018 წლის შემოდგომაზე, ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ "სანტიაგო ბერნაბეუს" ბინადრების შემტევი და გიორგი ლაზარეთში გაატარებდნენ პრაქტიკულად მთელ მომდევნო ორ სეზონს. სამწუხაროა, როდესაც ნიჭს მუხლში არსებული ტკივილი ფარავს.
იმედი დავიტოვოთ, რომ "რეალის" შვიდიანი და "ინდიელების" შემტევი დაბრუნდებიან. კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ, მადრიდს სჭირდება ლიდერი, საქართველოს კი ის ახალი სისხლი, რომელიც ქომაგებს წარმატების გემოს გაახსენებს, ეს დასასრული ნამდვილად არ არის!