იუვენტუსმა რონალდუს მიზერული ფასი დაადო?! ყველაფერი თავად პორტუგალიელი გადაწყვეტს

„იუვენტუსის“ ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ზაფხულში შესაძლოა გუნდი შეიცვალოს.
რამდენიმე დღის წინ, გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ დასძინა, რომ ტურინელებმა გადაწყვიტეს, კრიშტიანუ რონალდუ თავისთან დაიტოვონ. მას კონტრაქტი გუნდთან 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
თუმცა, ამისდა მიუხედავად, პორტუგალიელის მომავლის გარშემო საუბრები არა და არ ცხრება.
ასე, გამოცემა AS იტყობინება, რომ „ბებერ სინიორას“ რონალდუს თაობაზე ჯერ შემოთავაზება არავისგან არ მიუღია. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ 36 წლის ფეხბურთელი გუნდიდან წასვლის სურვილს გამოთქვამს და მას კონკრეტული მსურველიც გამოუჩნდება, „იუვენტუსი“ იქნება მზად, ფეხბურთელს შეელიოს და მის წასვლას წინ არ აღუდგეს.
ტურინულ გუნდს რონალდუს დაახლოებითი საფასურიც დასახელებული აქვს - 25 მილიონი ევრო. სწორედ ეს თანხა სჭირდება „იუვეს“ თავისი ფინანსური პრობლემების მოგვარების დაწყებისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ პორტუგალიელ შემტევს კონკრეტული მსურველი არ ეყოლება, „ბიანკონერი“ ფეხბურთელს თავისთან დაიტოვებს. ასეა თუ ისე, საბოლოო სიტყვა მაინც რონალდუმ უნდა თქვას.
მას შემდეგ, რაც „იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგიდან „პორტუსგან" გავარდა, პრესამ კრიშტიანუ ყველაზე აქტიურად მადრიდის „რეალს" დაუკავშირა.