ავტორიზაცია

რეალის მარადიული ლეგენდა, რომელიც ქართველმა ხალხმაც იხილა და რომელსაც ბერნაბეუზე დღემდე უმღერიან

რეალის მარადიული ლეგენდა, რომელიც ქართველმა ხალხმაც იხილა და რომელსაც ბერნაბეუზე დღემდე უმღერიან
თარიღი 02 აპრ 2021, 21:40

„სანტიაგო ბერნაბეუზე“, „რეალის“ ყველა მატჩის მეშვიდე წუთზე, ტრიბუნები სკანდირებენ: Illa, Illa, Illa, Juanito Maravilla.” ბევრისთვის ეს ვირში ნაცნობია, მაგრამ არც კი იციან, ვინ იყო ეს ადამიანი - ხუან გომესი, ან უბრალოდ ხუანიტო. დიახ, მის შესახებ თითქმის ყველა „რეალის“ ქომაგს რაღაც სმენია, ზოგს მისი მონაწილეობით ვიდეოჩანაწერებიც კი აქვს ნანახი. ხუან გომესი, რომელსაც მადრიდისტები მოფერებით ხუანიტოს ეძახიან, არ იყო გენიალური ფეხბურთელი.

ესპანეთის ფარგლებს გარეთ, მას მხოლოდ გერმანიაში თუ დაიმახსოვრებდნენ, თანაც არც ისე სასიამოვნო მიზეზით (ქვემოთ იხილავთ ვიდეოს). თუმცა, მისი სახელი ჩაწერილია „სამეფო კლუბის“ ისტორიაში ოქროს ასოებით. მან სახელი მადრიდისტებს სამუდამოდ დაამახსოვრა, მაგრამ ზედმეტად ადრე გარდაიცვალა.

როგორ იწყებოდა ყველაფერი...

1954 წლის 10 ნოემბერს, მალაგასთან მყოფ პატარა ფუენხიროლაში, ქვაზე მომუშავე ხელოსნის ოჯახში დაიბადა ბიჭი, რომელსაც ხუანი დაარქვეს და მან თავისი „მწარე" ხასიათი ბავშვობიდანვე გამოიჩინა. მისნაირებზე ამბობენ „გესლიანი ენა აქვსო“. თუმცა, დედამ და მამამ შვილის მკაცრად აღზრდა და რაიმეს შეცვლა არ სცადეს. 

ფეხბურთის ბურთთან გაცნობა ხუთი წლის ასაკში მოხდა და ეს ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავდა. ყველა თავისუფალ წუთში ხუანიტო ბურთს მეგობრებთან ერთად აგორებდა. უკვე მაშინ, ახალგაზრდა ხუანი, ქუჩაში თამაშისას შეტევაში თამაშობდა. მის მოგების სურვილს თითქოს საზღვარი არ ჰქონდა. ჯერ ბავშვობაში, ის ყველა მატჩს ისე თამაშობდა, თითქოს ის მისთვის უკანასკნელი იყო. ერთ-ერთ ასეთ „ბრძოლაში“ მას თავში ქვა მოხვდა. მრავალი წლის შემდეგ, გომესი ღიმილით იხსენებდა ამ მომენტს, არადა იმ დროს მშობლებს საქმე სასაცილოდ ნამდვილად არ ჰქონდათ - ქვა რომ საფეთქელში მოხვედროდა...

დრო გადიოდა, ხუანიტო ეზოში და სკოლაში თამაშობდა და როგორც იქნა, დადგა მომენტი, როცა მას ყურადღება კლუბ „ასპესის“ წარმომადგენლებმა მიაქციეს. სწორედ იქ დაიწყო ხუანმა თავისი დიდებული კარიერა და სწორედ „ასპესში“ მიიღო მან თავისი „შვიდიანი“, რომელიც მთელი კარიერის მანძილზე თან გაჰყვა. გარკვეული დროის შემდეგ, ხუანიტო „ფუენხიროლაში“ გადავიდა, სადაც ახალგაზრდული გუნდის რიგები შეავსო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი ოსტატობა არამარტო თანატოლებზე დიდი იყო, არამედ პირველ გუნდის მოთამაშეებსაც აღემატებოდა. „ფუენხიროლა“ რეგიონალურ პრიმერაში ასვლისთვის იბრძოდა და ამ საქმისთვის ხუანიტოს 2-3 წელი მოუმატეს, რათა ის გუნდს დასახული მიზნის შესრულებაში დახმარებოდა. ეს 1968 წელს მოხდა, როცა ის სულ რაღაც 14 წლის იყო.

„ატლეტიკო“

„ინდიელებმა“ ნიჭიერი ბიჭუნა შენიშნეს, როცა ის 13 წლის იყო, თუმცა დედაქალაქში ხუანიტო ერთ წელიწადში გადაბარგდა. უნიკალური შემთხვევაა - ფეხბურთელი, რომელიც ჯერ 15 წლისაც კი არ იყო, ხუთწლიან პროფესიონალურ კონტრაქტს აფორმებს. ხუანიტოს პროგრესი სახეზე იყო, მაგრამ „ატლეტიკოს“ მწვრთნელმა, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, მასში საკმარისი ნიჭი ვერ აღმოაჩინა და თადარიგში გაუშვა.

როცა „დონ ხუანი“ 17 წლის გახდა, კლუბმა მას იჯარით „კალვო სოტელოში“ გაშვება დაუპირა, მაგრამ ხუანიტომ საკმაოდ უხეშად თქვა უარი ამ პერსპექტივაზე და „ფუენხიროლაში“ დაბრუნდა. მაგრამ, სულ მალე „ატლეტიკო“ გერმანელმა მაქს მერკელმა ჩაიბარა და ხუანიტოს შანსი მისცა. 18 წლის ასაკში, გომესი „კალდერონზე“ დაბრუნდა და თითქოს, მისი პერსპექტივები ძალიან გაფერადდა.

1972 წლის ზაფხულში, „ბენფიკას“ წინააღმდეგ გამართულ ერთ-ერთ ამხანაგურ მატჩში, ხუანიტომ ორი ძვალი ერთდროულად მოიტეხა და ფეხბურთს მთელი წლით ჩამოშორდა. უკვე შემდეგ ზაფხულს, გომესმა მძიმე ტრავმა მოირჩინა, მაგრამ „ატლეტიკოს“ სამწვრთნელო შტაბს მასზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული. „მელეიბეები“ ხუანიტოს მოშორებას ცდილობდნენ, მაგრამ პირველი ცდიდან არ გამოუვიდათ - „სევილიამ“ ფეხბურთელის იჯარით აყვანაზე უარი თქვა. სწორედ ამ დროს, გამოჩნდა „ბურგოსის“ ვარიანტი, რომელსაც იმდროს „ატლეტიკოს“ ყოფილი მწვრთნელი, მარია ნეგრილიო წვრთნიდა. ხუანიტომ მწვრთნელის ნდობა მოიპოვა, მაგრამ ვერ გაამართლა. „ბურგოსი“ მძიმე სატურნირო მდგომარეობაში იყო და პრიმერაში დარჩენა კი მოახერხა, თუმცა ხუანის დიდი დამსახურება ამაში არ ყოფილა - უბრალოდ, მისი დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა.

ერთი წლის შემდეგ, ხუანიტომ „ვისენტე კალდერონის“ უფროსობას ყველაფერი აზღვევინა და თავისი გაშვება ანანა, როცა „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ საუცხოო მატჩი ჩაატარა. გომესი „ბურგოსის“ ერთპიროვნული ლიდერი გახდა, ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელმა, ლადისლაო კუბალამ კი ის შეიყვანა გუნდის განაცხადში, რომელსაც მონრეალის ოლიმპიადაზე უნდა ეთამაშა.

მადრიდის „რეალი“

ხუანიტო აღიარებდა, რომ ბავშვობაში „სარაგოსას“ მიმართ ჰქონდა სიმპათიები, მაგრამ იმისდა მიხედვით, თუ როგორ ვითარდებოდა მისი პროფესიონალური კარიერა მწვერვალისკენ, მოდიოდა შეგრძნება, რომ მისთვის საფეხბურთო ევერესტი მადრიდის „რეალი“ იყო. „მადრიდში“ გადასვლა გომესისთვის აკვიატებულ იდეად იქცა და მან უმალვე უთხრა უარი... „ბარსელონას“, რომელიც „ბურგოსს“ მის ტრანსფერში 50 მილიონ პესეტს სთავაზობდა - იმდროისთვის უდიდეს ფულს. მაგრამ, როდესაც „სამეფო კლუბის“ შემოთავაზება გამოჩნდა, ხუანიტომ შემდეგი რამ თქვა:

„ამ სახლში შემოსვლა ჩემთვის ზეცისთვის ხელის შეხების ტოლფასი გახდა. მსოფლიოს ყველა გუნდში მე „რეალს“ ვამჯობინებ და ყველა ქალაქში - მადრიდს.“

1976 წლის 19 ნოემბერს, ხუან გომესი „თეთრი“ გახდა.

მიუხედავად ამისა, „სამეფო კლუბის“ ქათქათა მაისური ხუან გომესმა მხოლოდ შემდეგ სეზონში მოირგო და აქ დაიწყო ყველაფერი... დებიუტი მას წინასასეზონო მომზადების დროს ჰქონდა, როცა „რეალი“ მექსიკაში „გუადალახარას" ხვდებოდა. იმ სეზონში საუკეთესო მატჩი ხუანიტოს „კამპ ნოუზე“ ჰქონდა. „რეალის“ შემტევმა ტრიომ, რომელშიც ხუანიტოს გარდა კარლოს სანტილიანა და ჰენინგ იენსენი შედიოდნენ, მატჩის მიწურულს თამაში შემოატრიალა და ბოლო წუთებზე გატანილი ორი გოლის დახმარებით, მოსისხლე მტერის ბანაკში შვიდი წლის შემდეგ პირველად მოხერხდა გამარჯვების მოპოვება - 3:2. ხუან გომესის დიდებული კარიერა „ბერნაბეუზე“ დაიწყო...

ხუანიტო „სამეფო კლუბს“ ათი წელი ერთგულად ემსახურებოდა. თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ იმ წლებში „მადრიდი“ ევროპაში არ გამეფებულა, ესპანეთში მათ ბადალი არ ჰყავდათ. უბრალოდ დაფიქრდით - გომესის მიერ „რეალში“ გატარებულ ათწლეულში, გუნდი ხუთჯერ გახდა ლა ლიგის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო სამეფო თასი და ორჯერაც - უეფას თასი. ანუ, ხუანიტო „მადრიდში“ გატარებულ პრაქტიკულად ყველა სეზონში ახერხებდა თასის მოგებას. მაგრამ, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სწორედ ევროარენაზე გაჩნდა ის, რასაც დღემდე ეძახიან „ხუანიტოს სულს“. „რეალი“ ორმატჩიანი დუელის პირველ დაპირისპირებას სტუმრად, მსხვილი ანგარიშით აგებდა, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში რევანშს იღებდა და საჭირო ანგარიშით იგებდა. იმ მადრიდის სული სწორედ ხუანიტო იყო. ვერ იტყვი, რომ მას გასაოცარი ტექნიკა ან გეპარდისებური სისწრაფე ჰქონდა, მაგრამ მისი მონდომება და ბოლომდე დახარჯვის მზადყოფნა თანაგუნდელებს გმირობების ჩადენისკენ უბიძგებდა.

პირველი ასეთი ორმატჩიანი დუელი 1979/80-სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე შედგა, როცა მეოთხედფინალში „რეალის“ მეტოქე „სელტიკი“ იყო. მადრიდელები გლაზგოში 2:0 დამარცხდნენ და შინ არც ისე ადვილი საქმის შესრულება დასჭირდა. თუმცა, ის, ვინც 1980 წლის 19 მარტს „ბერნაბეუს“ ტრიბუნებზე იმყოფებოდა, თავს ბედნიერ ადამიანად უნდა მიიჩნევდეს. „სამეფო კლუბმა“ 3:0 მოიგო, გამარჯვების გოლი კი, ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, ხუანიტომ გაიტანა. ერთი წლის შემდეგ, ხუან გომესს ყველაზე ნანატრი ტიტულის მოგებაც კი შეეძლო, მაგრამ ფინალში „ლივერპულმა“ იმარჯვა. საინტერესოა, რომ 1981 წლის მარტში, ხუანიტოს თამაშის ცქერა ქართველებმაც შეძლეს - მოსკოვის „სპარტაკი", რომელიც ¼-ფინალამდე მივიდა და „რეალთან“ დამარცხდა, საშინაო მატჩს თბილისში ატარებდა.

უფრო დიდი ფერებით „ხუანიტოს სული“ 80-იანების შუაში გახდა ცნობილი. „მადრიდი“ შემდეგ ეტაპზე გადიოდა განურჩევლად იმისა, პირველ მატჩს 1:5-ს წააგებდა თუ 0:3-ს. ორბურთიანი ანგარიშით წაგებაზე ხო საუბარიც ზედმეტია. და თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ იმ მატჩებში ხუანიტო გოლს ვერ იტანდა, ამ უკანასკნელ ბრძოლაზე გუნდს სწორედ ის ქოქავდა. მატჩები „ანდერლეხტის“, „ბორუსიას“ და „ინტერის“ წინააღმდეგ უკვე იქცა ლეგენდად და ამაში უდიდესი წვლილი ჰქონდა ფუენხიროლაში დაბადებულ პერსონაჟსაც.

სამწუხაროდ, ევროპაში ასპარეზობა ხუანიტომ გამარჯვებით ვერ დაასრულა. 1987 წლის 8 აპრილს, მიუნხენურ „ოლიმპიაშტადიონზე“, ხუან გომესმა „რეალის“ მაისურით ევროთასებზე ბოლო მატჩი ჩაატარა. რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ეს დამშვიდობება ევროტურნირებთან, კიდევ უფრო არეული გამოვიდა. მიუნხენელთა ლიდერმა, ლოთარ მათეუსმა, მოედნის ცენტრში იუხეშა და თავადვე წაიქცა, რადგან ცდილობდა მეტოქისთვის ყვითელი ბარათი აეკიდებინა. სჯობდა, მას ეს არ გაეკეთებინა. რთული სათქმელია, რა ხდებოდა მაშინ ხუანიტოს სულში, მაგრამ ის, თუ როგორ მოიქცა ის იმ ეპიზოდში. სჯობს, თავადვე ნახოთ...

დაბრუნება ფესვებთან

ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია, რომელიც გომესს უეფასგან ერგო, „რეალისა“ და ფეხბურთელის განშორების ერთ-ერთ მიზეზად იქცა - მხარეებმა თანამშრომლობა ათწლიანი სასიყვარულო ისტორიის შემდეგ შეწყვიტეს, თუმცა ხუანიტოს კარიერა არ დაუსრულებია - ის ფესვებს დაუბრუნდა. მისთვის ახალი კლუბი „მალაგა“ გახდა. იმ დროს, მას ისეთივე სისწრაფე და გამძლეობა აღარ ჰქონდა, რომელიც „რეალის“ ლიდერობაში ეხმარებოდა, მაგრამ ტექნიკა და გამოცდილება ადგილზე იყო. მარტივად რომ ვთქვათ, „მალაგაში“ ის პირველივე დღიდან იქცა ხელშეუხებელ ავტორიტეტად და უყოყმანო ლიდერად.

1989 წლის 4 ივნისს, „ბერნაბეუს“ „მალაგა“ ეწვია. რთული სათქმელია დაზუსტებით, მაგრამ ალბათ, მას შემდეგ, ტრიბუნებზე შეკრებილ ხალხს მეტოქე გუნდის ფეხბურთელისთვის ტაში ასე მხურვალედ აღარასდროს დაუკრავთ. შეიძლება ისიც ითქვას, რომ მან ქომაგებს თავისებური მადლობაც გადაუხადა - „ბერნაბეუზე“ თავისი ბოლო სასწაული ჩაიდინა, როდესაც 25-მეტრიდან ბუიოს კარი ულამაზესი დარტყმით აიღო. მისი ბრწყინვალე კარიერის დასრულებამდე დღეებიღა იყო დარჩენილი...

ნაკრები

სამწუხაროდ, ნაკრებში ხუანიტოს თავისი ნიჭის სრულად გამოვლენა არ ეწერა. მას შემდეგ, რაც მისი უშუალო მონაწილეობით, ესპანეთს ეროვნულმა ნაკრებმა, 12-წლიანი პაუზის შემდეგ, 1978 წლის მუნდიალის საგზური მოიპოვა, მისი კარიერა ნაკრებში ვერ აეწყო. სხვათაშორის, არგენტინული მუნდიალისთვის შესარჩევი ეტაპის მატჩში, როცა ესპანეთის მეტოქე იუგოსლავია იყო, მოხდა ეპიზოდი, რომელიც ესპანეთში დღემდე ახსოვთ. ხუანიტო თითქმის მისული იყო სათადარიგო სკამამდე, როცა ტრიბუნებიდან ნასროლი ბოთლი პირდაპირ თავში მოხვდა. გომესმა რამდენიმე წუთით გონებაც კი დაკარგა... ინტერვიუში, მომხდარის შესახებ ხუანიტოს ხშირად ეკითხებოდნენ, მაგრამ ის მუდმივად ხუმრობით პასუხობდა და ამბობდა, რომ კარგი მორტყმა იყო.

დონ ხუანმა ორ მსოფლიო ჩემპიონატზე (1978 და 1982) და ევროპის ჩემპიონატზე (1980) ითამაშა, მაგრამ ესპანეთის ნაკრებმა ბევრს ვერაფერს მიაღწია. ის დიდებულად თამაშობდა კლუბში, თუმცა ნაკრების მწვრთნელები მის დაძახებაზე აღარ ფიქრობდნენ. თავად ხუანიტო ამაზე ძალიან დარდობდა, მაგრამ „ფურია როხას“ მწვრთნელის წინააღმდეგ არასდროს ცუდი არაფერი უთქვამს და სულ აღნიშნავდა, რომ ესპანეთს მასზე ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. თავის კარიერაში, ხუანიტომ ნაკრებში 34 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატანაც შეძლო.

შეწყვეტილი ფრენა

კარიერის დასრულების შემდეგ, ხუანიტო ფეხბურთთან განშორებას არ აპირებდა. მან მწვრთნელად სცადა ბედი და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, შემოთავაზებებით ნაკლებობას არ განიცდიდა. „ბურგოსის“ და „ვალიადოლიდის“ შემოთავაზებები იუარა და „მერიდაში“ გაჩერდა. იმასაც ამბობდნენ, რომ ხუანიტოს მწვრთნელობის კარგი ნიჭის ნიშნები ჰქონდა და შეიძლებოდა, უკეთესი მწვრთნელიც კი გამხდარიყო, ვიდრე ფეხბურთელი იყო. თუმცა, 1992 წლის 2 აპრილს, ხუან გომესის სიცოცხლე შეჩერდა. უეფას თასზე „რეალისა“ და „ტორინოს“ მატჩის შემდეგ, ხუანიტო მანქანით მერიდაში ბრუნდებოდა, თუმცა საშინელ ავარიაში მოჰყვა, რომელმაც შეაჯამა მისი ხანმოკლე, მაგრამ ძალიან კაშკაშა სიცოცხლე. ის მხოლოდ 38 წლის იყო...