ავტორიზაცია

წინა სეზონის ფინალის გამეორება და პორტუ მეორე სენსაციის იმედად - ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალები, დღე 2

წინა სეზონის ფინალის გამეორება და პორტუ მეორე სენსაციის იმედად - ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალები, დღე 2
თარიღი 07 აპრ 2021, 10:30

დღეს, ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალების მეორე დღეა და წინა სეზონის ფინალის გამეორებას ვიხილავთ.

„ბაიერნი“ – „პსჟ“

ცნობილია, რომ მეოთხედფინალი - ამ ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე რთული სტადიაა, რადგან ნახევარფინალში გასვლამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია, იქ კი უკვე მხოლოდ ყველაფერი საუკეთესო ხდება. ამ სტადიაზე გუნდები უკვე მაქსიმალურად კონცენტრირებულები არიან, ეს კი მხოლოდ ერთს ნიშნავს - ჩვენ ვიხილავთ ორი შემტევი გუნდის დიდებულ მატჩს.

მიუნხენის „ბაიერნი“, როგორც ყველას ახსოვს, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია. 1/8-ფინალში ჰანსი ფლიკის შეგირდებმა უპრობლემოდ გაიარეს რომის „ლაციოს“ ბარიერი. თითქოს, საკმაოდ კონკურენტული წყვილი საკმაოდ მარტივად, გერმანული მანქანის მშვიდი გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, დღევანდელ მატჩში „რეკორდმაისტერს“ მთავარი ვარსკვლავი და ბომბარდირი, რობერტ ლევანდოვსკი არ ეყოლება, რაც გუნდის ამოცანას ართულებს. 

პირველ რიგში, „ბაიერნის“ პრობლემები უკვაშირდება იმას, რომ ლევანდოვსკის შემცვლელი არ ჰყავს - შეიძლება მოედანზე ერიკ ჩუპო-მოტინგი ვიხილოთ, თუმცა არაა გამორიცხული, ფსონი თომას მიულერზე გაკეთდეს.

„პსჟ-მ“ წინა სეზონში ფინალამდე დამაჯერებლად მიაღწია და ამ სეზონშიც საკმაოდ კარგად გამოიყურება. ორმატჩიან დაპირისპირებაში პარიზულმა გუნდმა „ბარსელონა“ 5:2 დაამარცხა და ახლა კიდევ უფრო რთული ამოცანის წინაშე დგას. თუმცა, მათ ერთი კოზირი ხელში ჰყავთ - კილიან მბაპე, რომელმაც მერვედფინალური დაპირისპირება პრაქტიკულად მარტომ მოიგო. პარიზელთა საქმეს იკარდის და ვერატის არყოფნა შედარებით გაართულებს.

ვერ ითამაშებენ: ჰოფმანი, კოსტა, ლევანდოვსკი, მარტინესი, ტოლისო, ტილმანი, გნაბრი - იკარდი, ბერნატი, ვერატი, კურზავა, პარედესი, ფლორენცი.

საინტერესო ფაქტები:

„ბაიერნს“ ამ სეზონში ჯგუფური ეტაპის არცერთი მატჩი არ წაუგია და ზოგადად, წელს ლიგაზე დაუმარცხებელია

„ბაიერნი“ და „პსჟ“ ერთმანეთს 10-ჯერ შეხვდნენ და აქ სრული თანაფარდობაა: 5 გამარჯვება გერმანელებს, 5 - ფრანგებს

„პსჟ-მ“ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის უკლებლივ ყველა მატჩში მოახერხა მინიმუმ ერთი გოლის გატანა.
მას შემდეგ, რაც „ბაიერნი“ ჰანსი ფლიკმა ჩაიბარა, გუნდის რეკორდი ასეთია: 16 მატჩი, 15 მოგება, 1 ფრე, 54 გატანილი გოლი და 11 გაშვებული

„ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 11-ჯერ არის გასული, „პსჟ“ კი - არცერთხელ. 

სავარაუდო შემადგენლობები: 

„ბაიერნი“: ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, დევისი - კიმიხი, გორეცკა - სანე, კომანი, მიულერი - ჩუპო მოტინგი

„პსჟ“: ნავასი - დაგბა, მარკინიოსი, კიმპემბე, დიალო - ერერა, გეიე, დი მარია, დრაქსლერი, მბაპე - ნეიმარი.

 

„პორტუ" - „ჩელსი"

მეორე დაპირისპირებაში „პორტუ“ სევილიას სტადიონ „რამონ სანჩეს პისხუანზე“ ლონდონის „ჩელსის“ „უმასპინძლებს“.

„ტანკს ტალახის არ ეშინია“, - შესაძლოა, სწორედ ასეთი მიდგომით ითამაშა „პორტომ“ „იუვენტუსთან“ ორმატჩიანი დაპირისპირება და ეს ბარიერი გაიარა კიდეც. კი, თამაშით აგებდა, შეიძლება გაუმართლა კიდეც, მაგრამ ძლიერებს უმართლებსო, ნათქვამია. სერხიო კონსეისაოს შეგირდებმა მეოთხედფინალურ ეტაპზე ყოფნა დაიმსახურეს და აქ მხოლოდ იღბალი არაფერ შუაშია. გუნდს აქვს გეგმა, როგორ გაიაროს გრანდები და ამ გეგმას წარმატებით მიყვება.

„ჩელსიმ“ თავის მხრივ ძალიან დამაჯერებლად გაიარა მადრიდის „ატლეტიკოს“ ბარიერი - სახლშიც და გასვლაზეც იმარჯვა და მადრიდულ გუნდს არანაირი შანსი არ დაუტოვა. 

რამდენიმე დღის წინ, შეწყდა ტუხელის წაუგებელი სერია „ჩელსიში“ - შესაძლოა, სწორედ „ვესტ ბრომვიჩთან“ მატჩია ის მაგალითი, რომლის გამეორებასაც კონსეისაუ უახლოეს მატჩში შეეცდება.

სახლი-გასვლის საკითხში გუნდები თანაფარდობაში არიან, ორივე შეხვედრა სევილიაში გაიმართება, რაღა თქმა უნდა, კორონავირუსული შეზღუდვების გამო.

საინტერესო ფაქტები:

„ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგაზე 8 მატჩია წაუგებელია და ბოლო 7-დან 6-ს მოგება მოახერხა. გარდა ამისა, გუნდს 8 შეხვედრაში 6 მშრალად შენახული კარი აქვს

ეს ორი გუნდი ერთმანეთს მეცხრედ დაუპირისპირდება. წინა რვა შემთხვევაში, რომელიც სულ ჩემპიონთა ლიგაზე იმართებოდა, „პორტუმ“ მხოლოდ 1 მოიგო და ფრესაც 1-ხელ გამოკრა ხელი. 

ჩემპიონთა ლიგის მოგების (2003/04) შემდეგ, „პორტუმ“ ამ ტურნირის მეოთხედფინალში მხოლოდ 1 მატჩი მოიგო 6-დან (1 ფრე, 4 წაგება)

სავარაუდო შემადგენლობები:

„პორტუ“: მარჩესინი - მანაფა, პეპე, მბემბა, სანუსი - კორონა, ურიბე, გრუჟიჩი, ოტავიო - მარეგა, მარტინესი

„ჩელსი“: მენდი - ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რუდიგერი - კოვაჩიჩი, ჟორჟინიო, ჯეიმსი, ჩილველი - მაუნტი, ზიეჩი - ჰავერცი.