ავტორიზაცია

კონკრეტული ინტერესები თუ უნებლიედ დაშვებული შეცდომები? - მსაჯთა უდიდესი პრობლემა საქართველოში

კონკრეტული ინტერესები თუ უნებლიედ დაშვებული შეცდომები? - მსაჯთა უდიდესი პრობლემა საქართველოში
თარიღი 08 Apr 2021, 23:45

ეროვნული ლიგის სეზონის დაწყებიდან 7 ტური გავიდა - ამ მოკლე დროში ვიხილეთ ბევრი ლამაზი გოლი, ეფექტური მომენტი და ბევრი შეცდომა, რამაც კონკრეტული მატჩების შედეგებზე დიდი გავლენა იქონია.

არახალია, რომ საქართველოში მსაჯების პრობლემაა და ეს პრობლემა ამ სეზონში უფრო თვალსაჩინო გახდა.

ფაქტობრივად ყველა ტურში არის დაშვებული ისეთი შეცდომა, რომელზეც არავინ კამათობს და 100%-ით ჩანს, რომ არბიტრი შეცდა.

მსაჯიც ადამიანია

ბევრჯერ გვესმის ფრაზა - "მსაჯიც ადამიანია". ასეა, ყველა შეიძლება შეცდეს, ცილსაც არავის ვწამებთ, რომ ამ შეცდომებს ისინი განზრახ, კონკრეტული მიზნების გამო უშვებენ, მაგრამ დროდადრო ვრწმუნდებით, რომ ეს ადამიანი მსაჯები საკმაოდ დაბალ დონეზე არიან. არც იმას ვამბობთ, რომ ისინი კონკრეტული გუნდების სასარგებლოდ ცდებიან. დღეს შეიძლება მსაჯი მაგ. "დინამო თბილისის", "დინამო ბათუმის" ან "საბურთალოს სასარგებლოდ შეცდეს, ხვალ კი ამავე კლუბების საწინააღმდეგოდ, რაც არაერთხელ მომხდარა.

პროტესტი კლუბებისგან

"ეს მარაზმი დროზე უნდა ვამხილოთ, ვის ვეჭიდავო?! არ შემიძლია ამ ბინძურ თამაშში ყოფნა! მირჩევნია, ახლა მაგინონ, ვიდრე არაფერი შევიმჩნიო. ვერავინ დამარწმუნებს, რომ აქ ყველაფერში დამნაშავე ფეხბურთის ფედერაციაა - ეს ხალხი არაფერ შუაშია, კიკაჩეიშვილს არავინ ეტყოდა, ბათუმელებს ხელი შეუშალეო. ეს არ მოხდებოდა", - განაცხადა 2 წლის წინ "დინამო ბათუმის" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ, როცა "ჩიხურასთან" მატჩში არბიტრმა უხეში შეცდომები დაუშვა და ამ შეცდომებმა კლუბის ვერ გაჩემპიონებაში დიდი გავლენა იქონია.

"რა თქმა უნდა, რაც მოხდა და რაც ხდება საერთოდ, ცუდია. ერთ კონკრეტულ თამაშს ნამდვილად არ გამოუწვევია ჩემი ეს ნაბიჯი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი განცხადების გაკეთება მომიწევდა. ჩემი ამოსავალი წერტილი მუდამ იყო და არის ქართული ფეხბურთის სამსახური" - ეს ციტატა კი "საბურთალოს" პრეზიდენტს ტარიელ ხეჩიკაშვილისაა, რომელიც მიმდინარე სეზონში გამართული ხმაურიანი მატჩის შემდეგ გაკეთდა.

ამ ციტატების შემდეგ იმაშიც დავრწმუნდით, რომ მსაჯების ამ შეცდომებით ინვესტორებს და ქართული ფეხბურთის დამფინანსებლებსაც გული უცრუვდებათ და მზად არიან, დაფინანსებაზე უარი თქვან და ხელი ჩაიქნიონ.

რა არის გამოსავალი?

როცა ვამბობთ, რომ საქართველოში მსაჯების პრობლემაა, პირველ რიგში ყველა ვიდეო-რეფერისკენ მიდის. VAR-ი ტექნოლოგიაა, რომელიც მსაჯებს საშუალებას აძლევს შუა თამაშის დროს გადაამოწმონ სადავო ეპიზოდი და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. ეს ჩვენი ჩემპიონატისთვის მართლაც მისწრება იქნება, ვიდეო-რეფერის შემოტანაზე ლევან კობიაშვილმა არაერთხელ ისაუბრა და ფაქტია, ეს საკითხი განიხილება.მაგრამ გვაქვს შესაბამისი რესურსი? - თითო მატჩზე მინიმუმ 8 კამერაა საჭირო იმისთვის, რომ კარგად გამოჩნდეს, კონკრეტული ეპიზოდი და VAR-მა  გადაამოწმოს. ჩვენს ჩემპიონატში კი ზოგი ისეთი სტადიონია, სადაც ამ უახლეს ტექნოლოგიის დაყენება საკმაოდ რთული და თითქმის შეუძლებელი იქნება. არადა, VAR-ის სისტემა უკვე თითქმის ყველა ქვეყანაშია და მსაჯების პრობლემა და მათდამი პროტესტი ევროპაში უკვე დიდი ხანია აღარ დგას.

უცხოელი მსაჯები

თუ VAR-ის ტექნოლოგიის დაყენება ფიზიკურად ვერ მოხერხდა, თუ საქართველოში მაღალი დონის მსაჯი ვერ მოინახა, მაშინ ასე უნდა გაგრძელდეს? - ერთი ვარიანტი უცხოელი მსაჯების ჩამოყვანაა, რაც ასევე დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, გასულ წელს "დინამო ბათუმისა" და "დინამო თბილისის" საჩემპიონო მატჩისთვის სპეციალურად რუმინელი მსაჯი ჩამოიყვანეს, რომელმაც თავის საქმეს თავი კარგად გაართვა. უცხოელი მსაჯების ჩამოსვლა ევროტურნირებზე მონაწილე ქართულ გუნდებსაც დაეხმარებათ, ევროპულ წესებს მარტივად შეეგუებიან, უფრო დისციპლინირებულები იქნებიან და გასული სეზონების მსგავსად, შესარჩევი ეტაპის მატჩებში უაზრო ყვითელ ბარათებს აღარ მიიღებენ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ვისაც ამაზე პასუხისმგებლობა აკისრია, რაიმე უნდა მოიმოქმედოს და თუ შესაძლებელია VAR-ი შემოიტანოს, ან უცხოელი, უფრო მეტად კვალიფიციური მსაჯები ჩამოიყვანოს, თორემ ასე კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება და ერთ წრეზე ვიტრიალებთ- მსაჯი შეცდომას დაუშვებს, კომიტეტი 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით ან ფულადი ჯარიმით დასჯის, დაბრუნდება და ისევ შეცდომას დაუშვებს.

რამდენიმე ეპიზოდი, სადაც ამ სეზონში მსაჯის შეცდომამ შედეგზე გავლენა იქონია

 

ეროვნული ლიგა - მარტის ტოპ 5 გოლი - ხმა მიეცით საუკეთესოს