ავტორიზაცია

მორიგი ენფილდური სასწაული ვერ ვიხილეთ! მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია [VIDEO]

მორიგი ენფილდური სასწაული ვერ ვიხილეთ! მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია [VIDEO]
თარიღი 15 აპრ 2021, 00:53

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალში „ლივერპული“ „ენფილდზე“ მადრიდის „რეალს“ დაუზავდა.

პირველ მატჩში ესპანურმა გრანდმა 3:1 იმარჯვა და კომფორტული უპირატესობა გაინაღდა, რის გამოც „ლივერპულს“ დღეს მინიმუმ 2 უპასუხო გოლის გატანა სჭირდებოდა.

მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და მო სალაჰს გოლის შანსი უკვე მატჩის სტარტზევე ჰქონდა, თუმცა მისი პრიმიტიული დარტყმა ტიბო კურტუასთვის პრობლემად არ იქცა და ბელგიელმა ბურთი ფეხით მოიგერია.

VIDEO: სალაჰმა რეალს ასეთი დისტანციიდან ვერ გაუტანა

რამდენიმე წუთში, შორი მანძილიდან ბედ-იღბალი ჯეიმს მილნერმა მოსინჯა და საკმაოდ კარგადაც, თუმცა აქაც საქმეში კურტუა ჩაერთო და თავისი გუნდი გოლისგან იხსნა.

„რეალი“ თავის შანსს კონტრშეტევებზე ელოდა და თავსაც მშვიდად იცავდა. მთელი მატჩის მანძილზე „წითლები“ თეთრი კედელის აღებას ცდილობდნენ, თუმცა ესპანელები თავს დამაჯერებლად იცავდნენ.

რამდენჯერმე კურტუას მოუწია საქმეში ჩართვა, თუმცა მან თავისი საქმე იდეალურად შეასრულა და „ლივერპულს“ იმედის გაჩენის ყველანაირი შანსი მოუსპო.

შედეგად, მადრიდის „რეალი“ ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გამოვიდა და 2018 წლის შემდეგ პირველად, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. ბოლოს, როცა ეს გუნდი ამ სტადიამდე მივიდა - ტიტულიც მოიგო.

შემდეგ ეტაპზე კი ზიდანის შეგირდების მეტოქე ლონდონის „ჩელსი“ იქნება, რომელმაც ამ სტადიაზე სენსაციური „პორტუს“ ბარიერი გადალახა (ორი მატჩის ჯამში 2:1).