ავტორიზაცია

5 მწვრთნელი, რომელმაც შეიძლება ზაფხულში ბაიერნი ჩაიბაროს

5 მწვრთნელი, რომელმაც შეიძლება ზაფხულში ბაიერნი ჩაიბაროს
თარიღი 17 აპრ 2021, 20:51

ჰანსი ფლიკმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს, მიუნხენის „ბაიერნს“ ოფიციალურად დატოვებს.

Goal.com-მა შეარჩია 5 სპეციალისტი, რომელმაც შესაძლოა ზაფხულში „რეკორდმაისტერი“ ჩაიბაროს.

5. იოაჰიმ ლიოვი 

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონის გერმანიის ნაკრებიდან წასვლა უკვე ოფიციალურად დადასტურებული ამბავია - ლიოვმა დაადასტურა, რომ საკლუბო ფეხბურთში სურს ძალების მოსინჯვა.

რატომაც არ უნდა დაიწყოს მან ამის გაკეთება გერმანიის საუკეთესო გუნდით? მითუმეტეს, რომ ფეხბურთელების დიდ ნაწილს ის პირადად და ძალიან კარგად იცნობს.

თუმცა, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ გუნდის რამდენიმე ფეხბურთელთან ლიოვი არც ისე კარგ ურთიერთობაშია - მაგალითად, თომას მიულერთან, რომელიც ნაკრებიდან პირადად მოკვეთა.

შესაფერისობის რეიტინგი: 7/10

4. ერიკ ტენ ჰაგი („აიაქსი“)

ჰოლანდიელ სპეციალისტს დიდი ხანია გრანდის გაწვრთნას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა მან „აიაქსში“ დარჩენა ამჯობინა და ბევრის აზრით, დააგვიანა კიდეც - 2018 წლის შედეგს გუნდი მას მერე ვეღარ მიუახლოვდა და არაერთი ფეხბურთელი დაკარგა.

ამ კვირაში გუნდმა ევროტურნირის მოგების მორიგი შანსი გაუშვა ხელიდან - „რომასგან“ გავარდა და შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ეს ზაფხული ტენ ჰაგისთვის წასასსვლელად იდეალური ვარიანტი უნდა იყოს.

ჰოლანდიელის დანიშვნის შანსს ის ზრდის, რომ 2013-2015 წლებში ის „ბაიერნის" მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო.

შესაფერისობის რეიტინგი: 7/10

3. იურგენ კლოპი („ლივერპული)

„ლივერპულის“ ფანებთან ბოდიში - ისიც ვიცით, რომ კლოპი „ბორუსია დორტმუნდის“ სახე, სული და გული იყო მთლი შვიდი წლის მანძილზე, თუმცა ფეხბურთში ამაზე დიდი უცნაურობებიც მომხდარა

კლოპს „ლივერპულში“ საქმეები არც ისე იდეალურად აქვს და არ არის გამორიცხული, „ენფილდზე“ თავისი ყოფნა ამ სეზონის შემდეგ შეწყვიტოს და ძალები სამშობლოში მოსინჯოს - თუმცა, ასეთ აშკარა ყველა ტურნირის ფავორიტ კლუბში კლოპი არასდროს დანიშნულა და უცნობია, რამდენად დათანხმდება ის „ბაიერნში“ მისვლას.

შესაფერისობის რეიტინგი: 8/10

2. მასიმილინო ალეგრი

ერთი შეხედვით, თითქოს „ბაიერნისგან“ სრულიად განსხვავებული ტიპაჟის მწვრთნელი, თუმცა მაქსი 2019 წლის ზაფხულის შემდეგ უმუშევარია, სამსახურს მოწყურებული იქნება და ბუნებრივია, თავის შანსს ბოლომდე ჩაეჭიდება. ტაქტიკურად ძლიერი და მომთხოვნი სპეციალისტი „ბაიერნისგან“ კიდევ უფრო ძლიერ მანქანას აქცევდა, მითუმეტეს - შიდა ასპარეზზე, სადაც მან იგივე „იუვენტუსს“ გაუკეთა და 5 წელიწადში 5 სკუდეტო მოაგებინა.

შესაფერისობის რეიტინგი: 7/10

1. იულიან ნაგელსმანი

ზოგჯერ, შენი ყველაზე დიდი მეტოქეებიც კი გაიძულებენ მათ შეუერთდე - იულიან ნაგელსმანი ყველაზე იმედისმომცემი და ნიჭიერი ახალგაზრდა სპეციალისტია, რომლის თავისთან გადაბირებასაც, 32 წლის მიუხედავად, მადრიდის „რეალიც“ კი ცდილობდა.

„ჰოფენჰაიმიდან“ „ლაიპციგში“ გადასვლა ნაგელსმანისთვის ინდივიდუალურ დონეზეც ახალ ეტაპზე ასვლის ტოლფასი იყო და მან თავი გამოიჩინა როგორც ახალგაზრდებთან მომუშავე შესანიშნავმა სპეციალისტმა, რომლის მიერ დიდ გუნდში შანსის მიღების დროც სულ მალე დადგება.

შესაფერისობის რეიტინგი: 9/10.