ავტორიზაცია

სუპერლიგის პროექტში მონაწილეობის გამო, ტოტენჰემის პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა

სუპერლიგის პროექტში მონაწილეობის გამო, ტოტენჰემის პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა
თარიღი 21 Apr 2021, 21:36

"ტოტენჰემის" მფლობელმა, დენიელ ლევიმ ევროპის სუპერლიგის პროექტიდან გამოსვლის შემდეგ გულშემატკივრებს მიმართა.

ლონდონურმა კლუბმა, პრემიერ ლიგის დანარჩენ 5 გუნდთან ერთად, ახალ ტურნირში მონაწილეობაზე უარის თქმა დაადასტურა.

"ვწუხვართ სუპერლიგის შექმნის წინადადებით გამოწვეული შფოთვითა და იმედგაცრუებით. ვგრძნობდით იმის საჭიროებას, რომ ჩვენს კლუბს ფეხბურთის შესაძლო ახალი სტრუქტურის შემუშავებაში უნდა მიეღო მონაწილეობა, რომელიც ფინანსური სტაბილურობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად, ამავდროულად საფეხბურთო პირამიდის მხარდაჭერის მნიშვნელოვნად გაზრდას".

"ვფიქრობთ, არასოდეს უნდა გავჩერდეთ ერთ ადგილზე და სპორტმა მუდმივად უნდა გადახედოს ტურნირებსა და მენეჯმენტს, რათა თამაშმა, რომელიც ჩვენ ყველას გვიყვარს, განვითარება და მთელი მსოფლიოს გარშემო გულშემატკივრების გახარება გააგრძელოს. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც თავისი საღი აზრი გამოთქვა", - ციტირებს კლუბის ოფიციალური საიტი ლევის სიტყვებს.

სუპერლიგის შექმნა 19 აპრილს დადასტურდა, რომელიც 12-მა კლუბმა დააფუძნა - "არსენალი", "ჩელსი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი", "რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "მილანი", "ინტერი" და "იუვენტუსი". ლიგის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გახდა, რომელიც "რეალში" იკავებს ანალოგიურ თანამდებობას.

12-ვე კლუბი ნეგატიური ტალღის წინაშე აღმოჩნდა, უეფა მათ და მათ ფეხბურთელებს სანქციების დაკისრებით დაემუქრა. 20 აპრილის საღამოს სუპერლიგის დამფუძნებლებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს.

"მანჩესტერ სიტის" შემდეგ, პროექტში მონაწილეობაზე უარის თქმა ოფიციალურად დაადასტურეს "არსენალმა", "მანჩესტერ იუნაიტედმა", "ლივერპულმა", "ტოტენჰემმა" და "ჩელსიმ".