ავტორიზაცია

"ეს იყო ჩემთვის არასასიამოვნო!" - რატომ გაახანგრძლივა კვეკვესკირმა ლეხთან კონტრაქტი

"ეს იყო ჩემთვის არასასიამოვნო!" - რატომ გაახანგრძლივა კვეკვესკირმა ლეხთან კონტრაქტი
თარიღი 30 აპრ 2021, 23:13

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა პოზნანის ლეხთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა.

ამის შესახებ პოზნანელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება და წერენ, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება 2023 წლის ივნისის ჩათვლით იმოქმედებს.

Goal.Ge საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველს პოლონეთში დაუკავშირდა და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

-ნიკა, გილოცავ ახალ კონტრაქტს, ეს შენი თამაშით დაიმსახურე. როგორია ემოციები, თვლი თუ არა, რომ ახალ კლუბში შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინე?

-მადლობა. ემოციები, რა თქმა უნდა, დადებითა და ბედნიერი ვარ, რადგან მარტივად მოვახერხეთ შეთანხმება, სურვილი ორივე მხრიდან დიდი იყო, რამაც ყველაფერი დააჩქარა. რთულია, შესაძლებლობები ასე მცირე დროში მაქსიმალურად წარმოაჩინო, ვთვლი, რომ უფრო მეტი შემიძლია, ამას კი დრო გამოაჩენს.

-ახალი კონტრაქტი ნიშნავს ახალ მოტივაციას, ახალ მიზნებს. როგორ ფიქრობ, შეუძლია ამ ფორმაციის ლეხს იბრძოლოს მომდევნო სეზონებში ყველა შესაძლო შიდა ტიტულისთვის?

-რა თქმა უნდა, მჯერა, რომ შეგვიძლია! ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც კონტრაქტი გავახანგრძლივე. ბევრი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე გვყავს და რაც მთავარია, მაღალკვალიფიციური მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია ამ კოლექტივის სწორად მართვა და დიდი მიზნებისკენ გაძღოლა.

-ყაზახური 4-წლიანი კარიერის შემდეგ პოლონეთის ლეგენდარულ გუნდში აღმოჩნდი. რა სხვაობები დაინახე? გუნდებს პოლონეთში ბევრად მაგარი პირობები აქვთ: ლამაზი სტადიონები, ბუნებრივი სავარჯიშო და სათამაშო მინდვრები. ალბათ, ასეთ პირობებში ჩვენი საყვარელი სპორტი კიდევ უფრო ლამაზია...

-განსხვავება ინფრასტრუქტურაში მართლაც ძალიან დიდია, რაც თანამედროვე ფეხბურთში უდიდეს როლს თამაშობს. ერთი, რაც სამწუხაროა, ჯერჯერობით ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაში ვერ გამოვცადე. მათი ბევრი ვიდეო ვნახე, ფეხბურთელებისგანაც მსმენია, რომ დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნიან სტადიონზე. იმედია, მალე გამოვცდი ამ ემოციებს საკუთარ თავზე.

-შენი პოზიციიდან გამომდინარე, საუკეთესო ასაკში ხარ, საუკეთესო თვისებების გამოსავლენად. ხომ არ მიგაჩნია, რომ ყაზახეთის დატოვება უფრო ადრე შეიძლებოდა ასეთი ჩემპიონატის სანაცვლოდ?

-ყაზახეთის ჩემპიონატი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელია, რადგან აქ ბევრი ძლიერი ფეხბურთელი თამაშობს, ყაზახური კლუბები კი ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე სისტემატურად თამაშობენ. არ მგონია, ისეთი სუსტი ჩემპიონატი იყოს, როგორც საზოგადოება აღიქვამს. უბრალოდ, როგორც ვახსენე, ინფრასტრუქტურა მათი დიდი პრობლემაა და ასევე, ლამაზად რომ "ფუთავდნენ" და მიაწოდებდნენ გულშემატკივარს, სულ სხვანაირი წარმოდგენა ექნებოდა ხალხს ამ ჩემპიონატზე. ლეხიდან ადრეც რომ მქონოდა შემოთავაზება, მაშინაც დაუფიქრებლად დავთანხმდებოდი.

-თავიდან ლეხში ბევრს არ თამაშობდი, ახლა გუნდის ღერძი ხარ. იმ პერიოდში, როცა არ გიწევდა თამაში, მწვრთნელს ჰქონდა კომუნიკაცია შენთან? რამდენად მარტივად დაძლიე ის ცუდი პერიოდი, რომელიც ფეხბურთელს სკამზე ყოფნის დროს აქვს?

-თავიდან სხვა მწვრთნელი გვყავდა, რომელთანაც ერთხელაც არ მითამაშია ძირითადში, მაგრამ ეს მისი შეხედულება იყო, რომელიც ჩემთვის რთული და არასასიამოვნო იყო, მაგრამ უნდა მიმეღო, როგორც პროფესიონალ ფეხბურთელს შეეფერება. ფსიქოლოგიურად ძალიან რთული აღმოჩნდა, მაგრამ ვიცოდი, რომ შანსი მომეცემოდა და ამისთვის ინდივიდუალურად ბევრს ვემზადებოდი. ახალი მწვრთნელის ხელში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდი, ახალი კონტრაქტი გავაფორმე და ყველაფერი ძალიან კარგადაა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება წამებში შეიცვალოს, ჩემი ისტორიაც ლეხში ამის კარგი მაგალითია.

-ლეხი შარშან მე-2 ადგილზე გავიდა, წელს საშინლად თამაშობს. შეიძლება ეს რამდენიმე ფრონტზე ბრძოლით აიხსნას? შეუძლია ამ ფორმაციის ლეხს მომდევნო სეზონიდან უკვე ჩემპიონობისთვის ბრძოლა?

-რთულია ამ საკითხზე ვიმსჯელო, მხოლოდ შუა სეზონში შევუერთდი გუნდს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს სეზონი კლუბმა მალე უნდა დაივიწყოს, მოიშოროს წინა სეზონის წნეხი და ახალი ენერგიით დავიწყოთ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა. მომავალი სეზონი ლეხის დაარსებიდან 100 წლისთავს ემთხვევა და არ გვაქ უფლება, გულშემატკივრებს დღესასწაული წავართვათ, პირიქით, ზეიმის საბაბი უნდა მივცეთ მოგებული ტიტულების სახით და ამისთვის, ყველა ფეხბურთელი მაქსიმუმს გააკეთებს.

ნიკა კვეკვესკირი პოზნანის ლეხს 2021 წლის იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით ყაზახური ტობოლიდან შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის მაისურით 11-ჯერ ითამაშა. თავიდან ქართველი პოზნანელთა ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, თუმცა ახლა კლუბის შეუცვლელი წევრია.

ყველა ქომაგს ვერ დავეთანხმები... შუქურა 8-1 სხვა გუნდთან არ წააგებდა! - მამუჩაშვილის ინტერვიუ

არც ლეხი გამოისყიდის და არც ანორთოსისი დაიტოვებს?! - კაჭარავას გამოუვალი მდგომარეობა