გაახანგრძლივე კონტრაქტი, ან არ ითამაშო იუვესთან - ფანებმა დონარუმას კატეგორიული მოთხოვნა წაუყენეს

„მილანის“ ულტრასებმა გუნდის მეკარეს, ჯანლუიჯი დონარუმას შეხვდნენ.
Sky Sports Italia-ს ინფორმაციით, გულშემატკივრებმა დონარუმას სთხოვეს, რომ მან არ ითამაშოს „იუვენტუსის“ წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ „მილანთან“ ახალ კონტრაქტს უახლოეს პერიოდშივე არ გაახანგრძლივებს.
წყარო იუწყება, რომ „როსონერის“ აქტიური გულშემატკივრების ჯგუფი გუნდის სავარჯიშო ბაზას სერია ა-ს 34-ე ტურის დაწყების წინ ესტუმრა, რომელშიც „მილანმა“ „ბენევენტოს“ 2:0 მოუგო. თავიდან, დონარუმა ფანებთან შეხვედრაზე უარს ამბობდა, მაგრამ საბოლოოდ მათთან სალაპარაკოდ მაინც გავიდა.
გულშემატკივრებმა დონარუმასგან მოითხოვეს, რომ ახალი კონტრაქტი შემდეგ კვირაშივე გააფორმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 9 მაისს, „იუვენტუსთან“ გასამართ მატჩში მონაწილეობა არ მიიღოს - ეს ქომაგების კატეგორიული მოთხოვნაა.
ჯიჯიოს კონტრაქტი „მილანთან“ 30 ივნისს იწურება. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელი „იუვენტუსთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს და შესაძლოა, გუნდს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს.