არიისს! ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეზონის მეორე ტიტული მოიგო, თანაც სეტწაუგებლად

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენის 250-იანი ტურნირი მოიგო.
გადამწყვეტ შეხვედრაში ბასილაშვილის მეტოქე გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი იყო, რომელიც ბასილამ ორ სეტში, 6:4 7:6 დაამარცხა და სეზონის მეორე ტიტული გაინაღდა.
ფინალური მატჩის მოსაგებად ბასილაშვილს 1 საათი და 28 წუთი დასჭირდა - მან მატჩში 6 ეისი მიითვალა და არცერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია, მეტოქემ კი აუღებლად 10-ჯერ მოაწოდა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
აღსანიშნავია, რომ მეტოქის მოწოდება ამ მატჩში ბასილაშვილმა მხოლოდ ერთხელ, მატჩის პირველივე გეიმში მოიგო, თავისი კი არცერთხელ არ წაუგია და ერთადერთი ბრეიკ-პოინტის გადარჩენა მოუწია.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბასილაშვილმა მიუნხენში გამართულ ტურნირზე 5 მატჩი ჩაატარა და არცერთი სეტიც კი არ წაუგია - პირველ მატჩში მისი მეტოქე მონტეირო იყო, რომელიც ბასილაშვილმა 6:2 6:3 დაამარცხა, შემდეგ გალან რივეროსი 6:4 6:2, მეოთხედფინალში გომბოსი (6:4 6:4), ნახევარფინალში კასპერ რუუდი (6:1 6:2) და ფინალში შტრუფი (6:4 7:6).
ბასილაშვილისთვის ეს ერთეულთა თანრიგში მე-5 ოფიციალური ტიტულია - აქამდე, მას 2018-ში პეკინისა და ჰამბურგის, 2019-ში ჰამბურგის და 2021-ში დოჰას ტურნირები ჰქონდა მოგებული.