იუვენტუსის 9-წლიანი ჰეგემონია დაემხო! - ინტერი იტალიის ჩემპიონია

იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურის ეგიდით, "ატალანტამ" სტუმრად "სასუოლოსთან" ქულები დაკარგა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ინტერი" ოფიციალურად ჩემპიონია.
ბერგამოელთა დაპირისპირება ფრედ დასრულდა - 1:1.
23-ე წუთზე, "ატალანტა" კაცნაკლული დარჩა, სტუმრებს გოლკიპერი, პიერლუიჯი გოლინი გაუძევეს.
მიუხედავად 10 კაცით დარჩენისა, ანგარიში ბერგამოელებმა გახსნეს - 32-ე წუთზე, თავი რობინ გოსენსმა გამოიჩინა.
მასპინძლებმა 52-ე წუთზე დომენიკო ბერარდის გოლით წონასწორობა აღადგინეს.
აღსანიშნავია, რომ 76-ე წუთზე "ატალანტას" სამი ქულის აღების ბრწყინვალე შანსი გაუჩნდა - "სასუოლოს" მცველმა, მარლონმა პენალტი აიკიდა და წითელი ბარათიც მიიღო, თუმცა ლუის მურიელი 11-მეტრიანის ნიშნულიდან არაზუსტი აღმოჩნდა.
ამ მატჩის შემდეგ, "ინტერი" ოფიციალურად გაჩემპიონდა, რომლის აქტივშიც 82 ქულაა, ხოლო მეორეადგილოსან "ატალანტას" 69 ქულა აქვს. თავის მხრივ, "სასუოლო" 53 ქულით მე-8 პოზიციაზეა.
ვიდეომიმოხილვა