ლევანდოვსკის ახალი მთავარი კონკურენტი გამოუჩნდა - როგორი მდგომარეობაა ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში?
ევროპის ჩემპიონატებში სეზონი დასასრულს უახლოვდება და საინტერესოა, რა მდგომარეობაა ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში.
ტრადიციულად შეგახსენებთ, რომ ევროპის ოქროს ბუცი გადაეცემა ფეხბურთელს, რომელიც შიდა ჩემპიონატებში ყველაზე მეტ გოლს გაიტანს. ევროპის ტოპ-5 ლიგებში 1 გოლი 2.0 კოეფიციენტით ფასობს, 5-20 ჩემპიონატებში 1.50-ით, დანარჩენებში კი სტანდარტულად, 1 გოლი = 1 ქულას.
პირველობას უკვე მრავალი კვირაა არავის უთმობს „ბაიერნის“ სტრაიკერი რობერტ ლევანდოვსკი, რომელსაც ამ ჯილდოს მოგებამდე ძალიან ცოტა შარშანაც დააკლდა - სეზონის მიწურულს მას „ლაციოს“ მეგოლემ, ჩირო იმობილემ გადაასწრო და ჯილდოს მფლობელი სენსაციურად გახდა.
მეორე ადგილზე კი, ბოლოდროინდელი შედეგიანობების შემდეგ, ლეო მესიმ გადაინაცვლა, რომელმაც გუშინ, „ვალენსიასთან“ გაფორმებული დუბლის ხარჯზე, მისი მარადიული კონკურენტი, კრიშტიანუ რონალდუ ჩამოიტოვა და ამჟამად, ლევანდოვსკიზე ყველაზე დიდ ზეწოლას სწორედ არგენტინელი ახდენს.
ახლა კი, შემოგთავაზებთ ევროპული ოქროს ბუცისთვის მებრძოლ ტოპ-ათეულს:
1. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 36 გოლი, 72 ქულა
2. ლეო მესი (ბარსელონა) – 28 გოლი, 56 ქულა
3. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 27 გოლი, 54 ქულა
4. ერლინგ ჰოლანდი (ბორუსია დორტმუნდი) – 25 გოლი, 50 ქულა
5. ანდრე სილვა (აინტრახტ ფრანკფურტი) – 25 გოლი, 50 ქულა
6. კილიან მბაპე (პსჟ) – 25 გოლი, 50 ქულა
7. პოლ ონუაჩუ (გენკი) – 29 გოლი, 43.5 ქულა (კოეფიციენტი 1.5)
8. კარიმ ბენზემა (რეალი) – 21 გოლი, 42 ქულა
9. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) – 21 გოლი, 42 ქულა
10. რომელუ ლუკაკუ (ინტერი) – 21 გოლი, 42 ქულა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ოქროს ბუცის სარეკორდო რაოდენობის მფლობელი „ბარსელონას" გენიოსი, ლეო მესია (6 ჯილდო), მეორე ადგილს კრიშტიანუ რონალდუ იკავებს, რომელმაც ეს პრიზი 4-ჯერ მოიგო. ამჟამინდელი ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკი, საპატიო ჯილდოს მფლობელი არასდროს გამხდარა.