მეორე ინგლისური ფინალი ბოლო 3 წელიწადში! ჩელსიმ რეალს დამაჯერებლად მოუგო [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალში „ჩელსიმ“ შინ „რეალს“ 2:0 მოუგო.
„სტემფორდ ბრიჯზე“ გამართულ შეხვედრაში პირველი მომენტი მადრიდის „რეალს“ ჰქონდა - კარიმ ბენზემას ულამაზეს დარტყმას ედუარდ მენდის მშვენიერი სეივი მოყვა და შემდეგ შეტევაში, ტიმო ვერნერმა დამატებაზე ყველას დაასწრო და მატჩში ანგარიში 28-ე წუთზე გახსნა.
პირველი ტაიმის ბოლომდე „რეალს“ გოლის გატანის კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, თუმცა ბენზემას თავური ისევ მენდიმ მოიგერია და „ჩელსის“ უპირატესობა შეინარჩუნა.
მეორე 45 წუთში კი მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა - ლონდონის „ჩელსი“. ინგლისელებმა უამრავი საგოლე მომენტი გაანიავეს, „რეალს“ კი თამაშში მხოლოდ ტიბო კურტუა ტოვებდა, თუმცა შეხვედრაში საბოლოო წერტილი 85-ე წუთზე მეისონ მაუნტმა, დასვა, რომელსაც პირველი მატჩის გოლის ავტორმა, კრისტიან პულისიჩმა გაატანინა.
ამრიგად, „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2012 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა და გადამწყვეტ შეხვედრაში თანამემამულე „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება.
2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს „ტოტენჰემი" და „ლივერპული" დაუპირისპირდნენ, წელს კი „ჩელსი" და სიტი" შეხვდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 3 სეზონში მეორე ინგლისურ ფინალს ვიხილავთ.