ავტორიზაცია

პრევიუ: ბათუმი არენა დღეს ტურის ცენტრალურ მატჩს უმასპინძლებს

პრევიუ: ბათუმი არენა დღეს ტურის ცენტრალურ მატჩს უმასპინძლებს
თარიღი 08 მაი 2021, 11:23

დღეს, ბათუმი არენაზე ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს "დინამო ბათუმი" და "დინამო თბილისი" დაუპირისპირდებიან.

თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმელები მშობლიურ ქალაქს უბრუნდებიან და მატჩს ახალ სტადიონზე გამართავენ.

ბოლო ინფორმაციით, მატჩზე დასასწრები აბსოლუტურად ყველა ბილეთი გაყიდულია. შეხვედრას ფანები შეზღუდული რაოდენობის დაესწრებიან.

ეს მატჩი ორმაგად საინტერესო კიდევ იმიტომაა, რომ ორივე გუნდი ცხრილის სათავეშია და გასული სეზონების მსგავსად, ერთმანეთს ჩემპიონობისთვის ებრძვიან.

"გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, კარგია, რომ ამ სტადიონზე დავბრუნდით, მინდორიც საოცარია და თამაშისთვის მზად ვართ. ვიცით, რომ რთული თამაში გველოდება, მაგრამ აუცილებლად მოსაგებად ვიბრძოლებთ", - განაცხადა მამუკა კობახიძემ.

"რაც ამ სტადიონზე ხდებოდა აქედან იღებენ ფეხბურთელები სიამოვნებას. ამ გულშემატკივრების გულისთვის 100%-ით დავიხარჯებით", - ლაზარე კუპატაძე.

"ჩვენთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ ბათუმთან თამაში გამორჩეული იქნება, რადგან სატურნირო ცხრილში ერთმანეთთან ახლოს ვართ. ვეცდებით, სხვაობა გავზარდოთ. თამაშს გულშემატკივრებიც დაესწრებიან და ყველაფერი იქნება იმისთვის, რომ ფეხბურთი ვითამაშოთ", - "დინამო თბილისის" ფეხბურთელი თორნიკე მორჩილაძე.

საინტერესო ფაქტები

მიმდინარე სეზონში "დინამო ბათუმს" ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი და ყველაზე ცოტა გაშვებული - 20 გატანილი და 7 გაშვებული.

"დინამო თბილისის" ახალწვეული ჯანო ანანიძე მშობლიური კუთხის გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

"დინამო თბილისის" რიგებში ამჟამად კლუბის აკადემიის 9 ფეხბურთელი ირიცხება.

"დინამო ბათუმის" ფეხბურთელების საშუალო ასაკი 26.2-ია, "დინამო თბილისის" კი 23.7.

აჭარელთა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გიორგი ნავალოვსკია (34), "დინამო თბილისის" ომარ მიგინეიშვილი (36).

"დინამო ბათუმი" - "დინამო თბილისი" 

მატჩი: ეროვნული ლიგა, მე-12 ტური
ადგილი: "ბათუმი არენა", ბათუმი
დრო: 20:15
მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი
დანაკლისი: ლუკა გაგნიძე (დინამო თბილისი), ბენიო (დინამო თბილისი), ნიქაბაძე (დინამო ბათუმი)

სავარაუდო შემადგენლობა:

"დინამო ბათუმი": კუპატაძე, ჩაბრაძე, აზაცკი, კობახიძე, ნავალოვსკი, ტეიდი, მამუჩაშვილი, ჯიღაური, ალთუნაშვილი, გროცურეკი, ფანცულაია.

"დინამო თბილისი": კვასხვაძე, სპორსკლეიდი, კობოური, მონხილი, პაპავა, ხარაბაძე, ქარდავა, მექვაბიშვილი, კუცია, გაბედავა, მარუშიჩი.