ავტორიზაცია

საპნის ოპერა დასრულებულია! ოფიციალურად: ნეიმარის მომავალი გადაწყდა

საპნის ოპერა დასრულებულია! ოფიციალურად: ნეიმარის მომავალი გადაწყდა
თარიღი 08 მაი 2021, 16:36

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ბრაზილიელმა შემტევმა, ნეიმარმა, თავის ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

მხარეებს შორის კონტრაქტი 2022 წლამდე იყო გაფორმებული და კიდევ 3 წლით გახანგრძლივდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეიმარი „პსჟ-ს“ ფეხბურთელი მინიმუმ 2025 წლამდე იქნება.

ახალი კონტრაქტის მიხედვით, ნეიმარის წლიური ხელფასი გადასახადების გადახდის შემდეგ 30 მილიონი ევრო იქნება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ თვეში ბრაზილიელი 2.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, 625 ათას ევროს კვირაში, 89.2 ათას ევროს დღეში, 3.7 ათას ევროს საათში და 62 ევროს წუთში. 

ნეიმარი „პსჟ-ს“ ფეხბურთელი 2017 წელს გახდა, როდესაც პარიზულმა გუნდმა მისი კონტრაქტი „ბარსელონადან“ 222 მილიონ ევროდ გამოისყიდა.

ბოლო კვირებში გააქტიურდა საუბრები იმის თაობაზე, რომ ნეიმარმა „პსჟ-სთან" ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეაჩერა, რადგან ზაფხულში „ბარსელონაში" სურს დაბრუნება. აღნიშნული ჭორები ბრაზილიელის „ბარსადან" წასვლის შემდეგ მუდმივად ჩნდებოდა და როგორც ჩანს, ახლა (დროებით მაინც) შეწყდება.