ავტორიზაცია

სერია ა-ს და ლა ლიგის 2 ტოპ-მატჩი, რომლის გამოტოვებაც დღეს სასიცოცხლოდ აკრძალულია

სერია ა-ს და ლა ლიგის 2 ტოპ-მატჩი, რომლის გამოტოვებაც დღეს სასიცოცხლოდ აკრძალულია
თარიღი 09 მაი 2021, 14:05

სერია ა-ს და ლა ლიგის 35-ე ტურში დღეს წარმოუდგენლად საინტერესო მატჩები გაიმართება.

იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურში „იუვენტუსი“ და „მილანი“ ურთიერთშეხვედრაში გაარკვევენ, თუ რომელი მათგანი ამოყოფს თავს ოთხეულს მიღმა ორშაბათს.

„იუვენტუსი“ – „მილანი“

კვირა, 9 მაისი, 22:45, ტურინი, „ალიანც სტედიუმი“, არბიტრი - პაოლო ვალერი

სეზონის დასაწყისში „იუვენტუსი“ თავისი ახალი და ახალგაზრდა მწვრთნელის, ანდრეა პირლოს თანხლებით საჩემპიონო ამბიციებს არ მალავდა. თუმცა, უკვე შუა სეზონში გახდა გასაგები, რომ დიდია ალბათობა, „იუვეს“ 9-წლიანი დომინაცია შეწყდეს. თავდაპირველად, თითქოს ეს „მილანს“ უნდა გაეკეთებინა, რომელიც სერია ა-ში დიდი ხნის მანძილზე ლიდერობდა, მაგრამ ფინიშზე „ინტერი“ გავარდა წინ და ყველასთვის მიუწვდომელი გახდა. 

ბედის ირონიით, „იუვენტუსიც“ და სეზონის დიდი ნაწილის მანძილზე ლიდერად მყოფი „მილანიც“ ახლა რისკავენ, რომ ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩნენ. სწორედ ამისთვის ბრძოლას აწარმოებენ გუნდები და დღეს ურთიერთშეხვედრაც ექნებათ საქმის გასარჩევად.

შაბათს „ნაპოლიმ“ „სპეცია“ უპრობლემოდ დაამარცხა, რაც ორივე დღევანდელ მეტოქეს გამარჯვებაზე ფიქრს აიძულებს. ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, დღეს რომელიმე გუნდი ოთხეულს მიღმა აღმოჩნდება. 

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახლა ვინმე ფიქრობდეს, თითქოს „იუვეს“ ჩავარდნილი სეზონის გადარჩენა თასის მოგებით შეიძლება. თანაც, „ატალანტასთან“ ფინალამდე ჯერ კიდევ შორია. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, იტალიის თასის მოგებით დატრაბახება სასაცილო იქნება.

საინტერესო ფაქტები:

გუნდებმა ერთმანეთში ჯამურად 292 მატჩი ჩაატარეს: 109 „იუვემ“ მოიგო, 95 „მილანმა“ 88-ჯერ კი ფრე დაფიქსირდა.

აქედან 234 არის ოფიციალური შეხვედრა - 92 „იუვენტუსმა“ მოიგო, 67 „მილანმა“, 75 ფრე დაფიქსირდა

სერია ა-ში ეს ორი გუნდი ერთმანეთს 171-ჯერ დაუპირისპირდა: 67 „იუვემ“ მოიგო, 51 „მილანმა“ 53-ჯერ ფრე შედგა

ყველაზე გამანადგურებელი საშინაო გამარჯვებები „იუვენტუსმა“ წინა საუკუნის მეორე მეოთხედის სტარტზე მოიპოვა - 1925/26 (6:0), 1926/27 (8:2)

ყველაზე გამანადგურებელი გასვლითი გამარჯვება „იუვესთან“ „მილანმა“ 1949/50-წლებში მოიპოვა - 7:1.

„იუვენტუსი“ „მილანთან“ შინ ყველა ტურნირის ჩათვლით უკვე 11 მატჩია არ მარცხდება.

„იუვენტუსის“ წაუგებელი სერია ჩემპიონატში 3 მატჩს ითვლის: 2 მოგება, 1 ფრე.

სავარაუდო შემადგენლობები: 

„იუვენტუსი“: შესნი - დანილო, დე ლიგტი, კიელინი, სანდრო - ბენტანკური, რაბიო, კიეზა, კუადრადო - რონალდუ, მორატა

„მილანი“: დონარუმა, კალაბრია, კიაერი, ტომორი, ტეო - ბენასერი, კესიე - ჩალჰანოღლუ, სალემაკერსი, რებიჩი - იბრაჰიმოვიჩი.

„რეალი“ – „სევილია“

23:00, მადრიდი, „ალფრედო დი სტეფანო“, არბიტრი - ხოსე მუნუერა

არანაკლებად საინტერესო და დაძაბული მატჩი გველის ლა ლიგაში, სადაც მადრიდის „რეალი“ თავის სარეზერვო სტადიონზე „სევილიას“ უმასპინძლებს. ალბათ, ყველამ იცით, რომ გუშინ „კამპ ნოუზე“ „ბარსამ“ და „ატლეტიკომ“ უგოლო ფრე გაიფორმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონობის ბედი მთლიანად მოქმედი ჩემპიონის ხელშია - თუ „რეალმა“ დარჩენილი 4 მატჩი მოიგო, შეუძლია მეტოქეებს აღარ უყუროს, ჩემპიონიც თავად გახდება.

„სევილია“ წინა ტურამდე თავადაც იყო ჩემპიონობის მადევარი მეოთხე კოლექტივი, რომელსაც დიდად არავინ ახსენებდა. გუნდი საუცხოო ფორმაში იყო, გამარჯვებას გამარჯვებაზე იწერდა და პრიმერას ლიდერებსაც მიუახლოვდა. სწორედ მაშინ, როცა ანდალუსიელებზე ყურადღება ნეიტრალურმა ქომაგებმა გაამახვილეს და გუნდის ტრიუმფის დაიჯერეს, „სევილისა“ ფეხი დაუცდა - ლოპეტეგის გუნდმა „ბილბაოს“ ვერ მოუგო და ზღაპრული წარმატების შანსები საგრძნობლად შეიმცირა. იმისთვის, რომ ხალხი „სევილიაზე“ ისევ ალაპარაკდეს, ნერვიონელებს დღეს აუცილებლად მოსაგები აქვთ.

საკადრო სიტუაცია „რეალს“ ტრადიციულად კატასტროფული აქვს - მატჩს მენდი, რამოსი, ვარანი, კარვახალი და ლუკას ვასკესი ტრავმების გამო გამოტოვებენ, „სევილიას“ კი ასე თუ ისე ყველაფერი მწყობრში აქვს.

საინტერესო ფაქტები:

„რეალმა“ საკუთარ კედლებში ბოლო 24 მატჩიდან 19 მოიგო

„რეალსა“ და „სევილიას“ შორის ბოლო 15 მადრიდში გამართული მატჩიდან 14 მადრიდელებმა მოიგეს.

ტიბო კურტუამ ლა ლიგაში ბოლო 4 მატჩში მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

„სევილიამ“ ბოლო ზედიზედ 3 გასვლითი მატჩის მოგება შეძლო.

სავარაუდო შემადგენლობები:

„რეალი": კურტუა, ვალვერდე, მილიტაო, ნაჩო, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - აზარი, ასენსიო, ბენზემა

„სევილია“: ბონო - ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოსი, აკუნა - ფერნანდო, რაკიტიჩი - ოკამპოსი, სუსო, გომესი - ენ ნესირი.