სენსაცია ტურინში! მილანმა იუვენტუსი გაანადგურა და ოთხეულიდან ამოაგდო [VIDEO]
სერია ა-ს 35-ე ტურში „იუვენტუსი“ შინ „მილანთან“ 0:3 განადგურდა.
ამ მატჩს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ჰქონდა - ორივე ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და წაგებული მატჩის შემდეგ ოთხეულს მიღმა რჩებოდა.
მატჩში ანგარიში ბრაჰიმ დიასმა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გახსნა. 58-ე წუთზე კესიემ თერთმეტმეტრიანი გააცუდა და სხვაობის ორამდე გაზრდის შანსი გაუშვა ხელიდან.
თუმცა, „მილანმა“ თავისი მაინც გაიტანა და 78-ე წუთზე მეორე გოლი შეაგდო, ამჯერად თავის გამოჩენა ანტე რებიჩმა მოახერხა.
გამანადგურებელი ანგარიში კი ინგლისელმა მცველმა, ტომორიმ, 82-ე წუთზე დასვა და სენსაციური შედეგიც დააფიქსირა.
ამრიგად, „მილანმა“ 72 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, „იუვენტუსი“ კი 69 ქულით მე-5 პოზიციაზე დამკვიდრდა.