ავტორიზაცია

უეფამ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალების არბიტრების ვინაობა გაასაჯაროვა

უეფამ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალების არბიტრების ვინაობა გაასაჯაროვა
თარიღი 12 მაი 2021, 22:45

ცნობილი გახდა, თუ რომელი არბიტრები იმსაჯებენ 2020/21 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალურ მატჩებში.

ასე და ამგვარად, ევროპა ლიგის გადამწყვეტი დაპირისპირების მთავარი რეფერი ფრანგი კლემან ტიურპენია. მას თანამემამულეები ნიკოლა დანო და სირილ გრენგორი დაეხმარებიან, მეოთხე არბიტრად კი სლოვენიელი სლავკო ვინჩიჩი მოგვევლინება. VAR-ზე პასუხისმგებელი ფრანგი ფრანსუა ლეტესიე იქნება, რომლის ასისტენტებიც ჟერომ ბრისარი, ბენჟამენ პაჟესი, აგრეთვე ჰოლანდიელი პოლ ვან ბუკელი იქნებიან.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის მთავარი მსაჯი ესპანელი ანტონიო მიგელ მატეო ლაოსია. მას თანამემამულეები პაუ სებრიანი და რობერტო დელ პალომარი დაეხმარებიან, მეოთხე არბიტრად კი კარლოს დელ სერო მოგვევლინება. VAR-ზე პასუხისმგებელი ალეხანდრო ერნანდესი იქნება, რომლის ასისტენტებიც ხუან მარტინესი, ინიგო პრიეტო და პოლონელი პაველ ხილი იქნებიან.

ევროპა ლიგის ფინალი, სადაც ერთმანეთს "ვილიარეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდებიან, 26 მაისს, გდანსკში გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი, "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" შორის, 29 მაისს შედგება. მისი გამართვის ადგილი ხვალ გასაჯაროვდება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის ფინალს სტამბულიდან პორტუში გადაიტანენ. ორივე საევროთასო დაპირისპირება სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.

ცნობილია ქალაქი, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება — უეფა გადაწყვეტილებას ხვალ გაასაჯაროვებს