ატლეტიკომ სასწაული მატჩი მოიგო, რეალმა ბილბაოს სძლია, ბარსელონა საჩემპიონო ბრძოლას ჩამოშორდა [VIDEO]
ესპანეთის ჩემპიონატში ბოლოსწინა, 37-ე ტურის შეხვედრები გაიმართა - "ატლეტიკომ" "ოსასუნას" უმასპინძლა, "რეალი" "ბილბაოს" ესტუმრა, "ბარსელონამ" კი შინაურ კედლებში "სელტა" მიიღო.
დიეგო სიმეონეს შეგირდებმა სასწაული მატჩი შემოატრიალეს - 76-ე წუთზე, იან ობლაკის კარი ანტე ბუდიმირმა აიღო, თუმცა ზუსტად 6 წუთში რენან ლოდიმ წონასწორობა აღადგინა, 88-ე წუთზე კი ლუის სუარესმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
"სამეფო კლუბს" ბასკებთან საკმაოდ გაუჭირდა, მაგრამ შეხვედრა მაინც მოიგო - ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე ნაჩო ფერნანდესმა შეაგდო.
თავის მხრივ, თავისი მატჩი წააგო "ბლაუგრანამ", რომელიც "კამპ ნოუზე" ვიგოელებთან დამარცხდა - "ბარსა" 28-ე წუთზე ლეო მესიმ დააწინაურა, ათ წუთში სანტი მინამ ანგარიში გაათანაბრა, რომელმაც 89-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
ამ მატჩების შემდეგ, ბოლო ტურის წინ, ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ლიდერი "ატლეტიკოა" (83 ქულა), მეორე პოზიციაზე "რეალია" (81 ქულა) და ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს, "ბარსელონა" კი 76 ქულით მე-3 ადგილს იკავებს და ჩემპიონობის შანსები საბოლოოდ დაკარგა.
"ატლეტიკო" 2:1 "ოსასუნა"
"ბილბაო" 0:1 "რეალი"
"ბარსელონა" 1:2 "სელტა"