თითქმის 6-წლიანი პაუზის შემდეგ — ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში ბრუნდება!
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი "რეალის" თავდამსხმელს, კარიმ ბენზემას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ეროვნულ გუნდში გამოიძახებს.
აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა ESPN ავრცელებს.
ასე და ამგვარად, 33 წლის თავდამსხმელს "მამლების" რიგებში 2015 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად ვიხილავთ. ევრო 2020-ის ჯგუფურ ეტაპზე ფრანგები გერმანიას, უნგრეთსა და პორტუგალიას დაუპირისპირდებიან.
როგორც აქამდე გახდა ცნობილი, ბენზემა სასამართლოს წინაშე წარსდგება. გამოძიების თანახმად, 2015 წელს კარიმი შუამავლის როლს ასრულებდა და თანამემამულე მატიე ვალბუენას მოუწოდებდა შანტაჟისტებისთვის ფული გადაეხადა, რომლებსაც ფეხბურთელის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერი ჰქონდათ.
ამ სკანდალის გამო, ორივე ფეხბურთელი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების განაცხადს მიღმა დარჩა. კარიმი ყველა ბრალდებას უარყოფს, რადგან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
აზარი, ლუკაკუ და რა თქმა უნდა, დე ბრუინი - ბელგიამ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა