ავტორიზაცია

დიდი ინტრიგები და დაძაბულობა ტოპ-ჩემპიონატებში - გადამწყვეტი დღე იუვენტუსისთვის

დიდი ინტრიგები და დაძაბულობა ტოპ-ჩემპიონატებში - გადამწყვეტი დღე იუვენტუსისთვის
თარიღი 23 მაი 2021, 10:49

დღეს, 23 მაისს, ყველა ევროპული ტოპ-ჩემპიონატი სრულდება. 

პირველი დაიხურება ინგლისის პრემიერ ლიგა, რომელშიც ინტრიგა მხოლოდ ოთხეულში მოხვედრის კუთხით არის დარჩენილი - ვაკანტური ორი ადგილისთვის ამჟამად სამი გუნდი იბრძვის - „ჩელსი“,„ ლივერპული“ და „ლესტერი“. 

ყველა შეხვედრა ერთდროულად, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. 

„ასტონ ვილა“ – „ცელსი“

„ლივერპული“ – „კრისტალ პალასი“

„ლესტერი“ – „ტოტენჰემი“

ამჟამად, მესამე ადგილს 67 ქულით „ჩელსი“ იკავებს, მეოთხე 66-ით „ლივერპულია“, იმდენივე აქვს მეხუთეადგილოსან „ლესტერსაც“, თუმცა ბურთების უარესი სხვაობის გამო მერსისაიდულ გუნდთან მარცხდება.

ყველაფერი „ჩელსის“ და „ლივერპულის“ ხელშია - ორივე გუნდის მოგების შემთხვევაში, ინგლისში ოთხეული დაკომპლექტდება ისე, როგორც დღეს გამოიყურება, „ლესტერს“ კი რომელიმეს ფეხის დაცდენის იმედი უნდა ჰქონდეს, თუმცა თავად 100%-ით მოსაგები აქვს. 

გარდა ამისა, ინგლისში არაფერია გადაწყვეტილი ევროპა ლიგის და კონფერენც ლიგის საგზურებისთვის ბრძოლაშიც - ამჟამინდელი მონაცემებით, ევროპა ლიგაზე გადიან „ლესტერი“ და „ვესტ ჰემი“, კონფერენც ლიგაზე კი „ტოტენჰემი“.

პრემიერ ლიგიდან სამივე გავარდნილი გუნდის ვინაობა უკვე ცნობილია - „ფულემი“, „ვესტ ბრომი“ და „შეფილდი“.

პრემიერ ლიგაზე არანაკლებად დაძაბულია სიტუაციები სერია ა-სა და ლიგა 1-ში - იტალიაში ჩემპიონი უკვე ცნობილია, თუმცა „იუვენტუსის“ ლიგაზე გასვლა/არ გასვლის საკითხი წყდება, საფრანგეთში კი „პსჟ-მ“ შესაძლოა სენსაციურად ჩემპიონობა დაკარგოს.

ამჟამად, იტალიაში ასეთი მდგომარეობაა: პირველ და მეორე ადგილზე მყოფ „ატალანტას“ ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა უკვე განაღდებული აქვთ, დარჩენილი ორი ადგილისთვის კი, ინგლისის მსგავსად, სამი გუნდი იბრძვის: „მილანი“, „ნაპოლი“ და „იუვენტუსი“.

ამ ტურში, ეს გუნდები შემდეგ მატჩებს გამართავენ:

„ატალანტა“ – „მილანი“

„ნაპოლი“ – „ვერონა“

„ბოლონია“ – „იუვენტუსი“

სერია ა-ს ბოლო 9 წლის ჩემპიონს იმედი უნდა ჰქონდეს, რომ ან „მილანი“ ან „ატალანტა“ ქულებს დაკარგავენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდი სენსაციურად ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ გავა. თავად „ბოლონია“ აუცილებლად დასამარცხებელი ჰყავს.

იტალიაშიც, სამივე გავარდნილი გუნდის ვინაობა ცნობილია: „ბენევენტო“, „კროტონე“ და „პარმა“.

რაც შეეხება საფრანგეთს, ეს ერთადერთი ტოპ-ჩემპიონატია, რომელშიც საჩემპიონო ინტრიგა ჯერ კიდევ ცოცხალია - წინა ტურში „ლილს“ ჩემპიონობის განაღდება „სენტ-ეტიენთან“ მატჩში შეეძლო, თუმცა მატჩი ფრედ, 0:0 დაასრულა და ვარსკვლავურ „პსჟ-ს“ შანსი მისცა.

ბოლო ტურში, რომელიც 23:00 საათზე დაიწყება, „ლილს“ სტუმრად „ანჟერთან“ მოუწევს დაპირისპირება, „პსჟ“ კი „ბრესტს“ ესტუმრება. გამომდინარე იქიდან, რომ პარიზელები ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩებია, ყველაფერი ისევ გალტიეს გუნდის ხელშია - თუ „ლილი“ მოიგებს, „პსჟ-ს“ მატჩს აზრი აღარ ექნება და გუნდი ჩემპიონობას დაკარგავს.

საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონიდან ოფიციალურად გავარდნენ „დიჟონი“ და „ნიმი“, ბოლო ადგილი კი ჯერ ვაკანტურია“ ამჟამინდელი მონაცემებით „ნანტი“ ვარდება, თუმცა გავარდნის შანსი ჯერ ბევრ გუნდს აქვს.