ოფიციალურად: კონტრაქტი გაფორმებულია - ჰანსი ფლიკის მომავალი გადაწყდა
„ბაიერნის“ აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის მომავალი საბოლოოდ გადაწყდა.
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ჰანს-დიტერ ფლიკი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იოაჰიმ ლიოვს ჩაანაცვლებს.
ფლიკი „ბაიერნიდან“ ამ სეზონის შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩთან კონფლიქტის გამო წავიდა და თავიდანვე არ მალავდა, რომ გერმანიის ნაკრებში მუშაობას ისურვებდა.
რაც შეეხება ლიოვს, მისი წასვლა ნაკრებიდან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ - არც ისე ახალი ამბავია.
ფლიკი ამჟამინდელ გერმანიის ნაკრებს საკმაოდ კარგად იცნობს, სპეციალისტი 2006-2019 წლებში მასში ლიოვის თანაშემწედ მუშაობდა და ფეხბურთელების უმეტესობას კარგად იცნობს.
შეგახსენებთ, რომ ჰანსი ფლიკმა „ბაიერნი“ 2019 წლის ბოლოს, ნიკო კოვაჩის გაშვების შემდეგ ჩაიბარა და გუნდს პირველივე სეზონში ყველა ტიტული მოაგებინა. ახლახანს დასრულებულ სეზონში კი მისმა „ბავარიამ“ ბუნდესლიგა ზედიზედ მეცხრედ მოიგო.
ახალი სეზონიდან, „ბაიერნს" 33 წლის იულიან ნაგელსმანი გაუძღვება.